May 30, 2025

“ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

“ქართულმა ოცნებამ” არჩევანი გააკეთა, შესაბამისად, რაც ხდება, აბსოლუტურად გასაგები და კანონზომიერია. როდესაც ადამიანს მხოლოდ იმიტომ აპატიმრებ, რომ არ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით შეიქმნა, ე.ი. ყველა წითელი ხაზი გადაკვეთე.

ის, რომ წულუკიანის კომისიას პოლიტიკური ანგარიშსწორების გარდა, სხვა დატვირთვა არა აქვს, მაშინვე გამოჩნდა, როდესაც წინა ხელისუფლების გასამართლება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარებით დაიწყეს აბსოლუტურად გაუგებარ თემაზე. ხელისუფლებაში ნამდვილად არ არიან კომფორტულ მდგომარეობაში, ოპონენტების დაჭერა რომ უწევთ, უბრალოდ, სხვა გზა არა აქვთ. “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით, “სააკაშვილი პოლიტიკურ ლიდერად აღარ მოიაზრება, მაგრამ ოპოზიციაში ბზარის გაჩენის მექანიზმად დარჩა“.

“ძალიან მიკვირს მათი, ვინც ფიქრობს, რომ მარკო რუბიოს განცხადების შემდეგ ზურა ჯაფარიძეს აღარ დაიჭერდნენ. ვინც ასე ფიქრობდა, მას პოლიტიკის არაფერი გაეგება. “ოცნების” პოლიტიკოსების ეს ნაბიჯები იმაზე კი არ მეტყველებს, რომ მათ არავისი ეშინიათ, ძალიანაც ეშინიათ, მაგრამ კიდევ უფრო ეშინიათ პირადი პასუხისმგებლობის. ადრე ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრძოდნენ, ახლა გადარჩენისთვის იბრძვიან, თავს იცავენ. იციან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შეცვლისთანავე დადგება თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი. ოპოზიციის ლიდერების გადაწყვეტილება, რომ შეგნებულად წავიდნენ ციხეში, ადამიანური ლოგიკით თავგანწირვაა და პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ, მეორე მხრივ, პოლიტიკოსი ლიდერების ფუნქცია ისეთი ძალის ფორმირებაა, რომელთანაც ბრძოლა ხელისუფლებას გაუჭირდება. მათი ამოცანა დღეს პირადი გმირობის მაგალითების ჩვენება კი არა, მოქმედებაა. არც ერთ არმიაში არ ევალება გენერალს თავის გაწირვა, ის საბრძოლო სტრატეგიას უნდა გეგმავდეს და არმიას სწორ მიმართულებას აძლევდეს. არმია, რომლის გენერალი ჯარისკაცივით იქცევა, ომს ვერ მოიგებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ჩვენ უნდა გვესმოდეს, როგორ აზროვნებენ რიგითი ადამიანები. კი, ამ მოქმედებამ შესაძლოა საზოგადოების ნაწილში მართლა გამოიწვიოს სიმპათია, მაგრამ ამასთანავე უჩნდებათ რეჟიმის შიშიც. როდესაც რეჟიმი ძალას ასხივებს, ოპოზიცია კი უძლურების დემონსტრირებას ახდენს, ადამიანი რეჟიმზე ბრაზდება, მაგრამ თან ფიქრობს, პოლიტიკოსებს რომ ასე ექცევიან, მე რას მიზამენო, და ეს შიში აიძულებს სამზარეულოში ჩაიკეტოს. საზოგადოებისთვის მხოლოდ თავის მოწონება საკმარისი არ არის, ოპოზიციას მხარდაჭერის შეგულიანებაც უნდა შეეძლოს... რა თქმა უნდა. სააკაშვილი პოლიტიკურ ლიდერად აღარ მოიაზრება, მაგრამ ოპოზიციაში ბზარის გაჩენის მექანიზმად დარჩა. პრობლემა სააკაშვილის ბანერებში კი არა, სურვილშია, რომ სააკაშვილის ბანერები გახდეს დომინანტური. დაიჭირონ ბანერი, არავინ უშლის, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვან მომენტში პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოდის სიტყვით და მის უკან მხოლოდ სააკაშვილის ბანერებია, ეს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. თავიანთი ლიდერის ციხიდან გათავისუფლება რომ უნდათ, არც ამაშია რაიმე მიუღებელი, მაგრამ ეს საკითხი რომ პოლიტიკური პროცესის ქვაკუთხედად აქციონ, ესაა პრობლემა. ხომ ხედავთ, სალომე ზურაბიშვილსაც როგორ გადაეკიდნენ, ისიც კი გაუხსენეს, რომ არ შეიწყალა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ნაციონალები” და გახარიას გუნდი ერთმანეთს რომ ვერ იტანენ და სადაც მოუხერხდებათ, ყველგან ლანძღავენ ერთმანეთს, ზურაბიშვილმა რა ქნას? ხელისუფლებაში მოსვლა თავად უნდათ და ვერ ვხვდები, ზურაბიშვილს რატომ აბრალებენ თავიანთ უუნარობასა და უმწიფრობას. სინამდვილეში “ნაციონალები” აღარც არიან დომინანტები, მაგრამ პროცესის ნეგატიურ ჭრილში გადასატანად ძალიან კარგ მასალას წარმოადგენენ ხელისუფლების ხელში. “ქართული ოცნება” და “ნაცმოძრაობა” ერთგვარი სიმბიოზია. ბუნებრივად ანტაგონისტები არიან, მაგრამ თანაცხოვრობენ იმიტომ, რომ ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ. ნიანგი და კოლიბრივით არიან. კოლიბრი ნიანგს კბილებზე აჯდება, მაგრამ ნიანგი არ ჭამს, იმიტომ, რომ ჩიტი ნიანგის კბილებში არსებული ნარჩენებით იკვებება, ნიანგი კი სუფთავდება”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ქართულ ოცნებას” აწყობს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, თუ ოპოზიციის ბოიკოტი ურჩევნია?” - პასუხობს:

“ხელისუფლებას ორივე სცენარი აწყობს - თუ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს, გარკვეულწილად საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდება და ხელისუფლებად აღიარებენ, თუნდაც ირიბად. არ მიიღებენ და, არც ეგ არის პრობლემა, შერცხვებათ თუ რა, უცებ გამოჩეკენ ახალ პარტიებს და როგორც პარლამენტში შექმნეს ხელოვნური ოპოზიცია, ასე შექმნიან ამ შემთხვევაშიც და სუვერენულ დემოკრატიულ სისტემას დაამკვიდრებენ ქვეყანაში. ოპოზიციის გამოსავალი ხალხთან მეტი მუშაობაა. სხვა საკითხია, როგორ გაათამაშებენ სცენარებს. თუ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტენ, მაშინ იმდენი ძალა უნდა მოიკრიბონ, რომ მოგება შეძლონ. თუ არადა, იმის ძალა მაინც უნდა მოიკრიბო, რომ ხელისუფლებას არჩევნები არ ჩაატარებინო”...

წაკითხვა 185 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.