“მელია მართლაც არ ჰგავს მელიას, ის წინასწარ წაგებულ თამაშს თამაშობს” - ვახტანგ ძაბირაძე

“ოპოზიციის ინერტულობაზე ორი ვერსია მაქვს: ან ვერ ჩამოყალიბდა, ან წინასწარ შეეგუა წაგებას.

ამბობენ, რომ აქტიური საარჩევნო კამპანია მომავალი კვირიდან დაიწყება. აქამდე რას უყურებდნენ? ჩემი აზრით, ძალიან აგვიანებენ. მე ახლა ზესტაფონში ვარ და აქ არავინ ლაპარაკობს არჩევნებზე. ხალხი პანდემიასა და ვაქცინაციაზე შეთქმულების თეორიებს ინტერესით განიხილავს. კაციშვილს არ ახსოვს არჩევნები. ხელისუფლებას უდიდესი ფორა აქვს - ვერტიკალი აწყობილი აქვს, სახელისუფლებო სტრუქტურებს იყენებს (კანონიერად თუ უკანონოდ, სხვა საქმეა), შეხვედრებს ატარებს, დაპირებებს გასცემს და ამ დროს ოპოზიცია რას აკეთებს? ერთადერთი მესიჯი იყო ასეთი: ეს ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნები კი არა, რეფერენდუმია და ხმა იმიტომ კი არ უნდა მოგვცეთ, რომ ეკონომიკას განვავითარებთ - ხმა იმიტომ უნდა მოგვცეთ, რომ 43% ვერ აიღოს “ოცნებამ~ და ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნებიო”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მელია მართლაც არ ჰგავს მელიას, ის წინასწარ წაგებულ თამაშს თამაშობს”.

 

“სამი თუ ოთხი ორგანიზაციის კვლევა გამოქვეყნდა, თავის მხრივ, “ოცნებამ” გამოაქვეყნა შიდა კვლევის შედეგები. მე არასდროს ვაკეთებ აქცენტს, ემთხვევა თუ არა ციფრები ერთმანეთს, რაც მთავარია, ტენდენცია ყველგან ერთნაირია. თბილისში, ძირითადად, ორი კანდიდატი განიხილება და ჩანს, დიდი ალბათობით, არჩევნები პირველივე ტურში “ოცნების” კანდიდატის გამარჯვებით დასრულდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამაზე ოპოზიციის განწყობა მეტყველებს. ოპოზიციონერი ლიდერები თითქოს მოდუნებული არიან, აღარაფრის ხალისი აღარ აქვთ... მელია მართლაც არ ჰგავს მელიას, გავბედავ და ვიტყვი - ნიკა მელია წინასწარ წაგებულ თამაშს თამაშობს. მერობის კანდიდატად კენჭისყრა აშკარად არ არის მისი გადაწყვეტილება. ვეჭვობ, სააკაშვილს პარტიაში გამარჯვებული ლიდერები არ სჭირდება. გახსოვთ, პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე რომ დაასახელა? ახლა ნიკა მელიას მერობის კანდიდატის ბრძოლისთვის აცდენს. თუ “ნაცმოძრაობას” მართლა სურს სერიოზული წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, მელიას, რომელიც მხოლოდ “ნაცმოძრაობაში”კი არა, მთელ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე რეიტინგული ფიგურაა, თბილისზე არ მიაბამდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ეს პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილებაა და ამასთან, გაუმართლებელიც, რა თქმა უნდა, თუ ამ გადაწყვეტილების უკან სხვა ზრახვები არ იმალება. მეც ვფიქრობ, სააკაშვილსა და მელიას შორის უთანხმოებაა, მაგრამ გადაჭარბებად მიმაჩნია იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა მან სააკაშვილზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს. როდესაც პირველი პირი ხდება ისეთი ტიპის ადამიანი, როგორიც სააკაშვილია, მეორე, მესამე და მეოთხე პირი არ არსებობს, არის მეთერთმეტე და ა.შ. “ნაცმოძრაობის" დროს ქვეყანაში მეორე კაცი იყო მერაბიშვილი და ისეთი მეორე კაცი რომ არ იყო ქვეყანაში, რომელიც შეიძლებოდა ლიდერი გამხდარიყო, იმიტომ არის დღემდე “ნაცმოძრაობის” შეუცვლელი ლიდერი სააკაშვილი. სააკაშვილი არ დაუშვებს თავისი ლიდერობისთვის საფრთხის შექმნას. ასეთივეა ივანიშვილი, ასეთივე იყო შევარდნაძე. ამ ტიპის ლიდერები სხვა ლიდერებს ახლოს ვერ იტანენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“19 აპრილის ხელშეკრულების ანულირებისას “ქართული ოცნების” შიში განპირობებული იყო გახარიას ფაქტორით. როდესაც 43%-იანი დათქმა გააკეთეს, მაშინ გახარია მათი გუნდის ლიდერი იყო. მისმა წასვლამ, შემდეგ პარტიის შექმნამ და რეიტინგმა მმართველი გუნდის ლიდერები დააფიქრა. შესაბამისად, თავი დაიზღვიეს. არჩევნებში რომ მართლა ვერ აეღოთ 43% და მაშინ ეთქვათ, გამოვდივართ შეთანხმებიდანო, ეს უკვე ნამდვილად იქნებოდა მათი გუნდის დასასრული. “ოცნებამ” თავიც დაიზღვია და ოპოზიციაც მშრალზე დატოვა. რას ვგულისხმობ? ოპოზიციის ერთადერთი საარჩევნო სასაუბრო თემა იყო ვადამდელი არჩევნები. ახლა ოპოზიციას ისღა დარჩა სალაპარაკო, “ოცნებას” მაინც ვაიძულებთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და ამაში დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარებიანო. გასაგებია, რომ მმართველი გუნდი დასავლეთმა მკვეთრად გააკრიტიკა, მაგრამ ქართველი ხალხი უკვე კარგად ხვდება, რომ დასავლელი პარტნიორები კრიტიკის იქით არაფერზე არ არიან წამსვლელი”, - თვლის ანალიტიკოსი.

 

“შეიძლება ითქვას, დღეს ოპოზიციას ნიადაგი აქვს გამოცლილი. სხვათა შორის, არა მგონია, “ნაცმოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” გარდა, რიგგარეშე არჩევნები ვინმეს აწყობდეს. “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “მოქალაქეები” უკვე ხვდებიან, რომ განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში შეიძლება ვეღარც მოხვდნენ პარლამენტში. “ნაციონალებს” სულ არ აწყობთ არჩევნები, რევოლუციაზე უჭირავთ თვალი, ”ევროპულ საქართველოს” კი დასაკარგი არაფერი აქვს, გუნდში დღეს დარჩენილი ლიდერებიდან არც ერთი არ არის პარლამენტში. რაც შეეხება "დროას”, მე თუ მკითხავთ, ელენე ხოშტარიამ “ნაცმოძრაობაში” შემოვლითი გზით დაბრუნება გადაწყვიტა. “ევროპული საქართველო” ჩაიძირა. იქ არანაირი პერსპექტივა აღარ არის და წამოვიდა. სად უნდა წასულიყო? “ნაცმოძრაობაში” დაბრუნება მხარდამჭერების თვალში ცუდად გამოჩნდებოდა. ამიტომ გააკეთა პარტია და ახლა ბლოკს გააკეთებს. პარტიაში იქნება ელენე ხოშტარია და არავინ სხვა. მისი პარტია, ალბათ, 1%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს... ხოშტარიას პარტიას, ისევე როგორც სხვა პატარა პარტიებს, არანაირი პერსპექტივა არა აქვთ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ესე იგი, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ისევ ორ ძალას შორის დაპირისპირებას ვიხილავთ?” - პასუხობს:

 

“ასეა. მე ძალიან მაინტერესებს, ვინ გადაწყვიტა პოლიტიკურ ველზე “ნაცმოძრაობის” სპარინგპარტნიორად დატოვება. არ ვიცი, ვერსია არ მაქვს... ივანიშვილს საკმარისი ფული აქვს იმისთვის, რომ გონიერი ადამიანები დაიქირაოს”.

წაკითხვა 701 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.