“ჩვენ სანდო პარტნიორის იმიჯს ვკარგავთ” - გიორგი გობრონიძე

“ირანის მოქმედებები არ არის პროაქტიული ნაბიჯი.

ეს არის მისი რეაქცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, რადგან კასპიის აუზში­ აზერბაიჯანთან ერთად აქტიურად გამოჩნდა თურქეთი. შესაბამისად, ირანს ამაზე კონტრრეაქცია აქვს და ფრთხილობს, რადგან კასპიის აუზი ცენტრალური აზიის რეგიონის გასაღებია. ბუნებრივია, ირანი გულხელდაკრეფილი ვერ იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახლახან თურქეთის ერთ-ერთ სამთავრობო გაზეთში დაბეჭდილ სტატიაში ირანის რუკიდან გაქრობაზე წერდნენ. ამას მოჰყვა ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” განცხადებაც, არავის ვურჩევთ ეთამაშოს ლომის კუდს და მოგვეცით შესაძლებლობა ჩვენი ძლიერების თუნდაც ნახევარი ვაჩვენოთო. ასე რომ, აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო წვრთნები ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის დარღვევამ განაპირობა”, - აცხადებს პოლიტოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენ სანდო პარტნიორის იმიჯს ვკარგავთ”.

 

“ბოლო დროს მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხების მიმართ წარმოებული პოლიტიკა ცუდად აისახა ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაზე, ვინაიდან ტვირთები, რომლებიც სომხებს ირანიდან მიეწოდებოდა, აზერბაიჯანის გაძლიერებულ კონტროლში მოექცა, შემოიღეს საგზაო გადასახადიც 130 დოლარის ოდენობით, ამას მოჰყვა ორი ირანელი მძღოლის დაპატიმრებაც, რაც ირანმა მწვავედ მიიღო. ეს მხოლოდ სამართლებრივი პროცესი კი არა, ერთგვარი გზავნილიც იყო მეორე სახელმწიფოსთვის, რომ მიმდინარეობს გავლენებისთვის ბრძოლა - აზერბაიჯანი თურქეთის მხარდაჭერით სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ლიდერად ყალიბდება. ირანი კი ცდილობს აჩვენოს, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა და თუ საჭირო გახდება, თურქეთსა და აზერბაიჯანსაც ადგილს მიუჩენს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

 

“ნიუ-იორკში ირანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ორივე მხარე ამბობდა, რომ მათი სახელმწიფოების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, იმავდროულად კი ირანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მესამე მხარის ჩარევა მიუღებელია. ამით განაცხადა, რომ განსაზღვრულ საკითხებში თურქეთი არ უნდა ერეოდეს. ერდოღანისა და ფაშინიანის შეხვედრაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა ძნელია პროგნოზირება, შეხვდებიან თუ არა. სომხეთს ძალიან სჭირდება თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. სახმელეთო საზღვრები თითქმის ჩაკეტილი აქვს, მხოლოდ საქართველოსთან აქვს გახსნილი გზა, რაც მისი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აი, მსოფლიო ეკონომიკასთან წვდომა კი შეზღუდული აქვს. ფაქტობრივად, იზოლაციაშია, რაც რატომღაც არ ესმით სომხეთში. თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება აზერბაიჯანის წნეხსაც შეაჩერებს და დადებითად აისახება კონფლიქტის დინამიკაზეც. თურქეთთან ურთიერთობის დალაგება ძალიან გაანაწყენებს რუსეთს, მაგრამ სომხეთმა უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ, ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოაყალიბონ საერთო თანამშრომლობის მოდელი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“საქართველოც რთულ ვითარებაშია - ორივე მეზობელთან ცალ-ცალკე თანამშრომლობს, ერთიანი სამეზობლო პოლიტიკის შესაძლებლობა არა გვაქვს. სომხეთმა თუ შეძლო თურქეთთან ვითარების დალაგება, ეს ქართულ-სომხურ ურთიერთობასაც წაადგება. 1988 წლიდან რეგიონი “დაყავი და იბატონეს” პრინციპით არის დაყოფილი და მასზე გარე ძალები ბატონობენ. ასეთი პრინციპით მართული რეგიონი ყოველთვის სახიფათოა. “ექვსეულის პლატფორმაზე” საქართველოს ძალზე სწორი პოზიცია ჰქონდა - რუსეთის მონაწილეობით მისთვის ნებისმიერი პლატფორმაში ყოფნა მიუღებელია. “ექვსეულის პლატფორმა” გულისხმობს რეგიონულ აქტორებს შორის სამხრეთ კავკასიაში გავლენის სფეროების გადანაწილებას. რაც უნდა “ექვსეული” ეძახონ, სინამდვილეში დიდი სამეული გამოდის - ირანი, თურქეთი და რუსეთი. საქართველო რეგიონში დღის წესრიგს ვერ ქმნის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში დასავლეთის ყოფნა, რათა იმ სამი რეგიონული აქტორის გავლენები დააბალანსოს”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

 

“რაც შეეხება რუსეთის არჩევნებს, დუმაში ახალი სახეები შევიდნენ, მათ შორის “ფაბერლიკის” მფლობელის მოძრაობა, რომელიც პუტინის მიმართ ძალზე ლოიალურია. ასე რომ, რუსეთი იმავე ინტერესებისა და პრობლემების მქონე ავტორიტარულ სახელმწიფოდ დარჩა. ის თუნდაც შიდა ძვრების ხარჯზე არასდროს შეცვლის საგარეო პოლიტიკას და ეს მისი ისტორიიდანაც კარგად ჩანს. სხვადასხვა ფორმაციით არსებობდა, მათ შორის, აბსოლუტური მონარქიის სახით, ტრანსფორმირებული რუსეთის იმპერია - საბჭოთა კავშირი, შემდეგ რუსეთის ფედერაცია, მაგრამ თავის სიახლოვეს, სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მუდმივად სჭირდებოდა გეოპოლიტიკური პოზიციები ან კოალიციური კოშმარი, რათა ექსკლუზიური გავლენები არ დაეთმო. რუსეთის ხელისუფლება ერთ დღეს ლიბერალურ დემოკრატიად რომ გადაიქცეს, ეს მოცემულობა მაინც არ შეიცვლება...”, - მიიჩნევს პროფესორი.

 

“დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა რუსეთი და საგარეო პოლიტიკა კი არა, მუდმივი შიდაპოლიტიკური ტურბულენტობაა. ქვეყნის დამოუკიდებლობის თითქმის 30-წლიან ისტორიაში მმართველ ძალებს ყოველთვის ჰგონიათ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ხელისუფლებაში იქნებიან. მეორე პრობლემა ის არის, რომ მთავრობამ ევროკავშირის საშეღავათო სესხზე უარი თქვა და მნიშვნელოვანია, რატომ - ხელისუფლებამ ქვეყანა არ წაიყვანა დემოკრატიული განვითარების გზით, როგორც უნდა წასულიყო, ვინაიდან ხელისუფლების შეცვლის რისკი ჩნდებოდა და არ გარისკა. ეს პრობლემა აირეკლა კიდეც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. რუსეთისგან განსხვავებით, სადაც შიდატურბულენტობა არ განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, საქართველოში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასეთი ქმედებები აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ძველებურად აღარ გვენდობიან სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ სანდო პარტნიორის იმიჯს ვკარგავთ. ამას, როგორც მმართველი ძალა, ასევე, ოპოზიციაც უნდა გაუფრთხილდეს”, - დაასკვნის გიორგი გობრონიძე.

 

“თუ მუდმივად პოლარიზებულ, პრეაპოკალიფსურ რეჟიმში ვიქნებით, წინ ვერ წავალთ. მოსახლეობის კონტროლზე, მოსმენებზე, მისი ნების დათრგუნვაზე, მის წინააღმდეგ მოქმედებებზე უამრავი რესურსი დაიხარჯება და ერთ წრეზე ვიტრიალებთ. დემოკრატიული გარდაქმნა ევროპისთვის თავის მოსაწონებლად კი არა, სრულფასოვანი სახელმწიფოს ასაშენებლად გვჭირდება. თუმცა ხშირად ქვეყნის დემოკრატიზაციას ევროკავშირის გაწევრების წინა პირობად განვიხილავთ, რაც შეცდომაა. დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა თუ არ გვექნება, სრულფასოვანი სახელმწიფო ვერ ვიქნებით... მნიშვნელოვანია ქვეყნის მართვაში საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესის გათვალისწინება და ამგვარად პოლარიზაციის გადალახვა, რაც თითქმის 90-იანი წლებიდან მოგვყვება. სამოქალაქო ომის ფანტომი გვირგვინივით გვადგას თავზე. ახლაც მუდმივად არის ლაპარაკი სამოქალაქო­ დაპირისპირების რისკებზე, დესტაბილიზაციის საფრთხეზე, რევოლუციაზე... ეს ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. მომავალ თაობას არ უნდა ჰქონდეს მუდმივად იმის განცდა, რომ ერთ დღეს პოლიტიკური ცვლილებების გამო შესაძლოა ყველაფერი თავზე ჩამოექცეს. დემოკრატიას სტაბილურობაც მოაქვს”, - თვლის რესპონდენტი.

 

“დასავლეთი კი იმისთვის გვინდა, იმ ზემოთ ხსენებული სამეულის - რუსეთის, ირანისა და თურქეთის პირისპირ არ დავრჩეთ, მათი გავლენის სფეროების გაყოფის ობიექტი არ ვიყოთ, როგორც მე-18-19 საუკუნეებში ხდებოდა. იმ სამყაროს ნაწილი უნდა გავხდეთ, რომელიც ვიღაცის გეოპოლიტიკური თამაშების ობიექტად გადაქცევის საშუალებას არ მოგვცემს. ნატოს რომ თავი დავანებოთ, ევროკავშირის წევრიც რომ ვიყოთ, ბევრად ნაკლები საგარეო საფრთხეები გვექნება, ვიდრე ახლა გვაქვს. ნატოს წევრი რომ ვიყოთ, სრულად დაცული ვიქნებოდით, ასეთ ქვეყანას კი შეუძლია ძალები მშვიდად განვითარებისკენ, ეკონომიკური წინსვლისკენ მიმართოს ძალები. ქვეყნის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მსოფლიოს ყველაზე აგრესიული ქვეყნის სამხედრო ძალები დგას”, - ამბობს პოლიტოლოგი.

 

“ყოველ არჩევნებს რყევები ახლავს, უამრავი პოპულისტური ჯგუფი ცდილობს ხალხის ემოციებით მანიპულირებას. ასეთ ქვეყანაში გავლენიანი კომპანია ინვესტიციას არ ჩადებს. მაგალითად, “ენკას” კაბალური პირობები ჰქონდა და ასეთივე გვექნება, სანამ არსებობს ხალხი, რომელიც ისეთ სახელმწიფოზე, სადაც პირადობის მოწმობით გადადიხარ, მათთან ტერიტორიული დავა არა გვაქვს, ამბობს, რომ თურქეთი ოკუპანტია და თურქოფობიური გამოსვლები არ წყდება. ვასაძის მიმდევრების ფანტაზიას ხომ საზღვარი არა აქვს... უნდა გავიაზროთ, რომ კეთილმოსურნე მეზობლები არ არსებობენ, ყველას თავისი ინტერესი აქვს. რუსეთი არ გაქრება და ვერც საქართველო და ახალი ზელანდია გაცვლიან ადგილებს რუკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი სახელმწიფო, რომ რუსეთის ინტერესები ვერ რეალიზდეს საქართველოში. პოლიტიკურ ძალებს უნდა ესმოდეთ, რომ ეროვნულ ინტერესებზე, სახელმწიფოებრიობაზე, უსაფრთხოებაზე, სუვერენიტეტზე არ შეიძლება კამათი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შიშიც სწორედ ამას ეფუძნება, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, არავინ იცის, ახალ ძალას თავში რა მოუვა”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.

წაკითხვა 586 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.