ორი ახალი პარტია, რომელიც ვადამდელ არჩევნებს გარდაუვალს გახდის

“პოლიტიკურ ველზე ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიების შემოსვლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს პარტიები “ქართულ ოცნებას” მომხრეების ნაწილს წაართმევენ და მმართველ პარტიას ადგილობრივ არჩევნებზე უკვე გაუჭირდება 43%-იანი ზღვარის გადალახვა. როგორც ცნობილია, შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, თუ “ქართული ოცნება” ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უნდა დაინიშნოს. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, შესაძლოა ეს მოცემულობა “ოცნებას” აწყობდეს კიდეც, რადგან ვადამდელ არჩევნებზე სავარაუდოდ იმაზე მეტ საპარლამენტო მანდატს აიღებს, ვიდრე ახლა აქვს. მისი აზრით, ვასაძისა და გახარიას გუნდები ადგილობრივ არჩევნებზე ცალ-ცალკე ამჟამად რეიტინგით მეორე პარტიაზე, “ნაციონალურ მოძრაობაზე” მეტს ხმას მიიღებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ორი ახალი პარტია, რომელიც ვადამდელ არჩევნებს გარდაუვალს გახდის - “ოცნება” შეიძლება არც ეცადოს 43%-ის აღებას”.

 

“მათი მონაწილეობით ბოლო რეიტინგები მაინც რომ იყოს ცნობილი, ამაზე პასუხი უფრო მიახლოვებული იქნებოდა. თუმცა, ჩემი აზრით, ვასაძესაც და გახარიასაც ცალ-ცალკე უფრო მეტი რეიტინგი ექნებათ, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას” იმიტომ, რომ ენმ-ეს რეიტინგი ძირითადად სააკაშვილზეა, ვისიც მხარდამჭერებს უსიტყვოდ სჯერათ. ანალოგიური ქარიზმატულობა მეტ-ნაკლებად ვასაძესაც აქვს. ვასაძეს რეიტინგი ექნება ქარიზმატულობისა და აგრეთვე იმის ხარჯზეც, რომ ბევრი ის თემა, რომელსაც იგი პედალირებს, სხვადასხვა წრეებისთვის აქტუალურია. თან ის ხელისუფლებაში არ ყოფილა, მის მიმართ საყვედურები არაა, რომ რაღაც რატომ არ გააკეთა ან გააკეთა. საყვედურები ძირითადად რუსეთთან მის ურთიერთობაზეა, რაც, როგორც აღმოჩნდა, შესაძლოა დიდი მნიშვნელობის შეიძლება არ იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

“ვიცით, რომ გახარიას საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა მაშინ, როცა მან პრემიერის პოსტი დატოვა და შეიძლება დღეს პასიურობის გამო ეს რეიტინგი იგივე ხარისხის არ იყოს, მაგრამ, ყოველ შემთხვევისთვის, გარკვეული ტიპის ამომრჩევლებისთვის მიმზიდველი ფიგურაა, მაგალითად ისეთებისთვის რომლებიც ევროპაზე არიან ორიენტირებული და რომლებისთვისაც მიუღებელია როგორც “ოცნება”, ისე “ნაციონალური მოძრაობა”. ასეთებიც ბევრი იქნება, თან იმაზე მეტი, ვიდრე “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებია. ამავე დროს როგორც გახარია, ისე ვასაძე მხარდამჭერების რიგებს შეივსებს იმ ხალხით, ვინც პასიური იყო და არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობდა - ესაა ამომრჩევლების დაახლოებით 40%, რომელიც თითოეული მათგანისთვის ძალიან სერიოზული დანამატი იქნება. თუ დღეს “ნაციონალურ მოძრაობის” რეიტინგი მაქსიმუმ 15% აქვს და ამათმა ერთად 30% აიღეს, “ქართული ოცნებისთვის” რაღა დარჩება? თან სხვა პარტიებიც ხომ არიან. ამიტომ მგონია, რომ “ოცნებას” ადგილობრივ არჩევნებში მიცემული პირობის შესრულება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწიოს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

 

“ამ ლოგიკას თუკი გავყვებით, მიმაჩნია, რომ გახარიასა და ვასაძის პარტიები ძალიან ბევრ ხმას აიღებს, რომლის ფონზედაც “ქართულ ოცნებას” 43%-ის დაგროვება გაუჭირდება. მაგრამ აგრეთვე მიმაჩნია, რომ “ოცნება” ამ 43%-ის მიღწევას მაინცდამაინც არც ეცდება. მას შეიძლება მოცემულ მომენტში ვადამდელი არჩევნები აწყობდეს, რადგან სანამ ვასაძის და გახარიას ჯგუფი მოღონიერდება, “ოცნებას” დიდი შანსი აქვს, რომ მან უფრო მეტი მანდატი აიღოს, ვიდრე ახლა აქვს და დიდი შანსია იმისიც, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ჯერჯერობით დესტაბილიზაციის ნიშნით არიან ცნობილი, მანდატების გაცილებით მცირე რაოდენობა აიღონ. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” 43% თუ ვერ აიღო დაიღუპება, მემგონი ნაადრევია და დიდი შანსიცაა, რომ მის ინტერესში იყოს სწორედ ის, რომ შეპირებულ ბარიერამდე ვერ მიაღწიოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს", - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

წაკითხვა 502 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.