ნატო-რუსეთის ღია შეჯახების რისკი იზრდება და ეს უკრაინაში არ მოხდება - რომელი ქვეყანაა მთავარი სამიზნე?
“მზარდი საფრთხის ჩრდილში: სუვალკის დერეფანში პანიკა მატულობს, მოსახლეობის ნაწილი რეგიონის დატოვებას იწყებს - რუსული სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა რეალურ საფრთხედ რჩება, დასავლელი ანალიტიკოსები კი სრულმასშტაბიანი ომის სცენარებზე საუბრობენ.
ამის შესახებ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოცემები წერენ. პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარე ეს ვიწრო ზოლი - დაახლოებით 65 კმ - რომელიც ბელარუსსა და კალინინგრადს ჰყოფს, ერთ-ერთ დაუცველ წერტილად მიიჩნევა. სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ორი მხრიდან შეუძლიათ დარტყმის განხორციელება. რუსული არტილერია მთელ დერეფანს ფარავს. მისი დახმარებით შესაძლებელი იქნება ბალტიის ქვეყნების ევროპის დანარჩენი ნაწილისგან მოწყვეტა, წერენ ევროპული გამოცემები. “ჩვენ არ გვინდა, რომ დარტყმის ქვეშ პირველები აღმოვჩნდეთ”, - ამბობენ რეგიონის მცხოვრებლები. გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი და ეროვნული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე სტანისლავ კოჟეი, კვლავ ავრცელებს შიშისმომგვრელ განცხადებებს. ფიქრობს, რომ რუსები სუვალკის დერეფანში შევლენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნატო-რუსეთის ღია შეჯახების რისკი იზრდება და ეს უკრაინაში არ მოხდება - რომელი ქვეყანაა მთავარი სამიზნე?
“აღსანიშნავია, რომ ლიეტუვა, რომლის ტერიტორიაზეც გადის დერეფანი, მის გაძლიერებასა და მოდერნიზებას გეგმავს. ამის შესახებ რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თომას გოდლიაუსკასმა განაცხადა. გარდა ამისა, როგორც გერმანული გამოცემები წერენ, სატელიტური გამოსახულებები ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი ზრდის სამხედრო ძალებს სუვალკის დერეფნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც აძლიერებს ნატოს შეშფოთებას რეგიონში შესაძლო კონფლიქტის გამო. შეგახსენებთ, სუვალკის დერეფანი დიდი ხანია ნატოს აქილევსის ქუსლად ითვლება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ ევროპის მთავრობები ამ საფრთხეს უფრო სერიოზულად აღიქვამენ, ვიდრე ოდესმე. ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი წასვლა ხაზს უსვამს რეალურ და არსებულ შიშს, რომ ეს ვიწრო სახმელეთო ხიდი შეიძლება უფრო ფართო კონფლიქტის ფრონტის ხაზად იქცეს. ახალი ომის შიში გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა პუტინი “ცეცხლთან თამაშში” დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა: “პუტინს არ ესმის, რომ მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ნამდვილად ცუდი რამ დაემართებოდა და ვგულისხმობ ძალიან ცუდს. ის ცეცხლთან თამაშობს!”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია “რობერტ ლენსიგის” ინსტიტუტმა 27 მაისს სტატია გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ: “სუვალკის დერეფნის წინააღმდეგ რუსეთის შეტევა ნატოს ტერიტორიაზე პირდაპირი თავდასხმა იქნება, რაც ნატოს მე-5 მუხლს აამოქმედებს, ეს კი შესაძლოა, რუსეთსა და ალიანსს შორის სრულმასშტაბიან ომის დაწყების მიზეზი გახდეს”. კვლევითი ორგანიზაცია წერს, რომ საფრთხე რეალურია და განიხილავს რუსეთის თავდასხმის შესაძლო სცენარებსა და დროს. “რუსეთის მხრიდან სავარაუდოა უკრაინის ფრონტიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. რუსეთის სავარაუდო მიზნები არის ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოს დანარჩენი წევრებისგან გამოყოფა, ნატოს შემდგომი გაფართოების ან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეკავება, მოლაპარაკებებისთვის ბერკეტების მოპოვება და კონტროლირებადი ბუფერული ზონის შექმნა”, - წერია სტატიაში, სადაც ნათქვამია, რომ “ნატოს “შეკავების პოლიტიკა” რეგიონში უმჯობესდება, მაგრამ ის კვლავ დაუცველია მოულოდნელი ჰიბრიდული ან მოკლევადიანი გაფრთხილების კინეტიკური თავდასხმის მიმართ”, - განაგრძობს გამოცემა.
“ომის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა ნატოს ჯარების განლაგება, საჰაერო ძალების მზადყოფნა, პოლონეთ-ლიეტუვის კოორდინაციისა და ბალტიისპირეთის თავდაცვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება”, - აღნიშნულია სტატიაში. კვლევითი ორგანიზაცია წერს გეოპოლიტიკურ შედეგებზეც და ნატოს წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციასაც აძლევს: “ბალტიისპირეთის ქვეყნებს ემუქრებათ დაპყრობის ან იზოლაციის რისკი, თუ ნატოს ძალები არ იქნება განლაგებულნი უფრო დიდი რაოდენობით. პოლონეთი გახდება ფრონტის ხაზზე მყოფი სახელმწიფო, რაც პოტენციურად ბელორუსს პირდაპირ ომში ჩაითრევს... სუვალკის გარშემო სრულმასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვევს სწრაფ მილიტარიზაციას მთელ ევროპაში, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას და ევროკავშირში სტრატეგიული ავტონომიის შესახებ დებატების გამწვავებას... დაუყოვნებლივ შექმენით მრავალეროვნული ბრიგადა, რომელსაც სპეციალურად დაევალება სუვალკის ოლქის დაცვა. გარდა ამისა, უნდა გაფართოვდეს საჰაერო თავდაცვის და სისტემები პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ ლიეტუვაში, დაიწყოს ნატოს წვრთნები, რომლებიც ფოკუსირებულია სუვალკის დერეფანზე”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- "თუ არ გადაიხდი გირაოს, მოგიწევს პატიმრობა - ეს არის და ეს" - ირაკლი კობახიძე
- შსს-ში აცხადებენ, რომ ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული
- კახაბერ გულედანმა იმერეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა
- "ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, იქ გასვლა არის უდიდესი შეურაცხყოფა თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის"
- “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”