მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს
დღეს, პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.
საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცემა, რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვება.
პარლამენტის არჩეულ წევრებს შორის უხუცესი "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა, თუმცა, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტირების გამო, ამ შემთხვევაში სხდომას დამსწრე უხუცესი ჩაიბარებს, რომელიც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ლადო კახაძეა.
სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებითი სამანდატო კომისიას 17 წევრის შემადგენლობით აირჩევენ.
ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია სხდომას წარუდგენს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ცენტრალური სარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რომელიც დადგენილებით ცნობს დროებითი სამანდატო კომისიის მიერ ერთიანი სიით წარმოდგენილი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას.
პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, რა დროიდანაც უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
ამის შემდეგ პარლამენტის წევრები დადებენ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, რომლის ტექსტსაც წაიკითხავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ ფიცის ტექსტს და ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პირველ სხდომას მიაწვდის ინფორმაციას საპარლამენტო ფრაქციების შექმნის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიების რეგისტრაციის შესახებ. დეპუტატები პირველივე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს აირჩევენ. ამავე სხდომაზე მოხდება კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.
ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან: საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ქალაქ თბილისისი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები.
პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალიწინებით, პარლამენტის შენობაში მყოფი პირებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"