“რუსეთის მიზანია, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა მუდმივად რყევის რეჟიმში იყოს”
“მოლაპარაკებების პოზიტიურ ფინალს ეჭვის თვალით ვუყურებდი იმ შემთხვევის გარდა, თუ მიშელის გუნდი ისეთ რამეს შესთავაზებდა მხარეებს, განსაკუთრებით ოპოზიციას, რაც მათ ჩიხურ მდგომარეობაში ჩააყენებდა.
როგორც ჩანს, ასეთი შეთავაზება მართლაც იყო - დაახლოებით ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებიდან. ვინაიდან ჩვენ ჯერ არ ვიცით საბოლოო შეთანხმების პირობები, მეტის თქმა გამიჭირდება. ფაქტია, რომ დანიელსონმა გასწია უდიდესი სამუშაო. ოპოზიციას აქამდე ჰქონდა დღის წესრიგი, რომელიც ყოველგვარ კომპრომისს გამორიცხავდა. მათი მთავარი პირობა, ფაქტობრივად, ძალაუფლების მათთვის გადაბარება იყო. რაც შეეხება ხელისუფლებას, მიმაჩნია, რომ მას საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა, მაგრამ მიიყვანა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთის მიზანია, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა მუდმივად რყევის რეჟიმში იყოს” / “დღეს სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება მიმდინარეობს და ჩვენ მის ეპიცენტრში ვართ, თუმცა ჩვენს პოლიტიკოსებს ამის გაგება არ სურთ”.
“საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დელიკატურ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი. ერთი მხრივ, სირცხვილია, რომ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას ვერ ვახერხებთ, ამიტომ ყოველთვის, როცა მხარეებს შორის პოლიტიკური უთანხმოება გაჩნდება, ვიღაც აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს ბრიუსელიდან ან ვაშინგტონიდან და ჩვენი მორიგება სცადოს. მეორე მხრივ, სიმწარეგარეული იუმორით ვიტყვი - თურმე რამხელა ფასი ჰქონია პატარა საქართველოს, რომ აქ სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში ამდენი და ასეთი რანგის ხალხი ჩაერთო. რაც შეეხება პლებისციტს, აქამდეც ვფიქრობდი, რომ ეს შექმნილი ვითარებიდან ყველაზე მარტივი გამოსავალი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამაზე კარგა ხანია, ლაპარაკობენ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა შენარჩუნდა, პლებისციტის შედეგად ჩვენი საზოგადოება უარს იტყვის ვადამდელ არჩევნებზე, რადგან ეს უმრავლესობისთვის გაუგებარი, მეტიც - მიუღებელია. “ნაცმოძრაობაში” ფიქრობენ, რომ 2024 წელს, სავარაუდოდ, გამოჩნდება ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მათ უპრობლემოდ ჩაანაცვლებს. ჩემი აზრით, ამიტომაც ეშურებიან ვადამდელ არჩევნებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“აქამდე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთ მხარეს ამ შეთანხმების მიღწევა არ სურდა. ვნახეთ, რამხელა რანგის დასავლელი დიპლომატი - შარლ მიშელი ჩამოვიდა ჩვენი საქმეების მოსაგვარებლად. ერთი შეხედვით, გასაოცარიც კია, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ასეთი სერიოზული ფიგურა რომ ჩაერთო პროცესში, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ახლა უკვე მისი პირადი წარმომადგენელი ჩამოვიდა. აქედან გამომდინარე, ჩანს, რამხელა მნიშვნელობა აქვს დასავლეთისთვის ამ რეგიონს და საქართველოს, როგორც აქ მის საყრდენს. ეს არის მათთვის ერთგვარი პლატფორმა და, ბუნებრივია, იმ რეგიონული ცვლილებების ფონზე, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება, ევროპელ თუ ამერიკელ პოლიტიკოსებს აქ შექმნილი ვითარება უფრო აღელვებთ, ვიდრე ის, საქართველოს პარლამენტში ვინ შევა და ვინ არა... დღეს სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებაა და ჩვენ მის ეპიცენტრში ვართ, თუმცა ჩვენს პოლიტიკოსებს ამის გაგება არ სურთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია ვერ აცნობიერებს შექმნილ ვითარებას. რომ გითხრათ, ხელისუფლება სრულად ხედავს რეალობას-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ შედარებაც არ არის იმიტომ, რომ ოპოზიცია მხოლოდ იმაზეა გადაგებული, როგორმე ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რადიკალურ ოპოზიციაში ის კი არ აინტერესებთ, რეალურად ვის უჭერს მხარს ამომრჩეველი, არამედ მათ უპირობოდ სურთ ძალაუფლება ჩაიბარონ. ანუ მათი რიტორიკა ასეთია - “არჩევნები აუცილებლად მე უნდა მოვიგო”. რაც შეეხება პლებისციტს, ვფიქრობ, ამით ოპოზიციას საყრდენი საბოლოოდ გამოეცლება. დასავლელი პოლიტიკოსებისგან უკვე ისმის კითხვები, რატომ ცდილობენ ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მათივე პარტნიორების იმიჯის შელახვას, მათ დისკრედიტაციას მუდმივად იმაზე ლაპარაკით, რომ არჩევნები გაყალბდა, როდესაც ძალიან ავტორიტეტული დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ცალკეული ქვეყნები ამ არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, აღნიშნავენ, რომ იყო დარღვევები, მაგრამ არც ერთ დამკვირვებელ ორგანიზაციას არჩევნების შედეგები საეჭვოდ არ მიუჩნევია. ბუნებრივად ისმის კითხვა: ვის თამაშს თამაშობს რადიკალური ოპოზიცია ამაზე მუდმივი პედალირებით?! მათი ნაწილი, შეიძლება გაუცნობიერებლადაც კი, მესამე ძალის ძალიან სახიფათო თამაშის მონაწილეა!” - მიიჩნევს ექსპერტი.
“დღეს რეგიონში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, როდესაც სამხრეთ კავკასიაში გავლენები მნიშვნელოვნად იცვლება და ყარაბაღის ომის შედეგი საბოლოო არ არის, მუდმივად არეულობის კერის შექმნის სურვილი ვისი ინტერესი შეიძლება იყოს, თუ არა რუსეთის? მე არაფერს ვამტკიცებ, ვსვამ შეკითხვას - ხომ ფაქტია, რომ აქ დასავლეთის გავლენის შესუსტება, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ჩვენი საზოგადოების დანაწევრებაა რუსეთის მიზანი, რასაც, წლებია, ცდილობს. მაშ, რატომ ვერ ხედავენ ამას ოპოზიციაში?მენიშნა ბრაიზას განცხადება, რომლის მიმართ დიდი სიმპათია არ მაქვს - ყველასთვის ცნობილია, რომ მას “ნაცმოძრაობასთან” ახლო კავშირი აქვს, თუმცა ვფიქრობ, მის განცხადებაში გამოჩნდა სწორედ იმის შიშიც, რომ ამ პროცესის უკან მესამე გარე ძალა შეიძლება იდგეს. მან ილაპარაკა როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე, მაგრამ საინტერესოა, რომ მისი მიმართვის ადრესატი დასავლეთიც იყო - ჩემი აზრით,ბრაიზა სწორედ ამიტომ მოუწოდებს სიფრთხილისკენ პარტნიორებს, რომ ქართულ პოლიტიკურ პროცესში გარე ძალის ინტერესებს ხედავს”, - ამბობს მამუკა არეშიძე.
“ გეთანხმებით, რომ ხელისუფლებამაც დაუშვა არაერთი შეცდომა, მათ შორის - მელიას დაპატიმრება, რაც არასწორი და გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. რატომღაც ჩათვალეს, რომ ახლა ამის გაუკეთებლობა მათ სისუსტეს წარმოაჩენდა... “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს პროვოკაცია მაშინ დაგეგმა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, ხელისუფლება კი ამ პროვოკაციას დაუფიქრებლად წამოეგო. გარდა ამისა, უდიდესი შეცდომები დაუშვეს აქამდეც, თუნდაც კოაბიტაციის პროცესში თუ სასამართლო სისტემის ვითომ რეფორმირების დროს - რომელი ერთი ვთქვა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მაინც ტაქტიკური შეცდომებია. მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეცდომა “ოცნებას” არ დაუშვია, მით უფრო - ბოლოდროინდელ პროცესებში, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომლის მთავარ გამწევ ძალად იქცა `ნაციონალური მოძრაობა~, რომელიც მზად არის, ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში... ყველაზე მეტად “ლელოსგან” მიკვირს - ამ პარტიას ჰქონდა საშუალება და რესურსი, რომ დამოუკიდებლად ეთამაშა და მართლაც ქცეულიყო მესამე ძალად, თუმცა მათ გადაწყვიტეს “ნაციონალური მოძრაობის” გავლენით ემოქმედათ, რაც ჩემთვის აუხსნელია. დანარჩენი პარტიების ნაწილი “ნაცმოძრაობის” ნატეხია და არაფერია მათგან გასაკვირი, ნაწილი კი სულ ორ-სამკაციანი, სრულიად ურეიტინგო პარტიებია, რომლებსაც ხმაური აწყობთ და ამიტომაც მიეკედლნენ “ნაცმოძრაობას”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“ქუთაისში გამართული აქცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის აცდენილი ერთმანეთს საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ინტერესები. სწორი და ლოგიკურია თუ არა ეს საპროტესტო აქციები სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით, ეს სხვა თემაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ საზოგადებას, ხალხს ვერ აუხსნეს, კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე და რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოება. მხოლოდ ნამოხვანს არ ვგულისხმობ, ვლაპარაკობ იმაზე, რაც ზოგადად ენერგეტიკული პროექტების განვითარების თვალსაზრისით ხდება. საზოგადოების განწყობაა ისეთი, რომ ყველგან და ყველანაირი ჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან. ჩემი აზრით, ეს პროცესი მესამე, გარე ძალის მართულია. მოკლედ, პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის ნაპრალია, რაც პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ. სხვა შემთხვევაში ერთ მხარეს ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება, მეორეს - მოსვლა”, - განმარტავს ექსპერტი და შეკითხვაზე - “რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა: "ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება საქართველოს მმართველი პარტიისადმი, ისინი გაღიზიანებული არიან, რომ `მეოცნებეები'' სრულად არ ასრულებენ დაკვეთას, უპირობოდ მისდიონ ევროატლანტიკურ კურსს..." - პასუხობს:
“ნარიშკინის განცხადებები ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა რატომღაც მოწინააღმდეგის მხარდაჭერად აღიქვეს, ანუ “ოცნებამ” ეს “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერად მიიჩნია, “ნაცმოძრაობამ” კი - პირიქით, რაც არასწორი მიდგომაა. ნარიშკინის ეს განცხადება, უპირველესად, გზავნილია დასავლეთისთვის, მათთვის კიდევ ერთხელ შეხსენება, ჩვენც აქ ვართო... უკვე ვთქვით, რომ მიშელის ჩამოსვლა და ქართული პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად დასავლეთის გააქტიურება მაინცდამაინც იმით კი არ არის გამოწვეული, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის ბედი აღელვებთ - რა თქმა უნდა, არა! მათთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში მიმდინარე ცვლილებების ფონზე აქ იყოს სტაბილურობა და გაგრძელდეს დემოკრატიის განვითარება, რადგან ჩვენი ქვეყანა არის მათი საყრდენი რეგიონში. და მოგეხსენებათ, სადაც საყრდენია დასავლეთისთვის, რუსეთს სურს, იქ იყოს ქაოსი. ეს არის ნარიშკინის განცხადების შინაარსიც და ქვეტექსტიც... თუ აქ პოლიტიკური კრიზისის შექმნასა და გაღრმავებაში მართლაც მონაწილეობს მესამე ძალა, მაშინ ხომ გასაგებია, რისთვისაც სჭირდება კრემლს ამგვარი განცხადებები?! რუსეთის მიზანია, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა მუდმივად რყევის რეჟიმში იყოს”.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"