ხელისუფლება ცდილობს ანაკლიის პორტი ინვესტორთა რადარებზე დააბრუნოს
“მთავრობის მზადყოფნას, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი დაძრას, სპეციალისტები ეჭვის თვალით უცქერიან.
იმ მეთოდებით, რასაც სახელმწიფო აქამდე მიმართავდა, პორტის მშენებლობა ნაკლებად პერსპექტიული ჩანს. საუკეთესო შემთხვევაში, როგორც ვარაუდობენ, ანაკლიის პორტის მშენებლობის ვადა 2028 წლამდე გადაიწევს, ესეც იმ პირობებში, თუკი მთავრობა რიგ გამოწვევებს თავს გაართმევს. ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების შერჩევის ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება და ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პორტის პროექტის ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხელისუფლება ცდილობს ანაკლიის პორტი ინვესტორთა რადარებზე დააბრუნოს / სპეციალისტები ეჭვობენ, რომ დღევანდელ პირობებში ამხელა მასშტაბური პროექტის განხორციელება მოხერხდება.
“პრემიერის თქმით, ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ. თუმცა სპეციალისტები ასე არ ფიქრობენ. როგორც ანალიტიკოსი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ ეპიდემიური მდგომარეობა პორტის მიმართ ინტერესს შეასუსტებს და, შესაბამისად, მისი განხორციელებაც გაჭიანურდება. “ვერ ვხედავ, რომ ამ ხელისუფლებას ანაკლიის პორტის მიმართ სერიოზული ინტერესი გააჩნდეს. ამაზე გავლენა სხვადასხვა ფაქტორმა იქონია, ეს არის როგორც როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური, პიროვნული, პოლიტიკური და სხვა. ძალიან ბევრი მიზეზი დაემთხვა ერთმანეთს, რასაც მოჰყვა შემდეგში კონსორციუმის მენეჯერის დისკრედიტაცია მართლმსაჯულების სისტემის მეშვეობით, რამაც კიდევ უფრო დააფრთხო ინვესტორები. აშკარაა, რომ ანაკლიის პორტი ზოგადად პერსპექტიულია, მაგრამ იმ ფორმულით, რასაც აქამდე აკეთებდნენ, პროექტი ხანგძლივად გაჭიანურდება და დიდ რისკებთანაა კავშირში”, - ამბობს გერლიანი, რომელიც “ახლაც ვერ ხედავს შესაძლებლობას, რომ ამ საკითხის მოგვარებას სახელმწიფო თავს გაართმევს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სახელმწიფოს მხრიდან დიდი რესურსი ჩაიდო, მაგრამ შემდეგ უკვე ინვესტირების ეტაპზე, როცა დაფინანსება იყო საჭირო, სიტუაცია გაიჭედა, რაც პოლიტიკური რისკის მატარებელია და არც ეკონომიკურად არის გამართლებული. ასეთი მიდგომით პორტის დაფინანსება და უზრუნველყოფა ნაკლებად პერსპექტიულია. ანაკლიის პორტი, გვინდა თუ არა, მეჭვება 2027-28 წლამდე აშენდეს”, - მიიჩნევს რამაზ გერლიანი. ანაკლიის პროექტის მიმართ სამომავლოდ ინვესტორთა ინტერესის გააქტიურებას ნაკლებად ელოდება სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. ეს უკვე მეხუთე ან მეექვსე შემთხვევაა, როცა მთავრობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებას აპირებს, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება”, - დასძენს გამოცემა.
“პანდემია არ არის ის მდგომარეობა, რამაც ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი შეიძლება შეაჩეროს. მთავრობის ინიციატივა ამ მხრივ კარგია, ღმერთმა ქნას, აშენდეს ეს პორტი. ახალი შესაძლებლობა თუ გაჩნდება და ინვესტორი მოიძებნება, დაბრკოლებას ნაკლებად ველი, მაგრამ უკვე მეხუთედ თუ მეექვსედ დაანონსდა ტენდერის გამოცხადება, საკითხი კი დღემდე არ დაძრულა. ამიტომ არ მაქვს განცდა, რომ პროექტი განხორციელდება. ტრანსპორტის სფეროში სხვა პროექტების შესახებაც გაკეთდა განცხადებები, მაგრამ არაფერი შესრულდა. დაველოდოთ, რამდენად რეალურია მთავრობის დამოკიდებულება პროექტის მიმართ, დაახლოებით, 6 თვეში ნამდვილად გაირკვევა. პერსპექტივა ნაკლებია, ხოლო ქვეყანა, ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო, ამასობაში უდიდეს სატრანზიტო შესაძლებლობას კარგავს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ცაგარეიშვილი.
,,ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ირანიდან ევროპისკენ სულ უფრო მზარდი ტვირთნაკადის გასატანად ყველაზე მიმზიდველი და მარტივი იქნებოდა ანაკლიის პორტის გამოყენება. ჩვენ ეს შესაძლებლობა დავკარგეთ და ისევ დავუთმეთ რუსეთს ეს ტვირთნაკადი. ეს 25-30-წლიანი ჭრილის გადმოსახედიდან იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი. გამორიცხულია, რომ რომ ანაკლიის პორტი ფოთის ან ბათუმის პორტმა ჩაანაცვლოს ლოგისტიკური, სამართლებრივი და ინფრასტრუქტურული საკითხების გათვალისწინებით. ფოთის სარკინიგზო კავშირი სამტრედიამდე 40 კმ/სთ სიჩქარით 5 მილიონი ტვირთის გატარების შესაძლებლობასაც არ იძლევა. არსებული ნავსადგურების განვითარება 5-10 წლის ჭრილში დაგვაკმაყოფილებს, მაგრამ მეტი განვითარების შესაძლებლობა მათ არა აქვთ”, - განაგრძობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი.
“ანაკლიის ნავსადგურში ადვილად იყო შესაძლებელი, ინგლისურ სამართალს ემოქმედა. ეს ჩადებული იყო ამ პროექტში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინგლისური კანონმდებლობა გამოგვეყენებინა. დაბოლოს, ანაკლიის პორტის გარეშე, ფაქტობრივად, დევალვირებული ფუნქცია აქვს საქართველოს რკინიგზას, რადგან ის თანხა, რაც ჩაიდო, მაგალითად, უღელტეხილის სარეკონტრუქციოდ, რომ მიგვეღწია 50-60 მილიონი ტონა ტვირთის გატარებისთვის, ფუჭი აღმოჩნდება, თუკი მას არ ექნება ისეთი მნიშვნელოვანი წერტილი, როგორიც ანაკლიის ნავსადგურია”, - განმარტავს პაატა ცაგარეიშვილი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"