“გახარია არასოდეს ყოფილა “ოცნების” გულანთებული წევრი”
“ჰესების მშენებლობას პროტესტი ახლავს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის არაერთ ქვეყანაშიც.
ეს ბუნებრივიც არის, იცვლება ბუნებრივი ლანდშაფტი და ეს ბევრს აღელვებს. თუ ცივილიზებულ ევროპაში აშინებს ხალხს ეს საკითხი, რა გასაკვირია, რომ ნაკლებად ცივილიზებულ საზოგადოებას უფრო აშინებდეს და პროტესტი ჰქონდეს?! პროტესტი, ალბათ, იმითაც არის განპირობებული, რომ სახელმწიფოსა და ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა თავის დროზე შესაბამისად არ იმუშავეს და საჭიროდ არ ჩათვალეს მოსახლეობისთვის ახსნა, რომ ჰესი ქუთაისს არ დაძირავს და ყველა სტანდარტის დაცვით შენდება”, - აცხადებს ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თორნიკე შარაშენიძე: “გახარია არასოდეს ყოფილა “ოცნების” გულანთებული წევრი” / “გახარია თუ თავს გამოიჩენს ხელისუფლების საქმიანი კრიტიკით და მისი ქმედებებიც შესაბამისი იქნება, მაშინ დავიჯერებ, რომ მისი ხელისუფლებიდან წამოსვლის მიზეზი პარტიასა და ხალხს შორის ხიდის ჩატეხა იყო”.
“ვიცნობ ამ საქმის პროფესიონალებს და ვენდობი მათ, როდესაც ამბობენ, რომ კონტრაქტი წაკითხული აქვთ და ყველაფერი წესრიგშია. ამასთან, არა მგონია, ასეთი რეპუტაციის მქონე კომპანია ამხელა პროექტს სტანდარტების დაცვის გარეშე ახორციელებდეს. ან სად გინახავთ, ჩვენს ქვეყანაში ჩამონგრეული ჰესი?! ვფიქრობ, ამ პროტესტის უკან ვიღაც დგას. არ მჯერა, რომ ღარიბი ხალხი ან ემიგრანტები ურიცხავდნენ ფულს აქციის ორგანიზატორებს. მე მაქვს ვერსია, რომ მას ხელისუფლებაში მფარველობს ვიღაც. ფაქტია, რომ გუნდში განხეთქილებაა და ერთმანეთს უქმნიან პრობლემებს. შეთქმულების თეორიას რუსული ფულის შესახებ არ ვიზიარებ. თუმცა ერთი რამ ცხადია, საქართველოში ჰესების გაჩერება რუსეთს აძლევს ხელს. თუ ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება და ჰესებს არ ავაშენებთ, რუსეთიდან მოგვიწევს იმპორტის გაზრდა. ამიტომ ჯობს ჩვენი ელექტროენერგია გვქონდეს და არავისგან ვყიდულობდეთ. მდიდარ ევროპულ ქვეყნებში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში, 80%-ზეა ასული ჰიდრორესურსების ათვისების მაჩვენებელი. ღარიბ საქართველოს აქვს იმის ფუფუნება, რომ ჰიდრორესურსი არ გამოიყენოს?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
“90-იან წლებში ჰესების არარსებობასა და უშუქობას ტყეების მასობრივი გაჩეხა მოჰყვა. რა უფრო აზიანებს ბუნებას, ტყეების გაჩეხა თუ ერთი ჰესის აშენება? იმ რთულ პერიოდში “ხუდონჰესი” სანახევროდ ავაშენეთ და მივატოვეთ სამარცხვინო ისტერიკის გამო. რის გამო ატეხეს ისტერიკა? რა უნდა გაეფუჭებინა ათ რუსულ ოჯახს საქართველოში? იცით, დღეს კიდევ რა მიკვირს? კორუფციაზე იმ ხალხის საუბარი, რომლებმაც საკუთარი მიწები უკვე მიჰყიდეს “ენკას”. კორუფციულია თუ არა პროექტი, რა იცვლება იმ მოსახლეობისთვის, რომლებმაც საკუთარი კარ-მიდამო სარფიანად გაყიდეს?! არ ვიცი, ბევრი რამ გაურკვეველია... სოციალური ამბოხის რა მოგახსენოთ, მაგრამ ქვეყანაში ნამდვილად არის სტრესული გარემო, რაშიც მედიასაც წვლილი მიუძღვის, ამიტომ აღელვებული ადამიანები ხშირად გამოდიან გარეთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლებას ყოველთვის აქვს უპირატესობა. ამომრჩეველმა იცის, რომ ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება და საქმეს არ ირთულებს. ხელისუფლებაც ჩვეულებრივ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. აქედან გამომდინარე, `ქართული ოცნება~ თუ არ გაგიჟდა და თავი არ აიფეთქა, მოგების შანსი აქვს. ოპოზიცია ვერ მოახერხებს ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას. ხომ ხედავთ, ყველა წვრილმანზე ხოცავენ ერთმანეთს. ვფიქრობ, ექსპრემიერ გიორგი გახარიას გამოჩენა არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას შეცვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ყურადღების ცენტრში ვერ მოექცეოდა. ოპოზიციური ამომრჩევლის გულის მოგება ნამდვილად გაუჭირდება. თუმცა არსებობს ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველიც, რომელსაც გახარია მიაჩნია კარგ მენეჯერად”, - თვლის ანალიტიკოსი.
“ვნახოთ, თუ გახარიათავს გამოიჩენს ხელისუფლების საქმიანი კრიტიკით და მისი ქმედებებიც შესაბამისი იქნება, მაშინ დავიჯერებ, რომ მისი ხელისუფლებიდან წამოსვლის მიზეზი პარტიასა და ხალხს შორის ხიდის ჩატეხა იყო. რაც შეეხება ოპოზიციონერ ლიდერებს, როგორც მახსოვს, ძალიან გახარებული იყვნენ, პრემიერის პოსტი რომ დატოვა, ამბობდნენ, ივანიშვილს ეგ დაამარცხებსო... მე რაც ვიცი, ის არასდროს იყო ახლო ურთიერთობაში პარტიის სხვა ლიდერებთან, არც “ოცნების” გულანთებული წევრი ყოფილა. ის გახლდათ მენეჯერი, რომელიც საკმაოდ გვიან შეუერთდა “ქართულ ოცნებას”, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე და შეკითხვაზე - “პიროვნული სიახლოვე აუცილებელია იმისთვის, რომ პრემიერს თავისი უფლება-მოვალეობა შეესრულებინა? თუ რომელიმე ჩინოვნიკის გადაწყვეტილებები არ მოსწონდა, შესაბამის ზომებს რატომ არ იღებდა? გავიგებთ ოდესმე ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება?” - პასუხობს:
“მგონი, 20 ივნისის ამბავი უთავბოლობის ბრალია. ჩემი აზრით, ერთმა პოლიციელმა გაისროლა, მერე სხვებიც აჰყვნენ და ამან გამოიწვია სრული ქაოსი. ჩემს ვერსიას ადასტურებს ოპოზიციონერების მონათხრობი, რომ გახარია რაციაში გამწარებული ყვიროდა, ვინ გასცა სროლის ბრძანებაო. თუ ვინ გასცა ბრძანება, ამაზე დამაჯერებელი პასუხი დღემდე არ არსებობს. შესაბამისად, ასეთი ბრძანების გამცემი უბრალოდ არ არსებობს! ისე, მართლაც ვის უნდა გაეცა ბრძანება, ხალხს დამიზნებით, თვალებში ესროლეთო. გახარიამ აიღო პასუხისმგებლობა - შს მინისტრი იყო და აბა, რა უნდა ექნა, არაორგანიზებულობის გამო დაგვემართა ყველაფერიო, ხომ ვერ იტყოდა?! წესით, კი ოდესმე უნდა თქვას. ახლაც შეუძლია თქვას, აღარც შს მინისტრია და აღარც პრემიერი, პასუხს ვეღარავინ მოსთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ წამოაძახებენ...”
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"