როგორ ცვლის ოპოზიციის გეგმებს ივანიშვილის წასვლა და რა გადაწყდება კვირის ბოლოს საგანგებო შეხვედრაზე

“მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა ქვეყანაში მიმდინარე პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან პროცესზე ახდენს გავლენას.

მათ შორის ეს “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის მოლაპარაკებაზეც აისახება და შესაძლოა ოპოზიციის გეგმებიც შეცვალოს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ერთის მხრივ, ჩიხში მოქცეულ ოპოზიციას ამით პარლამენტში შესვლის კარგი საბაბი ეძლევა, თუმცა, მეორეს მხრივ, ივანიშვილის წასვლამ შესაძლოა პირიქით, პარლამენტის ბოიკოტირების იდეა გააძლიეროს, რადგან ოპოზიციამ შეიძლება იმაზე გააკეთოს გათვლა, რომ ივანიშვილის წასვლა მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს, რაც ახალ პოლიტიკურ კრიზის შექმნის და ვადამდელი არჩევნები უკვე გარდაუვალი გახდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ ცვლის ოპოზიციის გეგმებს ივანიშვილის წასვლა და რა გადაწყდება კვირის ბოლოს საგანგებო შეხვედრაზე.

 

“თავად ოპოზიციის წარმომადგენლები კი “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ მათ გეგმებს ვერც “ოცნების” მხრიდან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შეთავაზება და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარების დაანონსება შეცვლის და ვერც ივანიშვილის გადაწყვეტილება, რადგანაც ივაშვილი, მათი შეფასებით, არსად არ მიდის. ამასთან, ირკვევა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ამ კვირის ბოლოს ოპოზიციის მორიგი შეკრებაა დაგეგმილი, სადაც ერთობლივი მოქმედების სტრატეგიაზე იმსჯელებენ და ბევრი რამ სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა. ამასობაში კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას რაიმე კომპრომისის მიღწევამდე სულ უფრო მცირე დრო რჩებათ, რადგანაც უკვე თებერვლის პირველ დღეებში პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის განცხადებების განხილვასა და დაკმაყოფილებას დაიწყებს”, - აღნიშავს გამოცემა.

 

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი წევრი სერგი ჩიხლაძე ამბობს, რომ კვირის ბოლოს ოპოზიციის დაგეგმილ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, სამოქმედო გეგმას დასახავენ და გარკვეულ საკითხებზეც შეჯერდებიან. თუმცა რაზე იქნება კონკრეტულად საუბარი, ჩიხლაძე გამხელისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ის მოთხოვნები, რაც უკვე გახმოვანებულია და საზოგადოებამაც იცის, არ შეიცვლება. ასევე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მათ გეგმებს არაფრით არ შეცვლის, რადგანაც ესაა ფორმალური წასვლა და რეალურად ყველაფერს მაინც ის განკარგავს. ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია და ივანიშვილის წასვლამ შესაძლოა ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქაროს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“რაც შეეხება კობახიძის შემოთავაზებას, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ოპოზიცია ამის გამო პარლამენტში შევიდეს, ეს ახალი არაა და ამაზე საუბარი ერთი თვის წინაც იყო. ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა განვაცხადეთ, რომ ეს არაა ადეკვატური შემოთავაზება და ამაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. შესაბამისად, არ მგონია, რომ პარტიების შეხვედრის შემდეგ ამ მიმართულებით რამე შეიცვალოს. ეს არის უკვე გავლილი თემა, ამიტომაც იგივე სპირალში არ შევდივართ. ეს არ არის ვადამდელი არჩევნების საპირწონე შემოთავაზება. მით უმეტეს ოპოზიციურმა პარტიებმა ნოემბერში ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ. ერთი და ორი პარტიის წარმომადგენლის პარამენტში შესვლას აზრი არ ექნება, რადგანაც ვერანაირ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ შექმნიან. ამიტომ ამ შესაძლებლობასაც გამოვრიცხავს და რომც იყოს შემოთავაზება, თუნდაც თვითმართველობის არჩევნებზე საარჩევნო რეფორმის ცვლილება და ასე შემდეგ, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ შექმნიან. ივანიშვილის წასვლა კი სურათს არანაირად არ ცვლის, რადგანაც ესაა ფორმალურდ წასვლა და გადაწყვეტილების მიღების ყველა ბერკეტი ხელში მაინც მას რჩება. ამიტომაც ჩვენი გეგმები ამით არ შეიცვლება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგო ჩიხლაძე.

 

“რაც შეეხება ჩვენს კითხვას, როგორ აპირებს ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თუ კი რიგგარეშე არჩევნებს ხელისუფლება არ დანიშნავს, ჩიხლაძე პასუხობს, რომ მანამდე 10 თვეა დარჩენილი, ამიტომაც შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს. ამასთანავეე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები ისე შეიძლება განვითარდეს, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად დაინიშნება და უნდა თუ არა ეს ხელისუფლებას, ამას მაინც იზამს. “გირჩი” და “მოქალაქეებიც” ამბობენ, რომ თუ კი “ნაციონალები” არ შევლენ და არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რასაც 113 დეპუტატი სჭირდება, პარლამენტში შესვლას ისინიც არ აპირებენ. ამიტომ ოპოზიციის გეგმებში დიდი ცვლილებები არ იქნება”, - დასძენს გამოცემა.

 

“კობახიძისა და თალაკვაძის განცხადებები არის ჩვეულებრივი პროპაგანდა, რომელიც დასავლეთისთვის და საკუთარი ამომრჩევლისთვის სჭირდებათ. სხვაგვარად აქ რეალური შემოთავაზებები არაფერია. უბრალოდ, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია და გვჯერა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იმდენად გამწვავდება, რომ ხელისუფლებას სხვა გზა აღარ ექნება. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, იქამდე 10 თვეა დარჩენილი და ვნახოთ, შესაძლოა მოვლენები სრულიად რადიკალურადაც შეიცვალოს“, - ამბობს ჩიხლაძე. “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ აქვს, თუ ის არის შედგენილი წესიერად და მას რამე შინაარსი ექნება. მისი თქმით, მაშინ როდესაც, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის პარლამენტში და “ქართული ოცნება” თავისივე ქმედებას იძიებს საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, ეს საგამოძიებო კომისიის იდეას ანგრევს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ხვიჩია ამბობს, რომ ჯერ ნდობაა მოსაპოვებელი, პარლამენტში ოპოზიციაა შესაყვანი და მერე შეიძლება იქ “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ ერთობლივად კომისიაც შექმნას და სხვაგვარადაც იმსჯელოს არჩევნებზე. მისივე თქმით, რეალურად ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და შესაბამისად, გაუგებარია მისმა გადაწყვეტილებამ რა გავლენა უნდა მოახდინოს ოპოზიციის გეგმებზე. ხვიჩია ამბობს, რომ ესაა გარკვეული თამაში, რომელსაც, როგორც ჩანს, რაღაც მიზანი აქვს. თუმცა სამოქმედო გეგმა და ტაქტიკა ოპოზიციამაც უნდა დასახოს და საბოლოოდ გაირკვეს რას აპირებენ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

 

“არჩევნების მერე პარტიის თავმჯდომარეები და ლიდერები მიდიან - როგორც ჩანს, ასეთ ტრადიცია დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. თუმცა, ახლა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წასვლას რაღაც თვალსაზრისით დიდი ხანია ელოდა ქართული საზოგადოება, ძირითადად “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არსებობდა სადღაც კულუარებში. უბრალოდ, როგორც მაშინ, ისე ახლაც არავინ არ იცის, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის წასვლა. ჩვენ გვინახავს წასული ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ არ გვიგრძვნია, რომ შორს იყო. ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ყოველთვის ვიცოდით, რომ სადღაც ახლომახლოს იყო და ის იღებდა ქვეყნისთვის მთავარ გადაწყვეტილებებს რეალურად. ახლაც ასე იქნება და ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ პარლამენტში შესასვლელად ეს არ იქნება სწორი არგუმენტი. რაღაც სხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიაა დასაგეგმი, რომელსაც უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს. “ქართული ოცნების” სიმხნევიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ეს წასვლაც არ არის ნამდვილი თავისი შინაარსით. “ბიძინა ივანიშვილი არსად არ მიდის - მე ამას ასე ვუყურებ. სხვა შემთხვევაში ძალიან გაუგებარია, თუ ვისზე ნაწილდება ის უფლებამოსილებები, რომელიც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს. ამიტომაც უბრალოდ მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს და რეალურად რაღაცაზე შეთანხმება უნდა მოხდეს, თუნდაც იმაზე თვითმართველობის არჩევნებს როგორ და რა ფორმით ვატარებთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იაგო ხვიჩია.

 

“ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ახლა ოპოზიციას ექნება მოლოდინი, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირება გაღრმავდება, რაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას დააჩქარებს. ეს კი, მისი აზრით, საკამოდ მცდარი სტრატეგიაა, რადგანაც “ოცნება” ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ დასავლეთიდან ზეწოლის შედეგად, ან მასობრივი აქციების ფონზე მიიღებს. თუმცა, არც ერთი იქნება და არც მეორე. ამიტომაც ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ისევ პარლამენტში შესვლაა, რასაც თუნდაც ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლითაც გაამართლებენ. მისივე თქმით, ოპოზიციას იშვიათად ექნება შანის, რომ რაღაცა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოს და ის თამასა, რომელიც ძალიან მაღლა აიწია, რაღაცით გაამართლოს. ამიტომაც ახლა აქვს შანსი, რომ ივანიშვილის წასვლა სამოქმედო ტაქტიკის შესაცვლელად გამოიყენოს და ჩიხში მოქცეულმა თავი გამოიხსნას. სხვაგვარად ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია ქუჩაში ყოფნით ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ვერ აიძულებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

 

“ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩათვლის, რომ ივანიშვილის წასვლით “ოცნება” დასუსტდა და ამიტომ ბოიკოტის რეჟიმს გაამართლებენ. ისინი გადაწყვეტენ, რომ ეს ბოიკოტი გააგრძელონ და “ოცნების” შიგნით შესაძლო დაპირისპირების დაწყებას დაელოდებიან. პრინციპში, ოპოზიციას დღეს ეძლევა შანსი, რომ ივანიშვილის წასვლა გამოიყენოს, თავისი პოზიცია შეცვალოს და პარლამენტში შევიდეს და ამის საბაბად პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის გამოყენებაა შესაძლებელი. თუმცა, რასაც ვუსმენ და ვუყურებ, ოპოზიცია პირიქით ფიქრობს. აქ მნიშვნელოვანია დასავლეთის პოზიცია, რომელიც ამ არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევს. ამიტომაც ივანიშვილი იქნება თუ არ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს?! ახლა ახალი თემა შემოვიდა ოპოზიციაში, რომ თითქოს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ბაიდენი ჩვენი ხელისუფლების მიმართ უფრო მკაცრი იქნება. ასე არ იქნება, რადგანაც ბაიდენის ადმინისტრაცია ბოიკოტის რეჟიმს მხარს არ დაუჭერს. იმას კი, რაც ამერიკაში მოხდა, პირიქით, “ოცნება” ოპოზიციის საწინააღმდეგოდ უფრო გამოიყენებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 498 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.