“ივანიშვილი “ოცნებას” უქმნის სპარინგ-პარტნიორს...” - ვახტანგ ძაბირაძე

“ვფიქრობ, “ოცნებამ” საბაბად გამოიყენა ის, რომ “ნაცმოძრაობა” არ შეუერთდა შეთანხმებას.

ჩემთვის სრულიად გაუგებარი და უარგუმენტო იყო მიზეზი, რის გამოც “ნაცმოძრაობამ” შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. რატომ გადადგა მმართველმა გუნდმა ასეთი ნაბიჯი? სავარაუდოდ, გაუჩნდათ შიში, რომ დათქმულ 43%-ს ვერ აიღებდნენ. ამაზე მეტყველებს კობახიძის განცხადებაც, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და იფიქრებენ კოალიციურ მმართველობაზე, თუ ოპოზიციაში გაჩნდა ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს. ესე იგი, ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს, ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს ემსახურება თუ არა. აბსურდია ამაზე საუბარი. დიდი დარტყმა მიიღო მმართველმა გუნდმა საერთაშორისო­ პარტნიორებისგან. მართალია, დასავლელი პარტნიორების ყველა განცხადებაში ხაზგასმულია “ნაცმოძრაობის” შეუსრულებელი ვალდებულება, მაგრამ აქცენტი მაინც “ოცნებაზეა” გაკეთებული”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილი “ოცნებას” უქმნის სპარინგპარტნიორს...”

 

“9 წელიწადი იყო გახარია ივანიშვილსა და “ოცნებასთან” და ყველაზე კარგად მან იცის, რა ხდებოდა სამზარეულოში. თუმცა მე მასთანაც მაქვს კითხვა - როცა მიიღო პრემიერის თანამდებობისა და პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, ძალიან გაბედული იყო? გახარია პოლიტიკური ფიგურა არასდროს ყოფილა. დღეს მას აქვს პოლიტიკური კაპიტალი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ “ოცნების” ხარჯზე აქვს დაგროვილი. ამასთან, მის ყოველ ნაბიჯს ივანიშვილი განსაზღვრავდა. გახარიამ უნდა იცოდეს, რომ “ოცნების” ლიდერებთან ერთად კითხვები მასთანაც არსებობს... მაგრამ ნახეთ როგორი სიტუაციაა, - “ოცნება” აშკარად კარგავს რეიტინგს, ხელისუფლებაში ახალი ძალა ოპოზიციიდან უნდა მოვიდეს. კობახიძე ლაპარაკობს შესაძლო ალიანსებზე კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით. განცხადება, მოღალატეებთან კოალიციაში არ შევალთო, არაფერს ნიშნავს. თუ დასჭირდებათ, ამას უცებ დაივიწყებენ. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კარგად ვიცნობ, - ერთმანეთი რომ ჯვარს აცვეს, ის ხალხი ახლა ერთად დგას. მგონი, ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სცადეს ოპოზიციაში შექმნილიყო ძალა, რომელიც “ოცნებას” ჩაანაცვლებდა, მაგრამ ამაოდ. ახლა გახარიაა ასპარეზზე, თუმცა მას გარანტირებული არაფერი აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“თუ გახარია შეძლებს და ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერი პარტია თუ არა, მეორე ძალა გახდება, ყველაფერი რიგზე იქნება, თუ არადა, არც არაფერი... მგონი, დაახლოებით ისეთი სცენარი თამაშდება, როგორიც 2003 წელს ვნახეთ... ივანიშვილი სპარინგ-პარტნიორს უქმნის იმ ამომრჩეველს, რომელსაც “ოცნება” აღარ მოსწონს. ჩემს ვერსიაში გახარიას აქვს ივანიშვილის კურთხევა და თუ ის ადგილობრივ არჩევნებში გაამართლებს, შეიძლება სერიოზულად დაიწყოს მუშაობა იმაზე, რომ მისი პარტიის ლიდერი გახდეს. რთული თამაშია. როგორც ჩანს, ივანიშვილს კარგი კონსულტანტები ჰყავს, შესაძლოა თავადაც ალაგებს ამ რთულ კომბინაციებს. ასეა თუ ისე, კარგად გამოსდის თამაში”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თქვენი აზრით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ივანიშვილი რისკზე მიდის თუ როგორც ოპოზიცია ამბობს, მიზანმიმართულად ცვლის ქვეყნის დეკლარირებულ კურსს?” - პასუხობს:

 

“კარგი იქნება, თუ ოპოზიცია დაფიქრდება და პროცესების სწორ ანალიზს გააკეთებს. ოპოზიცია ივანიშვილის პრორუსობაზე მას შემდეგ ლაპარაკობს, რაც “ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა. მე თუ მკითხავთ, საქართველოს ხელისუფლებაში პროდასავლური ძალა არასდროს ყოფილა. შევარდნაძის მსგავსად, “ნაცმოძრაობაც” მხოლოდ დეკლარირებულად იყო პროდასავლური... შესაბამისად, ოპოზიცია ტყუილად ნუ აიჩემებს, “ოცნებამ” კურსს უღალატაო, მაინც არ გამოიწვევს ეს ხალხის პროტესტს. ოპოზიცია 9 წელია ერთ წრეზე ტრიალებს და მუდმივად კედელს ეჯახება. აუხსნელად და გაუგებრად მოქმედებენ ოპოზიციონერი ლიდერები. ეგებ გამაგებინოს ვინმემ, ნიკა მელიამ რატომ დატოვა პარლამენტი? იუკადრისა 19 აპრილის შეთანხმების ანულირება? თუ ეს მისთვის მიუღებელი იყო, დანარჩენი “ნაციონალებისთვის” არ იყო? თითქოს ვიღაცას მელიასგან მედროშის, გმირის შექმნა სურს, მაგრამ ისეთ რაღაცებს აკეთებინებენ, ანტიგმირს ქმნის. სწორი იქნებოდა, კენჭი არ ეყარა თბილისის მერად, მაგრამ აიძულეს. ალაპარაკეს, არ გამოვალ ციხიდანო და ბოლოს გამოიყვანეს...”

 

“არ ვფიქრობ, რომ კრიტიკულ განცხადებებს რადიკალური ნაბიჯებიც მოჰყვება. დასავლეთისთვის სანქციების დაწესება და ომის გამოცხადება ერთ სიბრტყეში განიხილება. ისინი იმედის საბოლოო გადაწურვამდე შეეცდებიან აქ პოზიციების შენარჩუნებას და სიტუაციის დასტაბილურებას. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალიან ცუდად, უთავმოყვარეოდ იქცევა, დასავლეთს ოქროს ურდოსავით უყურებს, ხან ერთი პოლიტიკური ჯგუფი გარბის ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში, ხან მეორე, ერთმანეთს აბეზღებენ და თავად ითხოვენ მხარდაჭერას. ყველაფერს აკეთებენ, რომ გვირგვინი და კურთხევა მიიღონ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან. დასავლეთს არჩევანიც კი არ დარჩა, მის მხარდაჭერას არც მმართველი გუნდი იმსახურებს და არც ოპოზიცია”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

 

“უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სპექტრი ბერწია. აღარაფრის შეთავაზება აღარ შეუძლიათ, ამიტომ დავრჩით არჩევნის გარეშე. გამოსავალი გაძლებაშია. უნდა გავძლოთ, სანამ პოლიტიკაში ახალი ხალხი არ მოვა. ეს მარტივი არ არის, ჩვენ ხელის ერთი მოსმით ვერც ვერავის გავიყვანთ პოლიტიკიდან და ვერც შემოვიყვანთ, მე იმედის თვალით ვუყურებ იმ თაობას, 13 ივლისის ტრაგედიის დროს ვერეს ხეობაში საკუთარი სურვილით რომ გავიდა და ქალაქის დასუფთავება დაიწყო. ამას 10-15 წელი მაინც დასჭირდება.... დასავლეთი სწორედ იმაში უნდა დაგვეხმაროს, რომ რუსეთის პირდაპირი სამხედრო აგრესია აგვარიდოს თავიდან და რუსულ რბილ ძალას როგორმე გადავიტანთ. ღია აგრესიულ ძალას გავუძელით 200 წელი და ესეც უნდა გადავიტანოთ, სხვა გამოსავალი არ არის”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

 

“რუსეთი მუშაობს, თანაც ძალიან მაგრად. ახლა ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე და სუსტი წერტილი მჭიდროდ დასახლებული ეთნიკურად არაქართული რაიონებია. თუ შევძლებთ და ახალ ცხელ კონფლიქტს ავირიდებთ თავიდან, ესეც საქმეა. ამ პოლიტიკური სპექტრის შემყურეს სხვა არაფრის იმედი არა მაქვს. 2016 წლიდან ვიხვეწები, ოღონდ “ოცნებასა” და “ნაციონალებს” არ მისცეთ ხმა და ვისაც გინდათ, იმას დაუჭირეთ მხარი-მეთქი. მარტივი არითმეტიკაა: ნახევარ-ნახევარი მილიონია ის ხალხი, ვინც ამ ორ ძალას უჭერს მხარს, დანარჩენს არც ერთი უნდა და არც მეორე. თუ ეს ხმები დანარჩენებზე გადანაწილდება, გადავრჩებით. “ოცნებასა” და `ნაციონალებს~ შორის შეიქმნება “უსაფრთხოების ბირთვი”, რომელიც ორივეს გაანეიტრალებს. შესაძლოა ერთი კოალიციური ძალა ვერ მივიღოთ, მაგრამ იქნება რამდენიმე პოლიტიკური ძალა სერიოზული ელექტორალური მხარდაჭერით, და ამ ორ ძალას დააბალანსებს. სამწუხაროდ, საზოგადოება ამისთვის მზად არ არის. ტელემედიაში საოცარი რამ ხდება, მათ შემხედვარეს იმედი მეწურება და ამიტომაც ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი გაძლებაა”, - დასძენს ძაბირაძე.

წაკითხვა 350 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.