ოპოზიციის სააკაშვილის გემზე აყვანა და მერე ყველას ერთად ჩაძირვა “ქართული ოცნების” მატრიცაა” - გია ხუხაშვილი
“გახარიამ არსებულ სიტუაციასთან სავსებით თანაზომიერი ნაბიჯი გადადგა.
მიკვირს, ან აქამდე როგორ გაძლო ისეთ დაუმსახურებლად ამბიციურ გარემოში ყოფნა, როგორიც “ქართული ოცნების” გუნდია. 3 წელს იყო მმართველი გუნდის მეხამრიდი. დღეს უკვე ცხადი გახდა, რომ 20 ივნისი “ჩაუდეს”. გახარიას ტიპის ადამიანები ისეთ ბრძანებებს არ გასცემენ, როგორიც 20 ივნისის ღამეს გაიცა. გახარიას გადადგომით ხელისუფლებამ საბოლოოდ დაკარგა ლეგიტიმაცია. “ქართულ ოცნებას” ხმა ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიას გამო მისცეს, დღეს კი ამომრჩეველს კობახიძე და ღარიბაშვილი შერჩა ხელში. ნახეთ, რა შეუკვეთა ხალხმა და რა “ჩამოვიდა”?! - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “გახარიას დემარში იყო პოლიტიკური აქტი და ამას აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები” / “ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთის მონაცვლეობით ხტებიან ლაფში. ჯერ ერთი ჩახტება, ბოლომდე გაიწუწება, მეორეს გაუხარდება. ამოვა ის პირველი ლაფიდან, ახლა მეორე ჩახტება, ბოლომდე გაიწუწება და პირველს გაახარებს. ჩვენი ისტორია ლაფიდან ლაფში ხტუნაობაა...”
“ამ ხალხმა ხელისუფლებაში დარჩენა იმიტომ კი არ შეძლო, რომ ჭკვიანია, უბრალოდ, განუსაზღვრელი რესურსი აქვს ხელთ. რაც უნდა დიდი შეცდომა დაუშვან, მაინც გამარჯვებული არიან. ეს იგივეა, კაზინოში ერთ კაცს რომ ჰქონდეს ყველაზე დიდი ფული. 50 ხელიც რომ წააგოს, ფსონს გააორმაგებს და ბოლოს მაინც ის დარჩება მოგებული... ღარიბაშვილის დანიშვნა ბიძინა ივანიშვილის პირადი ტრაგედიაა. ამის თქმის საბაბს თავად ივანიშვილის განცხადებები მაძლევს. მას მართლა პროფესიული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდის შეკვრა სურდა, მაგრამ წასვლა-მოსვლაში გაატარა დრო. მე არ ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო. თუმცა გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას ნამდვილად გაითვალისწინა ივანიშვილის ფაქტორი. ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს - გუნდში კონფლიქტი დაიწყო იმის გამო, რომ გახარია კრიზისის მართვას კონსენსუსის ძიებით ცდილობდა. მისი მიმართულება იყო დეესკალაცია და არა ესკალაცია. ე.წ. ქორები ესკალაციისა და კრიზისის გადატეხის მომხრეები იყვნენ. ასეთ ვითარებაში სწორედაც რომ კანონზომიერია ღარიბაშვილის დანიშვნა, რადგან ყველაზე კარგად მან იცის თვალების ბრიალი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ღარიბაშვილის განცხადება, რომ ქვეყანაში წესრიგს აღადგენს, ეს ნიშნავს სახელისუფლებო აფექტს როცა საკუთარი სისუსტის დამალვა და თავის შემტევად წარმოჩენა სურთ. ქორების ფრთამ გაიმარჯვა და ახლა ურაპატრიოტიზმზე აგებული ძალისმიერი პოლიტიკის გატარებას აპირებენ. ყველა მთავარი ქორი გამოიყვანეს არენაზე. ხელისუფლებაში დარჩენილები თავიანთ პოზიციონირებას ახდენენ, თითქოს მაგარი ბიჭები არიან და ცდილობენ რიტორიკით შეაშინონ საზოგადოება. სინამდვილეში ჰაერში დარჩენილი ქორები არიან, რომლებმაც ფრენა არ იციან. ფრენის მასწავლებელმა მიატოვა, აღარც საყრდენი ჰყავთ და აღარც ელექტორალური ბაზა. ბურჯები, რაზედაც “ქართული ოცნება” იდგა, ივანიშვილი და გახარია იყვნენ, მაგრამ დღეს ორივე გამოეცალათ. შესაბამისად, მათი თვალების ბრიალი მათთვისვე დასრულდება ძალიან ცუდად. ამ ამბავში ყველაზე ცუდი ის არის, რაც უფრო აგრესიულია ხელისუფალი, მით მეტად დაზიანდება სახელმწიფო. თორემ ღარიბაშვილის და კობახიძის ბედი ნამდვილად არ მანაღვლებს. გახარიას დემარში იყო პოლიტიკური აქტი და ამას აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ხშირად მითქვამს, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიცია, როგორც კი პატარა წარმატებას მიაღწევს, ფიქრობს, გავიმარჯვეო და სისულელეების ჩადენას იწყებს. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთის მონაცვლეობით ხტებიან ლაფში. ჯერ ერთი ჩახტება, ბოლომდე გაიწუწება, მეორეს გაუხარდება. ამოვა ის პირველი ლაფიდან, ახლა მეორე ჩახტება, ბოლომდე გაიწუწება და პირველს გაახარებს. ჩვენი ისტორია ლაფიდან ლაფში ხტუნაობაა. პარლამენტის წინ გამართული აქციები ოპოზიციის სიბრიყვის გამოვლინებაა. ახლა ხელისუფლების ყველაზე დიდი შანსი ოპოზიციის ძიძგილაობაში ჩათრევა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე პროვოცირებაა. ამის მერე მარტივად გაიმართლებს თავს საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე, როგორც არაერთხელ გაუკეთებია... ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება მაშინ, როცა ხელისუფლება და ოპოზიცია ერთნაირად ბრიყვია. იმის მაგივრად, ვმსჯელობდეთ, ვინ უფრო ჭკვიანურად იქცევა, იმის განსჯა გვიწევს, ვინ უფრო მეტ სისულელეს აკეთებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“მთელი ოპოზიციის სააკაშვილის გემზე აყვანა და მერე ყველას ერთად ჩაძირვა “ქართული ოცნების” მატრიცაა. სხვა ვერაფერი მოუფიქრებიათ და რა ქნან?! გინდათ გითხრათ, სინამდვილეში რატომ აანერვიულა მელიამ ხელისუფლება? ეს კაცი მათთვის ნაცნობი მატრიციდან ამოვარდა, ვერ აიყვანეს სააკაშვილის გემზე. ირაკლი იმნაიშვილთან მელიას სტუმრობისას გაირკვა, რომ სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნარატივი მასზე არ მოქმედებს. აი, ამის მერე დაიწყო ფორსირებული შეტევა და გაუხსენეს საჯაროდ მოხსნილი სამაჯური და გადაუხდელი გირაო. მელიას სააკაშვილის ჩანაცვლება გაუჭირდება. თუმცა ცხადია, რომ მელია ქართულ პოლიტიკაში ახალ ლიდერად გამოიკვეთა”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “გარისკავს “ქართული ოცნება” მელიას დაპატიმრებას?” - პასუხობს:
“დაიჭერენ თუ არა მელიას, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, მანქანა უკვე დაძრულია. თუ დაიჭერენ, სცენარი დიდი რისკებით განვითარდება, თუ არ დაიჭერენ, ნაკლები რისკებით. აშკარაა, რიგგარეშე არჩევნებისკენ მივდივართ. ყველაფერი ისე აირია, სცენარის ავტორის გამოცნობა შეუძლებელია. სცენარის ავტორი კი არა, თავად სცენარიც არსად ჩანს. ვუყურებთ უხარისხო რეალითი-შოუს, რომელშიც ვიღაცები თავიანთი იმპროვიზაციით სისულელეებს სჩადიან”.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"