"ერთი კაპიკი არ წამომიღია საქართველოდან, არც ერთ ბიზნესში არ ვმონაწილეობდი"

მთელი დღეებია, მესმის, ჩემ ციტატებს ატრიალებენ, რომ სააკაშვილი იყო მომხრე ჰესის აშენების, მინდა, ჩვენ მომხრეებს ვუთხრა, ვინც ამას მხარს უჭერს და ჩვენ მლანძღველებსაც, 10 და 15 წლის წინ რაც იყო და რაც არის ახლა, სხვადასხვა რეალობაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მთელი დღეებია, მესმის, ჩემ ციტატებს ატრიალებენ, რომ სააკაშვილი იყო მომხრე ჰესის აშენების. დიდი ჭკუით არ მოსდით იმ ხალხს, ვინც ამ ციტატებს ატრიალებს. ეს რომელ წლებში ვიყავი მომხრე? ათი წლის წინ, 15 წლის წინ, ხომ? დიახ, ვიყავი მომხრე, თუმცა არასდროს ასეთ პროექტს არ დავამტკიცებდით, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქალაქ ქუთაისს ან რიონს გააქრობდა საერთოდ და მილში ჩაიყვანდა. ამათმა ყველაზე უარეს პირობებზე, გახარიას ხელმოწერით გააკეთეს ეს კონტრაქტი, მაგრამ 10 და 15 წლის წინანდელი რეალობა სხვაა.

 

მინდა, ჩვენ მომხრეებს ვუთხრა, ვინც ამას მხარს უჭერს და ჩვენ მოწინააღმდეგეებსაც, ჩვენ მლანძღველებსაც, 10 და 15 წლის წინ რაც იყო და რაც არის ახლა, სხვადასხვა რეალობაა. ამოვიდეთ რეალობიდან, რეალობა არის ის, რომ მაგალითად, ჰოლანდიამაც ახლა უარი თქვა გაზის მოპოვებაზე და მთლიანად გადადის ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე.

 

სხვათა შორის, 2009-2010 წლებში გვქონდა გეგმა, მაშინ ბესო ჯუღელი აწარმოებდა ქარის დანადგარებს, რომ პრეზიდენტის სასახლე მთლიანად გადაგვეყვანა ქარის დანადგარებზე. დაგვედგა ორი ქარის დანადგარი პრეზიდენტის სასახლის უკან როგორც სიმბოლო, რომ ჩვენ გადავდივართ მწვანე ენერგიაზე. ჩვენ გვინდოდა საერთოდ საქართველოს მწვანე ენერგიაზე გადასვლა. ახლა უამრავი ახალი ტექნოლოგიაა მეგობრებო, არის მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაშინ ეს არ იყო, როცა ვამბობდით, რომ ჰესები უნდა ავაშენოთ“,- აღნიშნავს სააკაშვილი.

 

მისივე თქმით, საქართველოს არ სჭირდება დამატებით დიდი ჰესები და როგორც სააკაშვილი ამბობს, ეს არის მისი მყარი პოზიცია.

 

„მოდით, შევეშვათ ზერელე საუბარს, რომ ვინც თურმე ჰესის წინააღმდეგია, რეტროგრადია, არაფერი არ ესმის, ბნელეთის მოციქულია და ვინც ჰესის მომხრეა, ის პროგრესულიაო. იქნებ თქვათ, რომ ასეთი ჰესები უკვე პროგრესული არ არის, ეპოქა შეიცვალა, კონტექსტი შეიცვალა და საქართველოს გარემოებები შეიცვალა.

 

მოდით, გავაკეთოთ სერიოზული დისკუსია და შევწყვიტოთ ერთმანეთისთვის იარლიყების მიკერება, რომ სააკაშვილმა შეიცვალა პოზიცია. მე პოზიცია არ შევიცვალე. მაშინ პოზიცია ასეთი იყო სწორი, ძირითადში, რა თქმა უნდა, არა ამ სახით, როგორც დღეს არის წარმოდგენილი მთავრობის მიერ მოწერილ დოკუმენტზე. ახლა სულ სხვა კონტექსტია, ჩვენ ვიმოძრავებთ ამ კონტექსტში ამ მიმართულებით. ეს უნდა იყოს ძალიან დამჯდარი, ნორმალური საუბარი და არა ის, რომ პოლიციის ენით და რკინის ჯებირებით ველაპარაკებოდეთ ხალხს. საკუთარ სახლში არ უშვებს პოლიცია ხალხს იმის გამო, რომ ივანიშვილი მოელაპარაკა და 25-პროცენტიან წილში ჩაჯდა. ახლა, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩიტი ვერ გადაიფრენს საქართველოს ბიზნესში, მით უმეტეს დიდ ბიზნესში ივანიშვილის პირდაპირი წილის გარეშე. ეს იცის ყველამ და ამაში, სხვათა შორის, ჩვენ ძალიან განვსხვავდებით, რადგან, მე ერთი კაპიკი არ წამომიღია საქართველოდან და არც ერთ ბიზნესში არ ვმონაწილეობდი, ეს იყო ჩვენი ცხოვრების პრინციპი. ჩვენი და ჩემი გუნდის აბსოლუტური უმეტესობის“,- განაცხადა სააკაშვილმა.

წაკითხვა 532 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.