May 16, 2025

“მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?

“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული “მეგობარი აქტის” საპასუხოდ, საქართელოს პარლამენტმა 14 მაისს საგანგებო განცხადება მიიღო.

პარლამენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ აქტს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტად აფასებს. ოპოზიცია კი “ოცნების” მხრიდან ამერიკასთან ვა-ბანკზე წასვლაზე საუბრობს. „როგორც ჩანს, ბოიკოტის რეჟიმი დასავლეთმა არ მოხსნა... თუ ამას ეს სახელი დაერქმევა, რომ ხელისუფლება აკეთებს რადიკალურს, რათა სიტუაცია შეიცვალოს, კი ბატონო, იყოს ვა-ბანკზე წასვლა”, - გაცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით კი, “ქართულ ოცნებას” აშშ-სთან ურთიერთობის დალაგების ყველა იმედი ამოეწურა და ახლა “გაღმა შედავების პრინციპით” მოქმედებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე? / პრემიერის ღია წერილის შემდეგ, პარლამენტმა განცხადება მიიღო.

“მეგობარი აქტი” საქართველოსადმი “დიპ სტეიტის” უხეში, მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი... კონგრესი, იმის ნაცვლად, რომ წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას ითხოვდეს, პირიქით, ახალი სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს... უსამართლო დამოკიდებულებას შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს - “დიპ სტეიტმა” საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა “დიპ სტეიტის” წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა “მეორე ფრონტის გახსნის” თაობაზე... საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია “დიპ სტეიტს” წარმატებით შეასუსტებს... გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომლებმაც შეიძლება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს”, - ნათქვამია განცხადებაში. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს განცხადება და ასევე ირაკლი კობახიძის წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისასდმი მიუთითებს, რომ “ოცნება” აშშ-სთან ვა-ბანკზე მიდის. “კოალიცია ცვლილებისთვის”ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ “ოცნებას” გააზრებულიც არ აქვს, თუ რა მძიმე შედეგებს მოუტანს ეს ხელისუფლებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე ვფიქრობ, უსამართლო რეჟიმი იმაზე სწრაფად დამარცხდება, ვიდრე გვგონია. ასეთი რეჟიმები ყველასთვის მოულოდნელად ნარცხდებიან ძირს. ეს ბედი უცილებლად ეწვევა ივანიშვილს. ამ გზაზე დგას. “ქართულმა ოცნებამ” ამერიკის შეერთებული შტატებისგან პასუხი მიიღო - სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყება შესაძლებელია ახალი არჩევნების ჩატარებით და არა მიტაცებული ძალაუფლების პირობებში. ეს მას უთხრეს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ასევე სხვა ამერიკელმა ბიუროკრატებმა. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ამერიკასთან, ამას სჭირდება ახალი არჩევნები, მაგრამ ამ ახალი არჩევნების ეშინია”, - თქვა მელიამ. რამაზ საყვარელიძის შეფასებით, “ქართული ოცნება” მხოლოდ გაფუჭებული ურთიერთობების გაჯანსაღებას ცდილობს და ეს არ შეიძლება შეფასდეს „”ვა-ბაკზე წასვლად”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუკი შიდა ურთიერთობებზეა ლაპარაკი, მეეჭვება “ოცნებას” საიმისო გასაჭირი ჰქონდეს, რომ შიდა ურთიერთობებში მოსახლეობის მხარდაჭერისთვის დამატებითი მოძრაობების გაკეთება უნდოდეს. დამატებითს იმიტომ ვამბობ, რომ საკმაოდ დიდი “შრომა” აქვს ჩადებული “ოცნების” რეიტინგის შენარჩუნებაში ოპოზიციას თავისი დაშვებულ შეცდომების ხარჯზე. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ხელისუფლება ვა-ბანკზე მიდის ძნელია. რაც შეეხება გარე მოხმარებას, ეს მისთვის აუცილებელი არაა, რადგან ვიცით ქვეყნები, რომლებიც იდეალურად იყვნენ სანქციებში გახვეულები, მაგრამ არ დაიხოცნენ. ამის კლასიკური მაგალითი ირანია. რა თქმა უნდა, დასავლეთის მხრიდან სანქციები უწესდება იმ ქვეყნებს, რომლებსაც ისინი არადასავლურად მიიჩნევენ და ამ მიმართულებით ხშირად დგამენ ნაბიჯებს. თუმცაღა, ვიმეორებ, ასეთი იზოლირებული ქვეყნები არიან და არ დაღუპულან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“რასაკვირელია, სასურველია საქართველოს ყველასთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეს და გამოცხადებულიც აქვს, რომ მისთვის არც ერთი ქვეყანა არაა მტერი, გარდა ოკუპანტისა. მით უმეტეს, საქართველოს გამოცხადებული აქვს ისიც, რომ იგი ცდილობს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდი იყოს. თუ ამასობაში დასავლეთი აღმოსავლეთს გაებუტება, ხიდი ცალმხრივი გამოვა. ასე რომ, ამ მხრივ დასავლეთის ბოიკოტის ის სტილი, რომელიც აქამდე აქვს, წამგებიანია. გაუგებარია კობახიძის წერილის დამატებით ვა-ბანკი რატომ არის, რადგან, როგორც ჩანს, ბოიკოტის რეჟიმი დასავლეთმა არ მოხსნა, საქართველოს მიმართ ნაბიჯების გადმოდგმაში წინსვლა ამერიკისა და დასავლეთის მხრიდან არაა. თუ ამას დაერქმევა სახელი, რომ ხელისუფლება აკეთებს რადიკალურს, რათა სიტუაცია შეიცვალოს, კი, ბატონო”, - თვლის საყვარელიძე.

“ეს ნაბიჯი გაუარესებას არ მოიტანს იმიტომ, რომ ამაზე უარესი, რაც ახლაა, რთული წარმოსადგენია რამე მოხდეს. ერთადერთი რაც შეიძლება ამას მოჰყვეს იქნება ის, რომ შენარჩუნდეს იგივე მდგომარება - დასავლეთი ისევ აღმოჩნდეს “გაგებუტე-გაგებუტე”-ს როლში. ქართული ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯი იდგმება, რომ ეს გაფუჭებული ურთიერობა გაუმჯობესდეს. თუ ამას დაარქმევენ ვა-ბანკზე წასვლას, დაერქვას. უბრალოდ სხვა რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რთული წარმოსადგენია. ოპოზიცია ალბათ იტყვის, რომ უნდა შეესრულებინათ მოთხოვნები. ამის გაკეთება ლოგიკურად არ შეიძლებოდა. ჯერ ერთი - ხელმეორე არჩევნებს მიზეზი უნდა და ამის მიზეზი არ არის. მეორეც - რომ დაენიშნათ, თვითონ “ოცნების” მხარადამჭერებში უკმაყოფილებას გამოიწვევდა. კიდევ ცალკე სასაუბროა - იმ ე.წ. პოლიტპატიმრების გამოშვება. საერთოდ აღარაფერს ვამბობ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ასე რომ, ეს მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი კითხვაზე, მიდის თუ არა “ქართული ოცნება” აშშ-სთან ვა-ბანკზე, ამბობს: “ირაკლი კობახიძის წერილის მერე შეიძლება ითქვას, რომ “ოცნებას” ყველანაირი ბერკეტი და იმედი ამოეწურა, რომ ამერიკასთან ურთიერთობა დაალაგოს. შესაბამისად, მას უბრალოდ მეტი გზა არ დარჩენია, რომ გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედოს. მათი მოთხოვნები კატეგორიული იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იქნება მცდელობა ამერიკის ხელისუფლებასთან კონტაქტები გამოძებნონ და რაღაც ურთიერთობა დაამყარონ”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე. მაგრამ, მისივე აზრით, ოფიციალურად ჯერჯერობით “ქართულ ოცნებას” ის პოზიცია ექნება, რომ “მეგობარი აქტი” არის საქართველოს მიმართ მტრული აქტი და არა ხელისუფლების მიმართ”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 152 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.