“ოპოზიცია იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს” - ხათუნა ლაგაზიძე

“დავიწყოთ იმით, რომ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება პოლიტიკური მიწისძვრის ტოლფასია.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალა ამისკენ მეთოდურად მიდიოდა, ერთი მხრივ, იმ ღირებულებების იგნორირებით, რომლებიც დემოკრატიულ და დასავლურ სახელმწიფოს ქმნის და, მეორე მხრივ, “გადაგდებების” მთელი სერიით, რაც დასავლეთთან ურთიერთობაში მის ხელწერად იქცა, ამ ტიპის დემარში მაინც წარმოუდგენელი იყო. საქმე ის არის, რომ ამ განცხადებით “ქართულმა ოცნებამ” ის შეთანხმება დასავლეთს თავზე გადაახია, მეტიც, სილა გააწნა. ვფიქრობ, დასავლეთი ამას აღიქვამს არა როგორც ერთი, თუნდაც სტრატეგიული, მაგრამ პატარა ქვეყნის ხელისუფლების არაადეკვატურ ნაბიჯს, არამედ როგორც რეალურ გამოწვევას, რამაც შეიძლება დომინოს პრინციპით იმოქმედოს”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს”.

 

“ავხსნი, რასაც ვგულისხმობ. საქართველოს ტიპის ქვეყნისგან ასეთი სილის გაწვნა დასავლეთის არასაკმარისი რეაგირების შემთხვევაში აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ მთელი მსოფლიოს პატარა ქვეყნების ავტორიტარი მმართველები, მათი მფარველების წაქეზებით, შეეცდებიან დასავლეთს ისევე აახიონ სახე, როგორც ეს გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, ეს კი მნიშვნელოვნად დააზიანებს დასავლეთის იმიჯს, მათ შორის - ამერიკისასაც, რომელიც ჯერ ისევ მსოფლიო წესრიგის მთავარი ციტადელია და ამ ყველაფერმა შეიძლება მთელი მსოფლიოსთვის მოიტანოს მძიმე შედეგები... გავიხსენოთ, 2008 წლის ომის დროს დასავლეთის არასაკმარისმა რეაქციამ და რუსეთის რესურსების არასათანადოდ შეფასებამ გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია - მოხდა ყირიმის ანექსია, სირიის მოვლენები და დღეს რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობაში ისეთი ძლიერია, როგორიც ბოლო 30 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა. ეს გამოიწვია სწორედ დასავლეთის ახლომხედველურმა პოლიტიკამ, რუსეთის შესაძლებლობების არარაციონალურმა შეფასებამ, ასევე თანამედროვე დასავლური ინსტიტუტების სისუსტემ და სტრატეგიული აზროვნების დეფიციტმა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

 

“მოკლედ, თუ არ იქნება დასავლეთის დროული და ადეკვატური რეაქცია, შესაძლოა ამ ყველაფერს არანაკლებ მძიმე პროცესები მოჰყვეს. თუ დასავლეთს ოდნავი რაციონალიზმი და პრაგმატულობა შერჩენია, საქართველოს ხელისუფლების ამ ქმედებას სწორედ ასე შეაფასებს. ამ შემთხვევაში სასწორზე დევს არა საქართველოს დემოკრატიულობა ან პროდასავლურობა, არამედ დასავლეთის, როგორც მსოფლიო წესრიგის უმნიშვნელოვანესი გარანტის როლი და იმიჯი. რაც შეეხება იმას, რამ განაპირობა “ქართული ოცნების” ეს ნაბიჯი... შეიძლება ვიფიქროთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ერთ დღეს გაიღვიძა და უცებ გადაწყვიტა, პროდასავლური შლეიფის ერთი ხელის მოსმით ჩამოშორება, მაგრამ რაციონალურობა ამგვარ მოსაზრებაში არ ჩანს. საქმე ის არის, რომ დასავლეთი აქამდეც დიდი სიამოვნებით ხუჭავდა თვალს “ქართული ოცნების” ნაბიჯებზე, განსაკუთრებით -ბოლო ორი წლის განმავლობაში და მმართველ ძალას ასევე შეეძლო გაეგრძელებინა მოქმედება პროდასავლური რიტორიკითა და ანტიდასავლური საქმით, რაზეც დასავლეთს მაინცდამაინც მკაცრი რეაქცია არ ექნებოდა და ამაში მათ ვერც სუსტი ოპოზიცია შეუშლიდა ხელს. ჩემი აზრით, აქ მთავარი ინსპირატორი მაინც ის იყო, რომ “ქართული ოცნებისთვის” დიდ გამოწვევად და რუბიკონად იქცა 43%, რომელიც ამ შეთანხმებაში ჩაიდო და რომლის ვერაღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“როგორც ჩანს, კვლევების შედეგები კატასტროფულია, “ოცნება” ძალიან შორს არის ამ 43%-ისგან და ამიტომაც ვისმენთ მათგან, 43% კი არა, 3%-იც რომ ავიღოთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნებაო. მწარედ ცდებიან... საქმე ის არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში, იმის მიუხედავად, მმართველი ძალა გააუქმებს თუ არა ამ შეთანხმებას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც გარდაუვალი იქნება. “ქართული ოცნება” არის ზეეკლექტური გაერთიანება, ეს არის ძალაუფლებასა და მისგან მიღებულ გამორჩენას დახარბებული ადამიანების ერთობა - ვგულისხმობ “ოცნების” ელიტას; ამავე დროს, ადგილებზე პარტიის ღერძს ქმნიან ყოფილი “ნაციონალები”, რომლებიც როგორც კი დაინახავენ პარტიის წაბორძიკებას, მაშინვე დაიწყებენ უკეთესი ვარიანტის ძებნას. “ოცნებაში” მრავლად არიან მედროვეებიც, რომლებიც ყველა ხელისუფლებაში თავის ადგილს პოულობდნენ. ისინიც, როგორც კი დაინახავენ, რომ “ოცნებამ” ვერ შეძლო 43%-იანი მხარდაჭერის მიღება, მაშინვე გადალაგდებიან სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში, რადგან გადაწყვეტენ, რომ ეს “ოცნების” დასასრულის მომასწავებელია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“ასე რომ, “ოცნებამ”, რაც უნდა გადათქვას რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობა, თუკი ის თვითმმართველობის არჩვენებში ვერ მოახერხებს 43%-ის აღებას, ეს იქნება პარტიაში სიგნალი ყველასთვის, რომ “ოცნების” დასასრული დაიწყო და გაღრმავდება მისი დაშლის პროცესი. ამის დასაწყისად თამამად შეიძლება მივიჩნიოთ გიორგი გახარიას ოპოზიციაში გადასვლა. სხვათა შორის, მუნიციპალიტეტებში გახარიას პარტიის სავარაუდო კანდიდატებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ “ქართულ ოცნებას” არაერთ მუნიციპალიტეტში მოუწია უკვე შერჩეული კანდიდატების შეცვლამ - ისინი იძულებული გახდნენ, უფრო წონიან კანდიდატებზე ეფიქრათ. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც “ოცნებას” ეს გააბედვინა, არის ამ პარტიასთან დასავლეთის ენის მოჩლექით საუბარი, განსაკუთრებით - ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რასაც ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი - დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება და “ოცნება” ამტკიცებდა, რომ მის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა და მეორე - ოპოზიციის სისუსტე... არსებობს გამოთქმა, ხალხი იმ ხელისუფლებას იმსახურებს, რომელიც ჰყავსო. ამის პერიფრაზს გავაკეთებ და ვიტყვი, რომ საქართველოს ოპოზიცია იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს. ეს ითქმის მთელ პოლიტიკურ სპექტრზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ამას დასავლეთი კარგად ხედავდა, განსაკუთრებით - შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

 

“დასავლეთს სჭირდება ოპოზიცია, როგორც სტაბილური, სტრატეგიული დასაყრდენი, რომელიც, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყნის სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს დაქსაქსული ოპოზიცია, რომლის ნაწილიც პარლამენტში შესვლის შემდეგ იქცა “ქართული ოცნების” ლეღვის ფოთლად, ნაწილი კი საკუთარ სკამებს არის ჩაბღაუჭებული და სხვა მიზნები აღარც აქვს, დასავლეთს უკეთეს პერსპექტივას ვერ დაანახებდა და ისიც იძულებული იყო, ხელისუფლებაში მყოფ ძალასთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა. ამ ყველაფერმა “ქართულ ოცნებას” შეუქმნა ილუზია, რომ დასავლეთის არაერთგზის გადაგდება შეეძლო. იმედი აქვთ, რომ ყველაფერი შერჩებათ. ისინი, როგორც ჩანს, დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარების რესურსს კვლავაც ხედავენ. მოკლედ, გათავხედებული ბავშვებივით მოიქცნენ”, - ამბობს რესპონდენტი.

 

“დღეს ოპოზიცია ისეთი ჭრელი და დაქსაქსულია, როგორიც რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში შესვლამდეც არ ყოფილა. მაშინ ერთგვარ სახეს მაინც ინარჩუნებდა, დღეს კი ოპოზიცია სამ კატეგორიად არის დაყოფილი. პირველი - ეს არის ე.წ. ლეღვის ფოთოლი, რომელიც დიდი სიამოვნებით ირგებს “ქართული ოცნების” ადვოკატის როლს და ამის არც ერიდება; მეორე ნაწილი აშკარად არ გამოხატავს “ქართული ოცნების” მხარდაჭერას, მაგრამ კარგად ხვდება, რომ ეს მისთვის ბოლო პარლამენტია და ამიტომ ყველანაირად ებღაუჭება სადეპუტატო სკამს; მესამე ნაწილი ხელისუფლების რეალური ოპოზიციაა, თუმცა ეს ვითარება ძალიან ართულებს ოპოზიციაში საერთო ხედვის და სტრატეგიის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ ყველგან მერობის ერთიანი კანდიდატები უნდა წამოაყენონ, მაგრამ მათ სჭირდებათ საერთო გენერალური ხაზი, ამისთვის ბრძოლა და ამომრჩევლის მაქსიმალურად მოტივირება, ეს ხაზი კი გადის იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერაფრით აიღოს 43%. როგორც კი ამას ვერ შეძლებს, მისი დაშლა დაიწყება... აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ოპოზიციის გენერალური ხაზი უნდა იყოს ამომრჩევლის შემოკრება ერთი გზავნილით - ეს არ არის არჩევნები მხოლოდ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობის დასაკომპლექტებლად, ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა შეძლოს დასავლურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავისუფლება და უსაფრთხოება იქნება დაცული”, - თვლის ექსპერტი.

 

“მოვუსმინე ევროკავშირში ჩვენს ყოფილ ელჩს, ნატალია საბანაძეს, რომელიც ახლახან გახარიას გუნდს შეუერთდა და ვეთანხმები მის შეფასებას. მან აბსოლუტურად ლოგიკურად ახსნა შარლ მიშელის ძალიან სუსტი განცხადება, თქვა რა, რომ მიშელმა არ მოიჭრა გზა “ქართულ ოცნებასთან” დიალოგის გასაგრძელებლად. ამაში, რა თქმა უნდა, არის ლოგიკა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არასწორი პოზიციაა და ბატონი მიშელი გაცილებით მკაცრი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამგვარმა რბილმა შეფასებებმაც მიიყვანა “ქართული ოცნება”აქამდე, წაახალისა ის არასწორი ნაბიჯების გადასადგმელად. ზოგადად კი, ვშიშობ, დაგვიანებული არ იყოს დასავლეთის მძაფრი რეაქცია და მართლაც ყველაფერი ისე არ მოხდეს, რომ საქართველოში ახალი ბელორუსი მივიღოთ. დასავლეთმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააცნობიეროს საქართველოს ღირებულება - ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი სამომავლო ქმედებების დაგეგმვისას აუცილებელია ვიცოდეთ, რამდენად უღირს საქართველო დასავლეთს, როგორც სტრატეგიული და დემოკრატიული პარტნიორი, მით უფრო - ამ ურთულეს რეგიონში, - დასძენს ლაგაზიძე და შეკითხვაზე - “ბოლო ხანს ხშირდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ლაპარაკი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე; რუსულ პრესაში გაჩნდა მოსაზრებები ჩვენს ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე...” - პასუხობს:

 

“რა თქმა უნდა, ეს ერთიანი გეგმის ნაწილია. რუსეთმა, დიდი ხანია დაიწყო ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის გამოყენება, რაც ნიშნავს იმგვარ საინფორმაციო პოლიტიკას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში, ერთი მხრივ დასავლეთისადმი იმედგაცრუებას გააღრმავებს და, მეორე მხრივ, დაუცველობის, სასოწარკვეთის განცდას გამოიწვევს და ჩვენს დაქსაქსვას შეუწყობს ხელს.... გავიხსენოთ თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობის შევარდნაძისეული პერიოდი. მაშინ სწორედ ამ სამკუთხედმა შეძლო, რომ დღეს საქართველო ისევ ფეხზე დგას და ისევ აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. ამ ქვეყნების მაშინდელმა ლიდერებმა - შევარდნაძემ, ალიევმა და დემირელმა დასავლეთისთვის ამ სამკუთხედის უნიკალური ფუნქცია ჯერ თავად დაინახეს და მერე დასავლეთს შესთავაზეს, როგორც, ერთი მხრივ, რუსეთის შემაკავებელი პლატფორმა და, მეორე მხრივ, ენერგორესურსების მიწოდების ალტერნატიული გზა. ამით მოვდივართ დღემდე. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას ვერ და არ გააკეთებს. ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ნელი კვდომის რეჟიმში გადავედით. ასეთი დასავლეთსაც აღარ აინტერესებს. შვილი კი არ ხარ, რომ მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ და ყველაფერი გაპატიონ! საერთაშორისო ურთიერთობებში შენი საჭიროება მუდმივად უნდა ამტკიცო. სხვას რომ აინტერესებდე, ფასეული უნდა იყო, როგორც შენი რეგიონის საინტერესო აქტორი. ამიტომ არის აუცილებელი მრავალვექტორული პოლიტიკის წარმართვა!”

წაკითხვა 501 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.