ახალი “რეიტინგების ომი” - “ოცნების” და “ნაცმოძრაობის” გზები ქუთაისში გადაიკვეთა

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მთავარმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა თავისი შიდა პარტიული კვლევების შედეგების გამოქვეყნება დაიწყეს.

ორიოდე დღის წინ “ქართულმა ოცნებამ” გაასაჯაროვა ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები, დღეს “ნაციონალურმა” მოძრაობამ 4 ქალაქში და მათ შორის ქუთაისში მისი დაკვეთით ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა. ეს ფაქტი, რომ ქუთაისთან დაკავშირებით ორივე კვლევა ცნობილია, მონაცემების შედარებისა და გარკვეული დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა. როგორც მმართველი პარტიის, ისე “ენმ”-ის კვლევაში ჩანს, რომ ქუთაისში “ქართული ოცნება” ლიდერობს და მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობაა”. ამასთან, “ნაცმოძრაობის” რეიტინგი ორივე კვლევაში დაახლოებით ერთნაირია, ხოლო სხვაობა მასსა და ლიდერ “ოცნების” მაჩვენებელს შორის თავად “ოცნების” კვლევაში მნიშნელოვნად დიდია, ვიდრე “ენმ”-ის კვლევაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი “რეიტინგების ომი” - “ოცნების” და “ნაცმოძრაობის” გზები ქუთაისში გადაიკვეთა.

 

“რამდენად სანდო და მიუკერძოებელია პარტიათა კვლევების შედეგები ამასთან დაკავშირებით “რეზონანსთან” ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს და აცხადებს, რომ კველევებმა რა შედეგიც არ უნდა დადოს, ოპოზიციის საკმაოდ დაფანტული და ჩამოუყალიბებელი წინასაარჩევნო კამპანიის გამო, “ქართულ ოცნებას” დიდი უპირატესობა გააჩნია როგორც ცალკეულ რეგიონებში, ისე დიდ ქალაქებში. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით მმართველი პარტია 35%-ზე მეტს ვერსად აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ რეფერენდუმში მარცხდება. ამასთან ამავე ქალაქში, რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა 44.7%-ანი მხარდაჭერა პარტიის მიმართ. რაც საგრძნობლად აღემატება ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს, რომელიც მხოლოდ 34%-ს შეადგენს. “ნაცმოძრაობის" წევრ გიორგი ხვედელიანის მედიასთან გაკეთებული განცხადების მიხედვით, კვლევა “ენმ”-ის დაკვეთითა და დაფინანსებით საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: რუსთავი, ქუთაისი, ბათუმსა და თელავში, 6-11 აგვისტოს ჩატარდა, რომლის ცდომილებაც 3% შეადგენს. მათ მიერ ცალ-ცალკე გამოაქვეყნდა პარტიული და შემდეგ კონკრეტულად მერობის კანდიდატთა რეიტინგები”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ქალაქების მიხედვით პარტიების რეიტინგები ასეთია: თელავი. ალოკაციით: არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები (“ნაციონალური მოძრაობა”, “საქართველოსთვის” და სხვა) - 66 % (ენმ 36 %), “ქართული ოცნება” - 34 %. ალოკაციის გარეშე: ოპოზიციური პარტიები - 47% (“ენმ” 25%), “ქართული ოცნება” - 27%, უარი/არ ვიცი - 10%. ქუთაისი. ალოკაციით: ოპოზიციური პარტიები - 66% (“ენმ” 32%), “ქართული ოცნება” - 34%. ალოკაციის გარეშე: ოპოზიცია - 49% (“ენმ” 23%), “ქართული ოცნება” - 26%, უარი/არ ვიცი - 8%. რუსთავი. ალოკაციით: ოპოზიციური პარტიები - 66% (“ენმ” 31%), “ქართული ოცნება” - 34%. ალოკაციის გარეშე: ოპოზიცია - 49% (“ენმ” 23%), “ქართული ოცნება” - 25% , უარი/არ ვიცი - 11%. ბათუმი. ალოკაციით: ოპოზიციური პარტიები - 67% (“ენმ” 29%), “ქართული ოცნება” - 33%. ალოკაციის გარეშე: ოპოზიცია - 47% (“ენმ” 21%), “ქართული ოცნება” - 26% , უარი/არ ვიცი - 13%. “ნაციონალური მოძრაობა” ამავე კვლევაზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, რომ ამ ოთხი ქალაქიდან ორში - თელავსა და რუსთავში, “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები ლიდერობენ, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში - “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“თელავში ალოკაციის პრინციპით ჩატარებული გამოკითხვისას, “ნაცმოძრაობის” მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი 40.22%-ით ლიდერობს, მას კი მომდევნო ადგილზე “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი მოყვება. აღსანიშნავია, რომ ალოკაციის გარეშე ჩატარებული კვლევის შემთხვევაშიც, თელავში პირველ და მეორე ადგილზე “ნაცმოძრაობისა”" და “ოცნების” მერობის კანდიდატები - შესაბამისად 33.14% და 31.07%. განსხვავებული შედეგები გვხვდება ქუთაისში მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით, ქუთაისში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41%-ით ლიდერობს, მომდევნო ადგილზე კი 38%-ით “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძეა. იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს ალოკაციის გარეშე ჩატარებულ შედეგებშიც. რუსთავში ჩატარებული პარტიული კვლევის მიხედვით, “ენმ”-ის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე 42.01%-ით ლიდერობს, მომდევნო ადგილზე კი “ოცნების” კანდიდატი ნინო ლაცაბიძეა 36.89%-ით. დავით კირტიკაძე ლიდერობს ალოკაციის გარეშე ჩატარებულ კვლევაშიც. ბათუმში ჩატარებულ კვლევის მიხედვით, ბათუმში არჩევნებისას “ოცნების” მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი 37%-ს აიღებს, “ენმ”-ის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე კი - 35%-ს”, - დასძენს გამოცემა.

 

“23 აგვისტოს “ქართულმა ოცნებამაც” გამოაქვეყნა თავისი შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, ოღონდ მხოლოდ ქუთაისისთვის. ამ კვლევის შედეგები ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გააცნო, რომლის ინფორმაციითაც, წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნება” ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში დამაჯერებლად ლიდერობს. ქუთაისში მმართველი პარტიის კვლევის მიხედვით “ოცნება” 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი - 50.3%-ით. რაც შეეხება სხვა პარტიების რეიტინგებს, კვლევის მიხედვით ასე გადანაწილდა: “ნაციონალური მოძრაობა” 32.6%; “პატრიოტთა ალიანსი” - 3.1%; პარტია “საქართველოსთვის” 2.9%; “სტრატეგია აღმაშენებელი” - 2.6%; “გირჩი მეტი თავისუფლება” - 2.5%; “ლელო” - 2.3%; “ევროპული საქართველოსთვის” - 2.2%; “მოქალაქეები” - 1.5%; “ლეიბორისტული პარტია” - 1.5%; “გირჩი"” - 0.4%; “ერთიანი საქართველო” - 0.4%; სხვა პარტიები- 3.3%. მიქანაძის თქმით, ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3%-იან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, მხოლოდ სამი საარჩევნო სუბიექტი გადალახავს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“მისი განმარტებით 28 მანდატი გადანაწილდება შემდეგნაირად: “ქართული ოცნება” - 16 მანდატი, “ნაციონალური მოძრაობა” - 11, ხოლო “პატრიოტთა ალიანსი” - 1 მანდატი, ხოლო მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილ მონაცემებია: იოსებ ხახალეიშვილი - 50.3%; ხატია დეკანოიძე - 37.8%; სხვა დანარჩენები- 11.9%. მისივე ცნობით, მმართველი პარტია სხვადასხვა მიმართულებით აგრძელებს კვლევებს და როგორც კი მონაცემების დამუშავება დასრულდება, საზოგადოებას პერიოდულად წარედგინება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ მუნიციპალიტეტში, რომელ ქალაქში რა მდგომარეობაა მხარდაჭერის თვალსაზრისით... ორივე პარტიულ კვლევას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიკერძოებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ყველა კვლევაში, რომელსაც ესა თუ ის ორგანიზაცია კონკრეტული პარტიის დაკვეთით აკეთებს, დამკვეთი პარტიის ინტერესები არის ხოლმე გათვალისწინებული”, - დასძენს სტატიის ავტორი.

 

“პირადად ჩემთვის არც ერთი კვლევა არ არის სანდო, რადგან კვლევები ყოველთვის მიკერძოებულია, მათ შორის ნეიტრალური კვლევებიც კი. კვლევები ყოველთვის ასახავს ტენდენციებს, ყოველ შემთხვევაში როდესაც ვახდენ შეფასებას, ვაფასებ ტენდენციების. როდესაც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მსგავს კვლევებს აქვეყნებს, იქ ყოველთვის დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება. მსგავსი კვლევები გამოიყენება უფრო პიარისთვის, ვიდრე რეალური შეფასებისათვის. ეს რომ იყოს საპარლამენტო არჩევნები, კიდევ შესაძლებელია ანალიზის გაკეთება, მაგრამ აქ ბევრ საკითხზეა დამოკიდებული პარტიათა უპირატესობა. მაგალითად, იმაზე, თუ რომელ რეგიონსა და ქალაქში ვინ იქნება კანდიდატი და რამდენად იქნება ის იმ რეგიონის ხალხისთვის მისაღები. ასევე მნიშვნელოვანია ვინ იქნება საკრებულოს მაჟორიტარი. არის ბევრი ფაქტორი და თავისთავად ეს ფაქტორები განაპირობებს საბოლოო სურათს. ფაქტი ერთია - იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია საკმაოდ დაფანტულ და ჩამოუყალიბებელ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ნებისმიერ შემთხვევაში სახელისუფლო კანდიდატები იქნებიან ფავორიტები, თუმცა სად, რამდენით და როგორ - ამის თქმა რთულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

წაკითხვა 770 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.