“ოცნება” ამბობს, რომ ქართველი ხალხის გადაგდებაში ევროპული მხარეც მონაწილეობდა. ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს კობახიძეს” - მამუკა ხაზარაძე

“უკომპრომისო ბრძოლაში ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან უსამართლობას.

ისინი ცოტანი არ არიან. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - თუ თავად არ ვიბრძოლებთ, თავადვე არ გამოვხატავთ პროტესტს იმის წინააღმდეგ, რაც არ მოგვწონს, მაშინ სხვისი იმედიც არ უნდა გვქონდეს. მეგობრებს უპირველესად ჩვენი ბრძოლა უნდა დავანახოთ, რომ მერე გვერდით დაგვიდგნენ. ჩვენ მაგივრად არავინ არაფერს გააკეთებს. ეს აქსიომაა, მაგრამ ხშირად გვავიწყდება და გვგონია, სხვა გააკეთებს ჩვენს საქმეს”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნება” ამბობს, რომ ქართველი ხალხის გადაგდებაში ევროპული მხარეც მონაწილეობდა. ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს კობახიძეს” / “ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ “ოცნებამ” ვერ აიღოს 43% და 2022 წელს დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები”.

 

“ეს არის კონსპირაციული თეორია, თითქოს ევროპული მხარე დაეთანხმა იმ შეთანხმების დარღვევას, რასაც ხელი თავადვე მოაწერა. სრული აბსურდია. ჩვენი ევროპელი მეგობრები აუცილებლად გამოეხმაურებიან კობახიძის ამ განცხადებას. ეს არ არის ჩვეულებრივი, რიგითი განცხადება... ეს სერიოზული ბრალდებაა. “ოცნება” ამბობს, რომ ქართველი ხალხის გადაგდებაში ევროპული მხარეც მონაწილეობდა. ამაზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს კობახიძეს... ჯერ ერთი, მიშელის დოკუმენტი არ არის ნოტარიულად დამოწმებული რაღაც ხელშეკრულება. ეს არის პოლიტიკური შეთანხმება, საიდან გამოსვლაც გამორიცხულია. შეთანხმება შედგა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად და “ოცნება” ვერ შეძლებს ასე მარტივად ხელის დაბანას. რაც შეეხება ოპოზიციის საკეთებელ საქმეს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ უკომპრომისო ბრძოლა და ხალხს დავანახოთ ნათელი მაგალითი იმისა, როგორ დასრულდება ერთი პოლიტიკური ჯგუფის თვითნებობა. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ “ოცნებამ” 43% ვერ აიღოს”, - აღნიშნავს გამოცემის საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

 

“პარლამენტიდან გასვლას არ ვგეგმავთ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები. კობახიძე კი ამბობს, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ვაპირებთო, მაგრამ ავიწყდება, რომ ჩვენ პარლამენტში მიშელის შეთანხმების შესასრულებლად შევედით. თუ “ოცნება” გააგრძელებს ამ დესტრუქციულ ქმედებას და უარს იტყვის შეთანხმების შესრულებაზე, მაშინ პარლამენტს დავტოვებთ და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ამისკენ მოვუწოდებთ. სხვა გამოსავალი აღარ იქნება. უკვე აღარ არის იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ ვიღაცა გადააგდო... აქ უკვე საუბარია იმაზე, გაფორმდება თუ არა ჩვენი ქვეყანა რუსეთის გუბერნიად. უკვე ნათლად ჩანს, რომ რუსეთმა თავისი რბილი ძალის გატარებისთვის “ოცნება” გამოიყენა”, მიიჩნევს “ლელოს” ლიდერი.

 

“ნაცმოძრაობამ” ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და “ოცნებას” ხელშეკრულების დარღვევის საბაბი მისცა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ “ოცნების” საბაბი არც ისე წელგამართულია - “ნაციონალებმა” თუ არ მოაწერეს, სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ხომ მოაწერეს? ხელშეკრულება ხომ გაფორმდა? “ლელო” დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას. “ლელო” სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ქვეყანაში აღარ იყოს ორი პოლუსი და ამომრჩეველს ალტერნატივა ჰქონდეს. ის, რომ დროის რაღაც მონაკვეთში ჩვენი და სხვა პოლიტიკური პარტიების ამოცანები ან მიზნები ერთმანეთს დაემთხვა, არ ნიშნავს, რომ ვინმეს შევეკარით”, - განმარტავს რესპონდენტი.

 

“დიახ, ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ამომრჩეველს პრობლემიდან გამოსასვლელად კონკრეტულ გზებს სთავაზობს. ახლა ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ ხმას მივიღებთ საკრებულოში. მთავარია, ოპოზიციური სპექტრის ხმები არ დაიკარგოს. მთავარი ამოცანა ახლა “ოცნების” გასტუმრებაა. შესაბამისად, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს არჩევნის თავისუფლება უნდა მივცეთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყენოთ დილემის წინაშე - “ოცნება” ან “ნაცმოძრაობა”. ეს აუცილებელია, რომ კოალიციური მმართველობა მივიღოთ... თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მომავალ კვირას შევთანხმდებით და პრეზენტაციასაც ჩავატარებთ, ამჯერად, პრეზენტაციის გამართვამდე სხვას ვერაფერს გეტყვით...”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე.

წაკითხვა 392 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.