“თუ ასე გაგრძელდა, გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი და ამით დასრულდება ყველაფერი”
“როგორც კი პანდემიის შიში ოდნავ გაფერმკრთალდა, ისევ დაიწყო არნახული სისასტიკით დაპირისპირება, საბოლოოდ წელი დავასრულეთ ისეთი დაპირისპირებით, რომ ხალხი ერთმანეთს არ ელაპარაკება.
ამაზე დამთრგუნავი რა უნდა იყოს, როდესაც ერთი ქართველი მეორე ქართველთან ლაპარაკს ამერიკელი და გერმანელი შუამავლების დახმარებით თუ ახერხებს... ჩვენ გვირჩევნია ერთმანეთი გვძულდეს, ვიდრე ერთმანეთს იოტისოდენა რამ დავუთმოთ. ოფიციალური პირები მაინც ცდილობენ, ლექსიკა მეტ-ნაკლებად გააკონტროლონ - მთლად ლანძღვა-გინებაზე არ გადადიან, თუმცა ყველაფერი მაინც სიძულვილით არის გაჟღენთილი. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება” - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვირუსიდან კრიზისამდე ანუ როგორი იქნება 2021 წელი?! / “თუ ასე გაგრძელდა, გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი და ამით დასრულდება ყველაფერი. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ არჩევანი გვაქვს არა ორ კარგ, არამედ ცუდსა და უარეს ვარიანტებს შორის. ასეთ დღეში ჩაგვყარეს პოლიტიკოსებმა ყველამ ერთად - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც.
“ეს უბედურება მოდის რამდენიმე გარემოებიდან. პირველი არის ის, რომ უმრავლესობას ჩვენში პირველკაცობა უნდა. გასულ წელს არჩევნებში 60 პარტია იღებდა მონაწილეობას. ეს ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!.. აშშ-ში ორი პარტიაა, სამი თუ ოთხი - გერმანიაში და რა გახდა ეს პატარა საქართველო, რომ ამდენი პარტია გვაქვს?! წესით, პოლიტიკაში ხალხი იბრძვის იდეებისთვის, პარტიებს შორის არის იდეოლოგიური განსხვავება, აქ კი პარტიები იქმნება მხოლოდ ლიდერების გარშემო, მხოლოდ პირველკაცობის სურვილით. ამის ყველაზე კარგი მაგალითია მეორე “გირჩის” შექმნა. ამაზე ტრაგიკომიკური სიტუაცია არ არსებობს! ნორმალურ ქვეყნებში თუ პარტიიდან მიდის ვინმე, როგორც წესი, პოლიტიკიდანაც მიდის, იწყებს სხვა საქმიანობას ან ძირითად პროფესიას უბრუნდება, აქ კი ხალხი პარტიიდან პარტიაში დამოგზაურობს, ისე, რომ არანაირი იდეა არ აქვთ. თუ მოუსმენთ, ნახავთ, რომ გარდა ძალიან ზედაპირული დისკურსისა, სიღრმე არც ერთს არ აქვს, არც ერთი არ ეხება მსოფლმხედველობრივ ფასეულობებს, არც ერთი არ ლაპარაკობს იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ერი იმ უზარმაზარი გამოწვევის ფონზე, რასაც ჰქვია გლობალიზაცია, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა და ა.შ.” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში და როცა მოდიან, მერე მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, ეს რაც შეიძლება დიდხანს როგორ შეინარჩუნონ... მეტი არაფერი აინტერესებთ. ჩვენი პოლიტიკოსების საჯარო გამოსვლები დაკავშირებულია მხოლოდ მეტოქის ლანძღვა-გინებასთან. იმას კი არ ამბობენ, რომ თვითონ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, რადგან კარგი იდეები და შესაძლებლობები აქვთ ქვეყნის წინ წასაყვანად, იმას გაიძახიან, რომ სხვა ცუდია, თვითონ კი კარგები არიან... ისინი შავ-თეთრ ინფანტილურ სამყაროს ქმნიან, არადა, შავ-თეთრი არის ზღაპრების მითოლოგია, რომელსაც ბავშვებს უყვებიან. ამიტომ ასეთი პოლიტიკა არის ინფანტილური პოლიტიკა. გარდა ამისა, ჩვენს პოლიტიკოსებს ახასიათებთ გაუმართლებელი სიჯიუტე, დათმობის უნარის არქონა. ისინი მცირე დათმობას და უკან დახევას, როგორც მარცხს, ისე აღიქვამენ. არ შეუძლიათ, შეცდომა აღიარონ და ბოდიში მოიხადონ. თან ამ ბრძოლაში ყველაფერი მისაღებია - ტყუილიც, გაყალბებაც, ქვის სროლაც... თურმე აშშ-ის ელჩი არის რუსეთის აგენტი, რადგან ის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს. თურმე ყოფილან აშშ-ის კარგი და ცუდი ელჩები... იმას არ ფიქრობენ, რომ ელჩი აშშ-ის ინტერესებს გამოხატავს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ვერ ააგორეს მეორე “ვარდების რევოლუცია”, რადგან 2003 წელს სულ სხვა ვითარება იყო, მათ შორის - გეოპოლიტიკურიც. ახლა არავინ დაუჭერს მხარს აქ არეულობას. ოპოზიციის ეს რევოლუციური გათვლები იყო აბსოლუტურად არასწორი და რეალობას მოწყვეტილი. თუ ასე გაგრძელდა, გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი და ამით დასრულდება ყველაფერი. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ არჩევანი გვაქვს არა ორ კარგ, არამედ ცუდსა და უარეს ვარიანტებს შორის. ასეთ დღეში ჩაგვყარეს პოლიტიკოსებმა ყველამ ერთად - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც... ვფიქრობ, ოპოზიციიდან ვიღაც-ვიღაცები, ალბათ, შევლენ პარლამენტში. ფართო შეთანხმების იმედი არ მაქვს. “ქართული ოცნება” ვადამდელ არჩევნებს რომ არ ჩაატარებს, აშკარაა. ვერავინ დაარწმუნა ოპოზიციამ, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა, თუმცა ოპოზიციის უმრავლესობა ვადამდელი არჩევნების გარდა სხვა სცენარს არ განიხილავს. ნახეთ, რა ხდება? როდესაც ყველა ერთად გაიძახოდა, გაყალბებულია არჩევნებიო, ერთმანეთი ძალიან მოსწონდათ, მაგრამ აგერ, ალეკო ელისაშვილმა თქვა, “სამართლიანი არჩევნების” მიერ პარალელური დათვლისას დაშვებული შეცდომა სიტუაციას ცვლისო და ოპოზიციის ნაწილისთვის ის უცებ გახდა ივანიშვილის ფინია”, - ამბობს ექსპერტი.
“რა სიტყვებით არ მოიხსენიებენ მას ძველი თანამებრძოლები! ისევ ის დაწყევლილი მიდგომა მუშაობს - “ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია...” რა გამოდის? ეს დასავლურად მოაზროვნე “ევროპული საქართველოც” კი ნეობოლშევიკური მენტალიტეტის ყოფილა, სხვებზე აღარაფერს ვამბობ!.. როგორც ჩანს, პოლიტიკოსების ეს თაობა უნდა დაბერდეს და წავიდეს პოლიტიკური არენიდან, რამე რომ გვეშველოს. დრო უნდა გავიდეს, ეტყობა, რომ დედის რძესთან ერთად მივიღოთ თავისუფლების გაკვეთილები, სხვანაირად არ გამოდის... ვფიქრობ, ოპოზიციის გათვლები არასწორია. მათ რევოლუციის იმედი არჩევნების მერეც ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. იმის მთავარი მიზეზი, რომ სოციალური მღელვარება მასშტაბური არ იქნება, მგონია ის, რომ ძალიან ღატაკი ქვეყანა კი გვაქვს, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ შიმშილობს. მაგალითად, სოფელში ხალხს ფული არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, იმდენის მოყვანას ახერხებენ, რომ წლიდან წლამდე თავი გაიტანონ. ჩვენი მოსახლეობის 58% დაკავშირებულია სოფელთან და ვხედავთ, რომ ბოლო წლებში სოფლის მეურნეობამ მკვეთრად წაიწია წინ. უნდა ვაღიაროთ, ამ მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა სოფლისთვის. მოკლედ, ეს ხალხი ქუჩაში ნამდვილად არ გავა”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.
“გაცილებით სახიფათო არიან ის დეკლასირებული ელემენტები, რომლებიც სოფლიდან წამოვიდნენ, მაგრამ ბოლომდე ქალაქშიც ვერ ჩამოვიდნენ, ერთი სიტყვით, თავიანთი ადგილი ვერსად იპოვეს. ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი სწორედ მათ შორისაა. უმუშევართა რაოდენობა ბოლო წლებში 13-14% იყო. სავარაუდოდ, 17%-მდე ან ცოტა მეტადაც გაიზრდება, მაგრამ ასეთი ვითარება გვქონდა 2008-2009 წლებშიც, უფრო მძიმეც და გადავლახეთ. საპროტესტო აქციები, ალბათ, იქნება, მაგრამ იქ ისეთი კრიტიკული მასა ვერ შეგროვდება, რომელიც რევოლუციას სჭირდება. ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკოსები მთლიანად მოწყვეტილები არიან რეალობას. ისინი საკუთარ წვენში იხარშებიან და ხედავენ მხოლოდ თავიანთ თანამოაზრეებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ, ზოგადად, საზოგადოება რას ფიქრობს. შესაბამისად, მათი მოლოდინი მცდარია. ვფიქრობ, თუ ოპოზიცია ქუჩაში დარჩა, მუდმივად იქნება რყევებისა და არეულობის მცდელობა, მაგრამ იმედი მაქვს, ეს არ იქნება ძალადობრივი... ძალიან ცუდი იქნება, თუ ერთპარტიული პარლამენტი შეგვრჩა, მაგრამ ვნახოთ... უკეთესის იმედი დავიტოვოთ”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მას მერე, რაც გრიგოლ ვაშაძემ დატოვა “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელის პოსტი, პარტიამ ამ თანამდებობაზე ნიკა მელია აირჩია...” - პასუხობს:
“ნაციონალურ მოძრაობაში” არის ძალიან გამჭრიახი და მოაზროვნე ხალხი - მორალზე არ ვლაპარაკობ - მაგრამ აირჩიეს სააკაშვილის მქრქალი პორტრეტი, რევოლუციური მუხტის პატრონი, თუმცა ნაკლებად ჭკვიანი და ნიჭიერი. მიხეილ სააკაშვილს აქვს პოლიტიკური მანევრირების საოცარი უნარი და ძალიან კარგი პოლიტიკური ალღო, რასაც მელია სრულიად მოკლებულია. მას შეუძლია მხოლოდ იძახოს, წინ, ბარიკადებზეო! ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ლიდერი მხოლოდ უკან დასწევდა პარტიას. არ მგონია, რამე არსებითად შეიცვალოს “ნაციონალურ მოძრაობაში”. მელიას არჩევა ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ გამოსწორდება - იქნება კვლავაც უკიდურესად რადიკალური და რევოლუციურ სცენარზე აწყობილი, რაც საბოლოოდ მას დაასამარებს. ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძის წასვლა და პარტიასთან დაკავშირებით მისი მოსაზრებები სწორი იყო”.
“იქნებ პანდემიას მოვერიოთ და ცოტა ამოქმედდეს ეკონომიკა. ეს უფრო აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას, ვიდრე პოლიტიკური თამაშები. ადამიანებს უნდათ მშვიდ და ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. ჩემი სურვილია, ჩვენს ცხოვრებაში ნაკლები პოლიტიკა, მეტი სიხარული და ერთმანეთის გვერდში ამოდგომა იყოს. მინდა, 2021 წელს დაიწყოს ეკონომიკური აღორძინება... მჯერა, რომ საქართველო არის თანამედროვე რელსებზე შემდგარი, მობილური ქვეყანა და თუკი ოდნავ მაინც ეს გარე პანდემიური მუხრუჭები მოგვშორდება, ის შეძლებს განვითარებას. ჩემი აზრით, მსოფლიოს ამ რეცესიიდან გამოსასვლელად სულ ცოტა, სამი წელიწადი დასჭირდება, ჩვენს კი ამ ვითარებას შეგვიძლია წელიწადნახევარში დავაღწიოთ თავი, ოღონდ ამას სჭირდება ძალიან კარგი მენეჯმენტი. ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდეს ჩვენი მთავრობა, რომ არ შეიძლება მხოლოდ ტურიზმზე ფსონის დადება. საყოფაცხოვრებო პროდუქციის 80% შინ უნდა იწარმოებოდეს. ამის გაკეთება რომ შეგვიძლია, ეს პირბადეების წარმოებამაც გვაჩვენა. მოკლედ, გვჭირდება კარგი მართვა და გაბედული ნაბიჯებით სიარული...” - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"