საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქვეყანაში ღონისძიებები დილიდან დაიწყება.

 

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია 25 მაისს გაიმართა.

 

როგორც თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის გამო ღონისძიება მოკრძალებული იქნება.

 

„მინდა აღვნიშნო, რომ 247 რეკრუტი დადებს ფიცს საზეიმო ვითარებაში. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს ძალიან მოკრძალებულად არის წარმოდგენილი 26 მაისის ღონისძიება. თუმცა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჯავშანტექნიკა, ასევე ღონისძიება დაიხურება სუ-25-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით“, - განაცხადა გიორგი გოგოჭურმა.

 

ღონისძიების ორგანიზატორის, თათა სვანიძის ინფორმაციით, ღონისძიებები პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

 

„გასაგები მიზეზების გამო, წელს 26 მაისი განსხვავებული იქნება. პროტოკოლის დაცვით თავისუფლების მოედანზე გაიმართება ფიცის დადების ცერემონია, რომელიც ასევე 5 სხვადასხვა რეგიონიდან იქნება პირდაპირი ჩართვით. ღონისძიება 11:00 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ღონისძიებაზე წელს გადაიფრენენ სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც საქართველოს დროშის ფერებში ბოლს გაუშვებენ.

 

14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიება გაიმართება, რომელიც სამხედრო წესით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა“, - განაცხადა თათა სვანიძემ.

 

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ფიცის დადების ღონისძიებები ისეთ ადგილებშიც გაიმართება, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა. მაგალითად, სვანეთში და ფარავნის ტბაზე - ფოკასთან. ასევე, ფიცის დადების ცერემონია გაიმართება მცხეთაში, თბილისში, აჭარაში და კახეთში - ნეკრესთან.

წაკითხვა 375 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 26 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.