ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს - მამუკა ხაზარაძე

„ლელო“ საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთან მიმართებით სამართლიანად არ იქცევა და ასევე შერჩევითი მიდგომა აქვს იმ დარღვევებზე, რაც ქვეყანაში ხდება.

როგორც მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია აღნიშნული, „ლელო“ მზად არის "ქართულ ოცნებასთან" დიალოგისთვის, თუ მოლაპარაკების პროცესი სამართლიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე შეთანხმებით დასრულდება.

 

"ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს და საქართველოში სამართალი არის პოლიტიკურად მართული. რაც შეეხება მელიას დაკავებას, მინდა გითხრათ, ეს საკითხი არ ეხება მხოლოდ ნიკა მელიას, ეს საკითხი ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და იმ პოლიტიკურ ჩიხს, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა შეიყვანა. "ოცნებას" ავიწყდება, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ არ გვინახავს არც ერთი სერიოზული კორუფციული საქმის გამოძიება, რეალურად კი, მილიონობით ლარია მოპარული ქვეყნის ბიუჯეტიდან. არ გამოგვიძიებია არც ერთი ნეპოტიზმის ფაქტი. ოფიციალურად არ დაფიქსირებულა დარღვევები და მასზე შესაბამისი რეაგირება, რაც არჩევნების დროს დაფიქსირდა. მაქვს კითხვა, როდესაც 40 000 ლარს ედავები მელიას, უბრალოდ უნდა გქონდეს ამის მორალური უფლება და უნდა იყო სამართლიანი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი. „ქართული ოცნება“ სამართლიანად არ იქცევა, ხელისუფლებას შერჩევითი მიდგომა აქვს იმ დარღვევებთან მიმართებით, რაც ქვეყანაში ხდება. ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს ქვეყანა, ერთადერთი საშუალება დემოკრატიული, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება.

 

დღეს "ლელომ" გააკეთა განცხადება, ჩვენ მზად ვართ სასწრაფო წესით დაიწყოს დიალოგი "ოცნებასთან" და ეს დიალოგი დასრულდეს იმით, რომ ქვეყანაში დაიწყოს გადატვირთვა, ანუ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები“,-განაცხადა ხაზარაძემ.

 

მისი შეფასებით, გიორგი გახარიას გადადგომა მის ემოციურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რადგან ნიკა მელიას დაკავების დროს, პასუხისმგებლობა მთლიანად მას დაეკისრებოდა.

 

„სამწუხაროდ, საქართველოში დაიკარგა სამართლიანობის განცდა. ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და არ გვყავს პასუხისმგებლიანი მმართველი ძალა. გახარიას ყველაზე დიდი შეცდომა 20 ივნისის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრობიდან, პრემიერის სკამის მორგება იყო. ეს მისი მხრიდან იყო ძალის დემონსტრირება, ანუ რა გამოდის?! არ აქვს მნიშვნელობა, რა დანაშაულს ჩაიდენ, რა ბრძანებას გასცემ, ამ ქვეყანაში, შენ პირიქით, შეიძლება დაწინაურდე. გახარიას აქვს ჩადენილი, რამდენიმე დანაშაული, ერთ-ერთი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მან შეაჩერა და ჩააგდო ქვეყნის განვითარების გეგმა, ანაკლიის პროექტის მშენებლობის სახით. მისი გადადგომა უკავშირდება მის ემოციურ გადაწყვეტილებას, ამხელა ტვირთის ტარება არ შეეძლო, რადგან რამე რომ მომხდარიყო, მელიას დაკავების დროს, პასუხისმგებლობა მთლიანად მას დაეკისრებოდა. გახარია მალევე მიხვდა, რომ უნდა ჩამოშორებულიყო დაკავებულ თანამდებობას. ვფიქრობ, რომ დღეს აღარც მთავრობა გვყავს და არ არსებობს ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ქვეყნის მომავალზე. ზუსტად ამიტომ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე, უნდა ვილაპარაკოთ, როგორ ავაშენოთ სახელმწიფო, როგორ დავამარცხოთ სიღარიბე. ვფიქრობ, ყველაფერი ლოგიკურად მიმდინარეობს, ერთადერთი სწორი გამოსავალი, რაც დარჩა, რიგგარეშე არჩევნებია. რეალისტები უნდა ვიყოთ, ჩემი წინადადება იგივე რჩება- 2022-ში ჩატარდეს რიგგარეშე, სამართლიანი არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ, გაქრეს კითხვა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. როგორც კი ამას გადავწყვეტთ, შემდეგ უკვე ძალიან სწრაფად, ქვეყანა წინ წავა ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

წაკითხვა 554 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.