“ვფიქრობ, ოცნება მოახერხებს და პარლამენტში 100-კაციან კვოტას შეავსებს...”

“ყალბი და არაბუნებრივი პროცესის მომსწრენი ვართ - ორივე მხარე თამაშობს ვითომ კონსტრუქციულობას, ამასთანავე, მათგან იმ ტიპის წითელი ხაზების დეკლარირება ხდება, რაც ამას სრულიად გამორიცხავს.

მაგალითად, კობახიძეს შეუძლია ერთ წინადადებაში მოლაპარაკების გაგრძელების აუცილებლობაც ახსენოს და ამასთან, შეურაცხყოს კიდეც ის, ვისთანაც ვითომ მოლაპარაკებას აპირებს, თუმცა ამ ხელისუფლების ამპარტავნობისა და იმის გამო, რომ ოპოზიციას ერთადერთი აქტივი აქვს ხელში - ერთიანობა, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოპოზიციური ერთობის შენარჩუნება ჯერჯერობით ხერხდება. აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვფიქრობ, ოცნება მოახერხებს და პარლამენტში 100-კაციან კვოტას შეავსებს...” / “ყოველთვის ვამბობ, რომ ჯობს კრიზისი პარლამენტში განვითარდეს, ვიდრე მივიღოთ დაპირისპირება ქუჩასა და სტერილურ ხელისუფლებას შორის, თუმცა ოპოზიციაში ასე არ ფიქრობენ”.

 

“ვფიქრობ, “ქართული ოცნება” მოახერხებს და პარლამენტში 100-კაციან კვოტას შეავსებს. აშკარაა, რომ “გირჩის” ერთი ნაწილი პარლამენტში შესვლას გეგმავს. ამის შემდეგ შეიძლება ხელისუფლებამ მიიჩნიოს, რომ პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და დაკმაყოფილდეს. ეს სცენარი მიმაჩნია ყველაზე რეალისტურად. სამწუხაროდ, საშუალოვადიან პერიოდში, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ამ ყველაფერმა ქვეყანა შეიძლება მაღალი რისკის ზონაში შეიყვანოს. ეს 100-კაციანი კვოტაც ძალიან დაბალი ლეგიტიმაციის იქნება. საქმე ის არის, რომ ეს რაოდენობა ოპოზიციის ამომრჩევლის ნებას არ ითვალისწინებს. მაგალითად, ვიღაცამ აირჩია “პატრიოტთა ალიანსი” და პარლამენტში მიიღო რაღაც გაუგებარი პოსტ ფაქტუმ შექმნილი პარტია, “გირჩის” ლეგიტიმაციაც, თუ მისი წევრები შევლენ პარლამენტში, საეჭვო იქნება. ერთადერთი ძალა, რომელიც შევიდა თავისი ხმებით, ელისაშვილის “მოქალაქეებია”... მხოლოდ ელისაშვილით ოპოზიციური ფასადის შექმნა ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას, რამაც შეიძლება გააჩინოს სისტემური გადაწყვეტილებების მიღების სასიცოცხლო აუცილებლობა, რასაც პარლამენტის იმგვარი კვორუმი დასჭირდება, რომელიც ოპოზიციის პარლამენტში შესვლის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში პროცესი შეიძლება ჩიხში შევიდეს. ასეთი რთული სახელმწიფოებრივი მდგომარეობა გვაქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“მეტ-ნაკლებად მაქვს ურთიერთობა ამ ადამიანებთან და ვადასტურებ, რომ არაერთი მართლაც ფიქრობს პარლამენტში შესვლაზე. ვისურვებდი, რომ ასეც მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანობა ოპოზიციის სერიოზული აქტივია, ჩვენ მაინც საქმე გვაქვს დამოუკიდებელ პარტიებთან, რომლებსაც თავიანთი მიზნები აქვთ. მათ აქვთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ისევ როგორც რიგით დეპუტატებს. ვიმეორებ, მე ამას მივესალმები, თუმცა ამ პარტიებსაც სჭირდებათ რეალისტური პირობები და არა ის ფარატინა მემორანდუმი, რაც საბაბი უფრო გახდა ელისაშვილის შესვლისთვის, ვიდრე მიზეზი. ოპოზიციაც სახელისუფლებო ინსტიტუტია. მისი ფუნქცია გამოიხატება მმართველი ძალის გაკონტროლებასა და მის დაბალანსებაში. ის უნდა აზღვევდეს ხელისუფლებას კორუფციისგან, ძალაუფლების უზურპაციისგან, აკონტროლებდეს ძალოვან სისტემას, მართლმსაჯულებას და ა.შ., “ქართულმა ოცნებამ” კი ისე წარმოაჩინა, რომ ოპოზიცია მას მხოლოდ ფასადისთვის სჭირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“რა შეიძლებოდა გამხადრიყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების საფუძველი, თავი რომ დავანებოთ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას - შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ჩემი აზრით, ვადამდელი არჩევნები მაინც გახდება საჭირო, იმიტომ, რომ კრიზისი არ არის გადალახული, თან ხელისუფლებას დაბალი ლეგიტიმაცია აქვს. შესაბამისად, ადვილი შესაძლებელია პარლამენტში ისე განვითარდეს პროცესები, რომ მისი პარალიზება მოხდეს. დავუბრუნდეთ ფართო შეთანხმების საკითხებს. ეს შეიძლება ყოფილიყო ოპოზიციის ინსტიტუციური როლის ერთგვარი ფიქსაცია არა მარტო საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, არამედ სხვადასხვა მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზების გაჩენით. მაგალითად, კარგი იქნებოდა კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოსთვის ხელშემწყობ მექანიზმებზე შეთანხმება, რის შედეგადაც წინასაარჩევნოდ რიგები კი არ დადგება სახელისუფლებო სალაროსთან, არამედ რესურსები გადანაწილდებოდა”, - განმარტავს ექსპერტი.

 

“ამის გამოცდილება არსებობს მსოფლიოში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ძალაუფლების უზურპაციისგან დაცვის მექანიზმების შექმნა. ამის მაკონტროლებელი ინსტიტუტები ქვეყანაში არსებობს. სწორედ ამ ინსტიტუტების გაკონტროლება უნდა იყოს ოპოზიციის ხელში. მაგალითად, ხშირად ვლაპარაკობთ კორუფციასა და არასწორ სახელმწიფო ხარჯებზე. ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკური იქნება, თუ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი. ამაზე კიდევ უკეთესი იქნებოდა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომლის ხელმძღვანელიც ოპოზიციონერი იქნებოდა. ქვეყანას ასე დავაზღვევდით პოლიტიკური კორუფციისგან. ასევე ხშირად ლაპარაკობენ მოსმენებსა და პირადი ინფორმაციის დაცვის პრობლემებზე. აქედან გამომდინარე, რატომ არ შეიძლება პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს? მიმაჩნია, რომ საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის საბჭოებში უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენლობა. მოკლედ, ოპოზიციას კონტროლის რეალური მექანიზმები უნდა მივცეთ, რათა ქვეყანა რისკებისგან დავაზღვიოთ. ჩემი აზრით, ასეთი ფართო შეთანხმებისკენ სვლა შედეგს აუცილებლად მოიტანდა”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

 

“წულუკიანი, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი სახეა, რაც გამოიხატება ამპარტავნებაში, შეუვალობასა და არცთუ სახელმწიფოებრივ აზროვნებაში. ჰგონიათ, რასაც აკეთებენ, ის არის კანონი და ჭეშმარიტება. შესაბამისად, წულუკიანი მართლაც ფიქრობს, რომ ჰქონდა უფლება კონკრეტული პირის (არა აქვს მნიშვნელობა, ვისი) უფლება დაერღვია და რაც მთავარია, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეექმნა საფრთხე. ეს ხომ დაგეშილი მოქალაქეების წახალისება იყო აგრესიული თავდასხმებისკენ? წულუკიანის ამპარტავნება გამოჩნდა იმაშიც, რომ ჯერ ელჩი დაიბარა, შემდეგ ამტკიცა, ეს მისი პირადი განცხადება იყოო. ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ საოცარი გუნდი დატოვა ხელისუფლებაში. მინდა მივულოცო, შეუძლია იამაყოს, რომ დატოვა წულუკიანი, რომლის წყალობითაც სეირები არ მოაკლდება”, - მიიჩნევს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - მოგეხსენებათ, დღეიდან შემსუბუქდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები...” - პასუხობს:

 

“არ ვეთანხმები, რომ ყველაფერი უნდა გავხსნათ. ხომ ვხედავთ, სამყაროში რა ხდება, ძალიან მძიმე პროცესი მიდის. მიუხედავად იმისა, რომ რიგ ქვეყნებში ვაქცინაცია მასშტაბურად მიმდინარეობს, პრობლემა მაინც ბევრი აქვთ, ამის მაგალითად ბრიტანეთი გამოდგება. აქედან გამომდინარე, დამშვიდების უფლება ნამდვილად არა გვაქვს. მეორე მხრივ, შიმშილის შიშის პრობლემაც გვაქვს. ურთულესი ამოცანა დგას ხელისუფლების წინაშე. ეს არ არის ის თემა, რის გამოც მას გავაკრიტიკებ. ურთულესია სწორი ბალანსის პოვნა შიმშილისა და სიკვდილის შიშს შორის. დღეს როგორც ხელისუფლება იქცევა, რა დინამიკითაც კეტავს თუ ხსნის ქვეყანას, ვფიქრობ, მისაღებია. ერთადერთი პრეტენზია მაქვს _ სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს ისეთი ფინანსური რეზერვი, რითაც ამ ჩაკეტვისგან წარმოშობილ პრობლემებს გავუმკლავდებოდით ისე, როგორც სხვა ქვეყნები ახერხებენ. მაგალითად, თუ რესტორნებს კეტავენ, მათ ისეთ კომპენსაციას აძლევენ, რომ ეს ბიზნესი არ მოკვდეს. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს ვერ ხერხდება”.

წაკითხვა 626 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.