საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 10-11 დეკემბერს, ერთწლიანი წყვეტის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში ადგილზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის დამტკიცება, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სივრცეში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება.

 

მათივე ცნობით, ქართველი მონაწილეები გამოეხმაურნენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვას, რაც ანექსიის ფორმალურად გაფორმებისაკენ მიმართულ დესტრუქციულ ნაბიჯად შეფასდა.

 

„საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის მორიგ აგრესიულ მცდელობას, დააკანონოს ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების პრაქტიკა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

 

ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, რაც ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად შეფასდა. აღინიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისევე, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მათივე ცნობით, საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პარალელურად რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებას, მათ შორის, კიბერთავდასხმებსა და დეზინფორმაციის აქტიურ კამპანიას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიის წინააღმდეგ.

 

„საქართველოს დელეგაციამ დასვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების საკითხი და მოითხოვა ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტავისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი, საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

 

თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ სოციალურ ყოფას. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამედიცინო ევაკუაციის ეთნიკურ ნიადაგზე შეზღუდვის ფაქტებზე, რამაც ადგილობრივთა გარდაცვალების არაერთი ფატალური შემთხვევა გამოიწვია.

 

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, გალისა და ახალგორის რაიონების, ასევე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ხაზგასმით აღინიშნა მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკული საჭიროება. ამ თვალსაზრისით აღინიშნა ასევე ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შევიწროებისა და დისკრიმინაციის შეწყვეტის აუცილებლობა“, - აცხადებენ უწყებაში.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირების გააქტიურებულ მცდელობებზე და საშიშ ტენდენციად შეაფასა ადგილობრივი მოსახლეობის მიზანმიმართული რუსიფიკაციის პროცესი. ამ კონტექსტში კვლავ აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფის აუცილებლობა.

 

„ამ ფონზე ხაზი გაესვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის საჭიროებას. კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავად განხორციელების აუცილებლობას, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

შექმნილ ვითარებაში ხაზი გაესვა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ისევე, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დესტრუქციული ნაბიჯი პირდაპირ აისახება ადგილზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა გალის IPRM-ის წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობაზე“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.

 

„ვრცელი დისკუსია შედგა დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო სამხედრო ყოფნითა და რეგულარული სამხედრო წვრთნებით მოსკოვი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, რაც კრიტიკულად აუცილებელს ხდის რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებასა და შესრულებას. საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნითა შესაძლებელი, რაც მდგრად საფუძველს შექმნის ადგილზე გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში, ქართველმა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დაცვით.

 

ტრადიციულად, დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება წარმოადგენდა. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა დევნილთა დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის აუცილებლობა. თუმცა რუსეთისა ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს აღნიშნული ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირება და მოლაპარაკებები დატოვეს.

 

ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, რუდოლფ მიხალკას სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში.

 

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 538 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.