რის დათმობას აპირებს “ოცნება” და რას თმობს ოპოზიცია - შეთანხმების სცენარი

“საქართველოში 5-თვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, პირველად ჩნდება შანსი, რომ ევროკავშირის შუამავლობის შემდეგ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს.

ევროპული მედიაციის მესამე დღეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც წითელ ხაზებს აუქმებს და გაჩნდა მოლოდინი, რომ კომპრომისზე წასული მხარეები მორიგდებიან. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდა როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. პროცესში მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენლების განცხადებებიდან ჩანს, რომ შეთანხმების მიღწევა რეალურია და მიუხედავად იმისა, რომ დახურული შეხვედრისას მიმდინარე განხილვის დეტალებზე ღიად არავინ საუბრობს, ცალკეული მინიშნებებიდან უკვე შესაძლებელია ვიმსჯელოთ, თუ რაზე თანხმდებიან მხარეები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაირკვა რის დათმობას აპირებს “ოცნება” და რას თმობს ოპოზიცია - შეთანხმების სცენარი.

 

“სავარაუდოდ, ხელისუფლება მიდის დათმობაზე და წელს შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად გაიმართება პლებისციტი - უჭერს თუ არა მხარს საქართველოს მოსახლეობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ოპოზიცია შედის პარლამენტში და აქტიურად ერთვება საარჩევნო რეფორმაში, რომელიც შემოდგომამდე უნდა მოესწროს და რასაც რიგ შემთხვევებში კონსტიტუციის შეცვლა და პარლამენტში 113 ხმის მოგროვება დასჭირდება. თავის მხრივ, ოპოზიცია დათმობს ნიკა მელიას და გიორგი რურუას საკითხს - მელია, სავარაუდოდ, გადაიხდის გირაოს და დატოვებს საპატიმროს. რურუას ბედი კი გაურკვეველი რჩება. მმართველი გუნდის პოზიცია ასეთია - რურუას პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს და მისი გათავისუფლება მხოლოდ პრეზიდენტის შეწყალებითაა შესაძლებელი. ხოლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, ეს მისი პირადი საქმეა. ამ შეთანხმების შესახებ პირველი განცხადება შესაძლოა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გაკეთდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც მხარეებზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის”, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მანვე გააკეთა პირველი მინიშნება, რომ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს ან ამ საკითხზე პლებისციტის გამართვას წითელ ხაზად აღარ განიხილავს. “ჩვენ ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით და რასაც სამართლიანად ჩავთვლით, იმას, ბუნებრივია, ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, ოპოზიციასთან დიალოგის პროცესში, სამართლიანი პრინციპების გარშემო, შეთანხმება მიღწევადია”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობას, იმედი მაქვს, შედგება შეთანხმება... გვინდა ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკურ თანამშრომლობას. ამისთვის “ქართულმა ოცნებამ” ფუნდამენტური, დემოკრატიული რეფორმები გაატარა და, პირველ რიგში, ჩვენ გვსურს, რომ ამ რეფორმებმა მოიტანოს პოლიტიკური სტაბილურობა და ისეთი პოლიტიკური კულტურა, სადაც არა ზიზღი და ურთიერთდაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა და საქმის მშვიდობიანი განაწილება იქნება შესაძლებელი. ამ დიალოგში, ვფიქრობ, ჩვენ მოგვეცა საშუალება, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის კიდევ უფრო დეტალურად აგვეხსნა, რა არის ქვეყანაში პოლიტიკური კონტექსტი და რა გამოწვევები და საჭიროებები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ერთი რამ ცალსახაა - ევროკავშირის მხრიდან არის საქართველოს ურყევი მხარდაჭერა”, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე, რომლის თქმით, “ამ დიალოგში მათი მონაწილეობა სწორედ ამ მხარდაჭერას გამოხატავს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი, რომელიც კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, “რეზონანსთან” ამბობს, რომ მოლაპარაკების დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს, თუმცა ადასტურებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ დატოვებული 6-პუნქტიანი გეგმის გარშემო შეთანხმება მიდის. სამადაშვილი ამბობს, რომ ამ პუნქტებთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალებზე ჰქონდათ საუბარი, რადგანაც ბევრი კომპლექსური საკითხებია, რომელზეც ორივე მხარის თანხმობაა საჭირო. პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდა ამბობს, რომ მოლაპარაკების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მოლაპარაკების პროცესი წინ მიიწევს და შეთანხმების მიღწევის შანსიც გაჩნდა. მედიატორები მხოლოდ ამბის მიმტან-მომტანები არ არიან და ისინი საკუთარ პოზიციებსაც აფიქსირებენ. ამიტომაც, თუკი მხარეებს რეალურად შეთანხმების სურვილი აქვთ, ეს ნამდვილად შესაძლებელია”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“არსებობს საკითხები, სადაც მხარეების პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია... თუ “ოცნებას” პოლიტიკური ნება აღმოაჩნდება, შეთანხმების სივრცე ნამდვილად არსებობს. ერთი რამ ცხადია - ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგანაც ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში არ შევიდეს. ამ კრიზისის გაღრმავება ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს და “ოცნება” მას გადაჰყვება. ამიტომ შეთანხმების მოტივაცია ხელისუფლებას მაღალი უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება “ოცნების” შემოთავაზებებს, ამაზე საუბარი ადრეა, რადგანაც ჩვენ მედიატორებს იმიტომ ველაპარაკებით, რომ ის საკუთარ ხედვებს გვაცნობს და მერე ამ ხედვების დატესტვა ორივე მხარეს ხდება. ამიტომ არის, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას ცალ-ცალკე ხვდებიან. “ოცნებასაც” კიდევ დამატებით შეხვდებიან და ამ პროცესში შეთანხმებისთვის სივრცე მოისინჯება. ამიტომ “ოცნებიდან” შეთავაზებებზე და ოპოზიციიდან პასუხებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სალომე სამადაშვილი.

 

“ჯერჯერობით მოლაპარაკების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა, მე პირადად გამიჩნდა მოლოდინი, რომ თუკი რელურად შეთანხმების სურვილი გვაქვს, ეს აუცილებლად მოხდება. არაა გამორიცხული, რომ დღესვე გვიან ღამით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრაც შედგეს. კი, ბატონო, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ 6-პუნქტიან გეგმაზე ვსაუბრობთ, თუმცა სიღრმისეულ დეტალებში ვერ შევალ. მედიატორები მხოლოდ ამბის მიმტან-მომტანები არ არიან. ისინი საკუთარ პოზიციებსაც აფიქსირებენ. რაც მე ვნახე, პროცესი წინ მიდის. თითოეულ საკითხზე დეტალური შეთანხმება ხდება. თუ ყველა გარკვეულ კომპრომისზე წავალთ, შეთანხმება იქნება. ამ მოლაპარაკების შემდეგ გამარჯვებას ვერავინ იზეიმებს. მოლაპარაკებას წარმატების შანსი აქვს”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მეგრელიშვილი.

 

“ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცახდებს, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თვიმმართველობის არჩევნებამდე მივიდეს. ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება პლებისციტს დასთანხმდეს და ამით პატარა პარტიები პარლამენტში შეიტყუოს. მისი აზრით, პლებისციტის მოგების შანსი ხელისუფლებას აქვს. ამიტომ მაქსიმალური კომპრომისი, რაზეც ხელისუფლება წავა, ეს ნიკა მელიას გათავისუფლება და პლებისციტი იქნება, ოღონდ იმ დათქმით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით არ უნდა ელაპარკოს, რადგანაც მოლაპარაკების დროს მსგავსი რიტორიკით საუბრი წარმოუდგენელია, მით უმეტეს შედეგის მიღწევა გაჭირდება. არაა გამორიცხული პლებისციტზე კომპრომისი შედგეს, ოღონდ იმ დათქმით, რომ რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს იქნება, თუკი პლებისციტი ხელისუფლებამ წააგო”, - დასძენს სტატიის ავტორი.

 

“არაა გამორიცხული ხელსიუფლება პლებისციტს დასთანხმდეს, თუმცა მოგების შანსი მას უფრო აქვს. პლებისციტი ფარად შესაძლოა პატარა პარტიებმა გამოიყენონ და პარლამენტში შევიდნენ. ხელისუფლებას ახლა ადგილობრივ არჩევნებამდე მისვლა სჭირდება. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც სარისკოა. მართალია, მოგების დიდი შანსი აქვს, მაგრამ გარკვეული რიკსები მაინც არის. თუკი პლებისციტს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩაატარებს, მოგების შანსები კიდევ უფრო იზრდება. თუკი ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს, ამის შემდეგ ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნებზე ხელისუფლების დათანხმება გაუჭირდება. ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნებისთვის ხალხის გულის მოგებას შეეცდება და სხვადასხვა პროექტების და ფინანსური დახმარებების შედეგად ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერას წაართმევს. “ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. ამიტომაც, თუ შედეგები მათთვის სასარგებლო იქნება, რიგგარეშე არჩევნებზე არაფრით არ წავა. ადგილობრივი არჩევნები როგორ ჩაივლის, ხელისუფლება ამისდა მიხედვით იმოქდებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“ძალიან რთული სათქმელია ხელისუფლება რა დათმობაზე წავა. თუმცა ოპოზიციის და ხელისუფლების განცხადებებიდან კარგად ჩაანს, რომ გარკვეული წითელი ხაზები წაშლილია. ეს კი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და გარკვეულ იმედს აჩენს. ოპოზიცია ამ პროცესის პარალელურად პარლამენტში უნდა შევიდეს. სავარაუდოდ, ხელისუფლება პლებისციტს დასთანხმდება, თუმცა, ეს თუ თვითმმართველობის არჩევნებს მიება, “ოცნებას” პლებისციტის მოგების დიდი შანსი აქვს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას ევროსაბჭოდან რა სახის გზავნილებია. ამისდა მიხედვით “ოცნებაც” მეტ დათმობაზე წავა. ვნახოთ, მოვლენები დროში როგორ განვითარდება. ევროპისთვის ახლა საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც ამის დასარეგულირებლად უკან არაფერზე დაიხევენ და ყველა ბერკეტს გამოიყენებენ. სავარაუდოდ, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე საუბარი, თუკი ოპოზიციამ პლებისციტი მოიგო, 2022 წელს უნდა იყოს, რადგანაც საარჩევნო სისტემის რეფორმა და ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილება უნდა მოხდეს. სხვაგვარად რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს”, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 659 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.