დიალოგის ახალი მცდელობა ვითარების უკიდურესად გამწვავების ფონზე - რა სცენარით განვითარდება მოვლენები

“როგორი იქნება ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები, სავარაუდოდ, ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

ოპოზიციამ საპროტესტო აქციების სერია უკვე დააანონსა და იმედი აქვს, რომ ეს, დასავლეთის ზეწოლასთან ერთად, ხელისუფლებას დათმობაზე წასვლას აიძულებს. ხელისუფლება კი ოპოზიციას დიალოგის სთავაზობს, ოღონდ “არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს”. სამშაბათს რამდენიმე საათის განმავლობაში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის ლიდერებს ხვდებოდნენ. ოთხშაბათს, სავარაუდოდ, ისინი მმართველი პარტიის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპტიმისტურად არის განწყობილი ამბობს, რომ ორივე მხარემ ამ კრიზისიდან გამოსავალი უნდა იპოვონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიალოგის ახალი მცდელობა ვითარების უკიდურესად გამწვავების ფონზე - რა სცენარით განვითარდება მოვლენები.

 

“ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან. ახლა ვიცით, რომ ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი”, - განაცხადა დეგნანმა. ანალიტიკოსთა შეფასებით კი, ხელისუფლებამ აუტკივარი თავი აიტკივა - თუკი აქამდე დასავლეთი ოპოზიციას აკრიტიკებდა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა, ნიკა მელიას დაკავებამ მათი განწყობა შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს. დასავლეთთან “ქართული ოცნების” ურთიერთობის გაფუჭება კი პირველ რიგში ქვეყანას აზიანებს. ოპოზიციამ აქციების სერია დაგეგმა, რომლის კულმინაციაც, სავარაუდოდ, 26 თებერვალს პარლამენტთან დანიშნული მიტინგი უნდა გახდეს. რაც შეეხება მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებას, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუკი ნიკა მელია პატიმრობაში დარჩება, ისინი მოლაპარაკების აზრს ვერ ხედავენ. “ნაცმოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სამშაბათს საღამოს გამართული შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და ფასილიტატორ ელჩებს სურთ, დაადგინონ მხარეთა პოზიციები. მისივე ინფორმაციით, ელჩები “ქართულ ოცნებასაც” შეხვდებიან. “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, დიალოგის სივრცე იქნება მაშინ, როცა “ხელისუფლება აზრზე მოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“დიალოგის სივრცე იქნება, როცა აზრზე მოვიყვანთ საზოგადოებრივი პროტესტით და წნეხით და სანქციების საფრთხით, რაც ივანიშვილს დაემუქრება”, - თქვა ბოკერიამ. იგი მიიჩნევს, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად ისევ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რჩება. “ყველა ჩვენს პარტნიორთან საკითხი დასმული გვაქვს ასე, რომ კრიზისიდან გამოსავალი არსებობს მხოლოდ ამ გზით: სასწრაფოდ ნიკა მელიას და რურუას გათავისუფლება, დევნის შეწყვეტა და ტექნიკურად მომზადება ახალი, ნორმალური ვადამდელი არჩევნებისთვის”, - აცხადებს ბოკერია. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუქარების შემდეგ სამშაბათს ტონი შეარბილა და საგანგებო მიმართვით იგი პოლიტიკურ ძალებს უკვე დიალოგისკენ მოუწოდებს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს. ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში. ერთად ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციაზე. ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო არ აქვს. დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო განცხადებაში. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ოპოზიციას თუ მიტინგების მოწყობა უნდა, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და ამაში ხელს არავინ შეუშლის. თუმცა, მისივე თქმით, პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფოს და ყველა პოლიტიკოსმა საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”, - დასძენს გამოცემა.

 

“თვითონ მელიამ გააკეთა ყველაფერი, რათა პროვოკაციაზე წასულიყო. სახელმწიფო იძულებული გახდა, რომ კანონი აღესრულებინა. მელიამ პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანია საქართველოს არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს პატივი არ სცეს. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, “ქართულმა ოცნებამ” ამასთან დაკავშირებით 2 თვის წინ განაცხადა, რომ მის დანიშვნაზე თანახმაა, ოღონდ დაგვიმტკიცეთ, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენი კონსტიტუციით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა დაშვებული, სადაც ოპოზიციის მხრიდან სულ მცირე ნახევარი მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი. თუკი ეს კომისია დაამტკიცებს, რომ “ოცნებამ” 1%-იანი გაყალბება მაინც დაუშვა, ჩვენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე თანახმა ვართ. სხვაგვარად ეს საკითხი არ განიხილება. “ოცნებამ” მოლაპარაკების მაგიდაზე რა შეთავაზებებიც გააკეთა, ის ძალაში რჩება და თუ ვინმეს მოლაპარაკება უნდა, უარს არ ვამბობთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ქადაგიშვილი.

 

“რა თქმა უნდა, როდესაც პარლამენტში მელიას იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებდით, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვიმსჯელეთ. რა თქმა უნდა, ვხედავდით იმას, რომ თავად დაკავების პროცესიც უმტკივნეულო არ იქნებოდა. ისიც ვიცოდით, რომ ამას ჩვენი პარტნიორები გარკვეულწილად მწვავედ აღიქვამდნენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან მათთან კომუნიკაცია იყო და კვლავ გრძელდება. მელიამ რა სიტუაციაშიც ხელისუფლება და სახელმწიფო ჩააყენა, აქ არჩევანის გაკეთების საშუალება აღარ იყო. ან სახელმწიფო აღარ არის, ან სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა შენარჩუნდეს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა გავაგრძელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ “ნაციონალებმა” ქვეყანა რ გამოწვევის წინაშე დააყენეს. რომ არა ამის პრევენცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დემოკრატია არ გვექნება და მხოლოდ ანარქია იქნება”, - დაასკვნის ქადაგიშვილი.

 

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესი ახლა უკვე სრულიად სხვა ჭრილში გადავიდა. თუ ადრე მელიას დაკავება მხოლოდ სამართლებრივი პროცესი იყო, ახლა მას ოპოზიცია პოლიტიკურ კონტექსტს მისცემს და მას შემდეგი პროცესებისთვის გამოიყენებს. ამიტომაც ხელისუფლებას უნდა გაეანალიზებინა მელიას დაკავება უფრო უღირდა პოლიტიკურად თუ არდაკავება, უნდა შეეფასებინა რისკები, რომელიც ამ პროცესს მოჰყვებოდა და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიეღო”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ზოგადად, ძალიან სახიფათო მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას. თუ ჩვენი პარტნიორები მხოლოდ განცხადებებით არ დაკმაყოფილდებიან, არაა გაამორიცხული, რომ ხელისუფლება სერიოზული პრესის ქვეშ აღმოჩნდეს. ეს კი საზიანო იქნება, როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისთვის. არის ვარიანტებიც, რომ მხოლოდ ამ განცხადებებით შემოიფარგლონ. თუმცა, გაუგებარია რატომ გახდა ეს მელია ასეთი თავის ტკივილი, როცა მთელი დასავლეთი ხელისუფლებას მხარს უჭერდა და პირიქით, ოპოზიციას მოუხმობდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ. ამიტომაც არ მესმის მელიას დაკავების ლოგიკა რაში მდგომარეობს. რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით არ ველი, რომ ქვეყანაში დიდი საპროტესტო ტალღა იქნება. კი გამოვა ქუჩაში “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი და გააპროტესტებენ, მაგრამ ეს არ იქნება მასშტაბური და მასობრივი აქციები. ხვალ რა იქნება, აქ უკვე რაიმე პროგნოზის გაკეთება გაჭირდება. ხელისუფლება აქამდე სწორად მოქმედებდა, მელიას დაკავებით კი აუტკივარი თავი აიტკივა. ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებას ჩვენს პარტნიორებთან რაიმე სახით ნამუშევარი აქვს. ამიტომაც ეს მათ განწყობებს “ოცნების” მიმართ შეცვლის. ოპოზიცია რა თქმა უნდა შეეცდება, რომ სიტუააცია დაძაბოს, მაგრამ ხალხი თუ არ აჰყვა, ქვეყნის შიგნით ვერაფერს იზამს. უბრალოდ ცუდი ისაა, რომ თუ ხელისუფლებამ რადიკალური ქმედებები გააგრძელა და რაიმე მოლაპარაკებაზე არ წავიდა, სიტუაცია კიდევ უფრო სავალალო იქნება. ეს კი ქვეყანას ჩიხში შეიყვანს და დიდი ალბათობით დასავლეთიდან შეცვლილი რიტორიკა ძალიან დაგვაზიანებს“, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 450 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.