გაუუქმებენ თუ არა სააკაშვილს უკრაინულ რეგალიებს საქართველოში ბუნტის წაქეზებისთვის?

ამ დღეებში - 13-14 თებერვალს რუსულ და უკრაინულ პოპულარულ გამოცემებში - „სვობოდნაია პრესა“-ში («Свободная пресса») და „სტრანა“-ში («Страна») პუბლიკაციები გამოქვეყნდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებია კომენტირებული.

ერთ-ერთი სტატიის სათაური ასეთია - „კიევში განმარტეს, თუ რატომ „გააქტიურდა“ ასე უეცრად მიხეილ სააკაშვილი“, ხოლო მეორის - „მიხოს შეტევა. გაუუქმებენ თუ არა სააკაშვილს უკრაინულ რეგალიებს საქართველოში ბუნტის წაქეზებისთვის?“.

 

გთავაზობთ მასალების მიმოხილვას:

 

დიპლომატიური სკანდალი

 

როგორც რუსული „სვობოდნაია პრესა“ აღნიშნავს, უკრაინასა და საქართველოს შორის პოლიტიკურ-დიპლომატიური სკანდალები გრძელდება. ამჯერად სიტუაცია ასე განვითარდა: ნაპრეზიდენტალმა და ნაგუბერნატორალმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც უკრაინაში აღმასკომის თავმჯდომარეობასაც ხელი გამოჰკრა, კიევიდან ქართველებს ანტივირუსული კარანტინის საწინააღმდეგო აქციებისკენ მოუწოდა, რისთვისაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა. სამინისტროდან გამოსულმა უკრაინელმა დიპლომატმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები ნეგატიურად შეაფასა და განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის მოქმედება ხელს არ შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობას.

 

რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილმა იუკადრისა - როგორ გაბედა იგორ დოლგოვმა ჩემი კრიტიკაო და ელჩს დასცხო - „ეს კაცი პეტრო პოროშენკომ დანიშნა ელჩად, ვლადიმერ ზელენსკის დროს მოხსნას გადაურჩა და ახლა თვითონ აზიანებს თავისი ქცევით უკრაინის საერთაშორისო იმიჯს, მან ხელი შეუშალა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უკრაინის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობას, ანუ თავისი მოქმედებით საქართველოსთან ურთიერთობას აუარესებსო“. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იგორ დოლგოვის მხარე დაიკავა და განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილს არანაირი მტკიცებულებები არ აქვს ჩვენს ელჩს ასეთი რამ დააბრალოს, მას ემოციები ალაპარაკებსო“.

 

ჯო ბაიდენის მოსვლით შეგულიანებული...

 

თავის მხრივ, უკრაინული „სტრანა“ წერს: ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა მოჰყვება სააკაშვილის მიერ თავის მომხრეთა „წაქეზებას“ საქართველოში და როგორ აისახება ეს ყველაფერი მის კარიერაზე უკრაინაში.

 

საექსპერტო წრეებში ნაპრეზიდენტალის ასეთ გააქტიურებას აშშ-ში ხელისუფლების შეცვლით ხსნიან. როგორც პოლიტოლოგი რუსლან ბორტნიკი ამბობს, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს საქართველოში ახალი პოლიტიკური კრიზისის გამოიწვიოს - მას იმედი აქვს, რომ ამაში მხარს დაუჭერს ჯო ბაიდენი, რომელთანაც მას მეგობრული დამოკიდებულება აქვს. ალბათ, ექს-პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოცნებობს.

 

„მიხეილ სააკაშვილი მიანიშნებს, ან მას ჰგონია, რომ აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ მან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის დამატებითი ინსტრუმენტი მიიღო და იმედი გაუჩნდა, რომ ქართულ პოლიტიკურ სისტემას დაუბრუნდება“, - ამბობს რუსლან ბორტნიკი „სტრანას“ კორესპონდენტთან საუბარში.

 

გადაწონის თუ არა ამერიკული ფაქტორი

 

„სტრანა“ დაუკავშირდა ქართველ პოლიტოლოგს გიორგი წასიძეს თბილისში:  „როგორც ჩანს, უახლოეს ხანში შეიძლება ველოდოთ სიტუაციის გამწვავებას მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მხრიდან, ვადამდელი არჩევნების არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, რომელშიც იგი თვითონაც აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას“, - ამბობს გიორგი წასიძე.

 

ექსპერტის პროგნოზით, მიხეილ სააკაშვილის „ძირგამომთხრელი განცხადებების“ გამო  უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობა არ გართულდება: „ეს მიხოს პირველი მსგავსი განცხადება არ არის, ასეთი ვითარება უკვე დიდი ხანია არსებობს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა იმდენად სუსტია, რომ მას ძალაც კი არ აქვს უკრაინის წინააღმდეგ მოქმედების მიზნით“.

 

რუსლან ბორტნიკი, პირიქით, დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის გამო თბილისსა და კიევს შორის შეიძლება დაძაბულობა გამწვავდეს... „და მაშინ მიხოს „სთხოვენ“, რომ თავი დაანებოს უკრაინის რეფორმებს და წავიდეს - თუ, რა თქმა უნდა, საქმეში ვაშინგტონი არ ჩაერევა. „ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის მოქმედება საქართველოს ხელისუფლების მიერ მწვავედ აღიქმება. რადგანაც ექს-პრეზიდენტის სამსახურებრივი სტატუსი უკრაინაში ნახევრადოფიციალურად ითვლება, ეს მაინც ართულებს ჩვენი ქვეყნების კოორდინაციას, სუამ-ისა და სხვა ფორმატებში მუშაობას“, - ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი.

 

„თუ სიტუაცია გართულდება, ვლადიმერ ზელენსკის, ალბათ, მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება და თანამდებობიდან მისი გათავისუფლება მოუწევს. უკრაინისათვის საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. თუმცა შეიძლება ამ შემთხვევაში ამერიკულმა ფაქტორმა გადაწონოს: ვაშინგტონის საამებლად და გულის მოსაგებად მიხეილ სააკაშვილს ხელს არ ახლებენ“, - ასეთ პროგნოზს აკეთებს რუსლან ბორტნიკი.

 

„მიხო თავისას არ მოიშლის...“

 

მართალია, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი მოქალაქეები, რომლებიც საჯარო პირები არიან, გააფრთხილა, რომ ჩაერევიან მეგობრული საქართველოს საშინაო საქმეებში და ნუ გააკეთებენ აქციების წამქეზებელ განცხადებებს, მაგრამ როგორც „სტრანას“ უთხრა ერთ-ერთმა წყარომ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვიდან, ექს-პრეზიდენტი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საქართველოსთვის:

 

„ჩემი შთაბეჭდილებით, მიხეილ სააკაშვილი თავისი საქმიანობის დროის ლომის წილს სწორედ ქართველ თანამებრძოლებთან საუბარს უთმობს. მას ახლა საქართველოს ამბები უფრო აინტერესებს, ვიდრე უკრაინისა. იმ ფულს, რასაც იგი უკრაინაში ამა თუ იმ გზით იღებს, უმეტესად საქართველოში თავისი საქმიანობის უზრუნველსაყოფად ხარჯავს“, - ამბობს წყარო „სტრანა“-სთან საუბარში.

 

ამასთან, მისივე ვარაუდით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის პოზიციებს არაფერი ემუქრება: „იგი ლოიალურია ვლადიმერ ზელენსკის მიმართ და ძალიან ეხმარება პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში. მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ ზელენსკის ხელს არაფერში უშლის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მას არ გაათავისუფლებენ“.

 

წყაროები:

 

https://svpressa.ru/politic/news/289847/?rss=1

https://strana.ua/news/317100-chto-zhdet-saakashvili-v-ukraine-posle-eho-prizyvov-k-buntu-v-hruzii-.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 615 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.