გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ბერა და ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას ათანხმებენ

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის,  ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

გადაცემის ავტორების მტკიცებით, საუბარში, რომელიც, მათი ვარაუდით, 2016 წელს შედგა და  რომლის ზუსტი თარიღიც უცნობია, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძეც მონაწილეობს, რომელთანაც ჩანაწერში ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ანგარიშსწორების გეგმას ცალ-ცალკე განიხილავენ. 

 

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ანგარიშსწორების გეგმის შესრულების შემდეგაც უკავშირდება და მას ამბის დეტალებს აცნობს. ბიძინა ივანიშვილის შვილი მოქმედ პრემიერმინისტრს ეუბნება, რომ ჩუბინიძის რაზმმა მსხვერპლი ისე შეაშინა, რომ მისთვის ფეისბუქკომენტარის გამო ბოდიშის მოხდაც აიძულეს. 

 

სავარაუდო სატელეფონო საუბრისას, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ასევე უყვება, რომ ფეისბუქპოსტზე მისი შეურაცხყოფის გამო, ჩუბინიძის დაჯგუფებამ სკოლის მოსწავლე, მიზანმიმართულად, ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის მიზნით, მეზობლების თვალწინ დაამცირა. ჩანაწერის მიხედვით, ბერა ღარიბაშვილს უყვება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცოდა. 

 

ჩანაწერში ბერა ღარიბაშვილს ხუმრობით ურჩევს, zoomer-ზე სახელი გადაირქვას იმისთვის, რომ მინისტრებს ზარისას ღარიბაშვილის სახელის ნაცვლად მეტსახელი "ტრი" დახვდეთ - ჩანაწერში ბერა ივანიშვილის ღარიბაშვილს ამ მეტსახელით არაერთხელ მოისხენიებს. 

 

გადაცემის ანონსი სოციალურ ქსელსა და ტვ პირველის სატელევიზიო ეთერში პირველად გუშინ გავიდა. გადაცემაში დაანონსებული ჩანაწერების შესახებ განცხადება გააკეთა უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა. მან სახალხო დამცველს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის თავიდან ასარიდებლად სასამართლოს ამკრძალავი ნორმის გამოყენება შეეძლო.  

 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების პრაქტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არცერთი მსგავსი ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო უწყებები ჯეროვან გამოძიებას არ ატარებენ, რაც "საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან". ამ დრომდე უცნობია ტვ პირველის მიერ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობა-არაავთენტიკურობის საკითხიც. 

 

ლომჯარია ამბობს, რომ "მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს - შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს".  

 

ეთერში ფარული ჩანაწერის გავრცელების პარალელურად განცხადება ქართული ოცნების ოფისში, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მან ჩანაწერს "აბსოლუტური ფაბრიკაცია" უწოდა და აღნიშნა, რომ ის 2010 წელს, სხვადასხვა საუბრების დროს ამოღებული ფრაზებით არის აწყობილი. 

 

 "გვქონდა ინფორმაცია ამაზე და ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ არა - 2011 და 2012 წლების, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ქართული ოცნება, არამედ 2010 წლის, არა ერთ, შეიძლება რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრეფილია, ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზები", - თქვა მდინარაძემ. 

წაკითხვა 522 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 06 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.