შეძლებს თუ არა ნაცმოძრაობა კოალიციური მთავრობის შექმნას - ოპოზიციის დაპირებები და ანალიტიკოსების შეფასებები
“არჩევნებამდე 2 დღით ადრე “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მასთან ერთად გაერთიანებულმა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადეს, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალია.
ხოლო ეს მოხდება არა 2024 წელს, არამედ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ხელისუფლება 43%-ს ვერ აიღებს და ის იძულებული გახდება, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების მიუხედავად, ეს დათქმა შეასრულოს - დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სადაც ოპოზიცია იმარჯვებს და კოალიციურ მთავრობას ქმნის. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ კოალიციური მთავრობის შექმნას სკეპტიკურად უყურებენ და უკვირთ ოპოზიცია ასეთ იმედებს რაზე დააყრდნობით აკეთებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეძლებს თუ არა ნაცმოძრაობა კოალიციური მთავრობის შექმნას - ოპოზიციის დაპირებები და ანალიტიკოსების შეფასებები.
“პირველ რიგში ყველა სოციოლოგიური კვლევით, “ოცნებას” ყველაზე მეტი პროცენტი აქვს. თუნდაც რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, ის მაინც იმდენს აიღებს, რომ კანონით კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება მაინც მას ევალება. მმართველ გუნდს სრულიად თავისუფლად შეუძლია გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” და სხვა პატარა პარტიების დახმარებით მთავრობა ჩამოაყალიბოს. ამიტომაც მათი განცახდება არის პოლიტიკური ბლეფი, რომლითაც მხოლოდ საკუთარ თავს იტყუებენ. მაშინ ერთადერთი გზა რევოლუციით ხელისუფლების შეცვლა რჩება, რაც ქართველ ხალხს არ უნდა. ხოლო თუ ხალხს არ უნდა, დასავლეთი ოპოზიციას მხარს არაფერში დაუჭერს. გადამწყვეტ არჩევნებამდე 2 დღით ადრე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამომრჩეველს მიმართავს და ეუბნება რომ ერთიანი ოპოზიცია მათ მრავალფეროვნებასა და მრავალპარტიულობას სთავაზობს. ოპოზიური პარტიების ერთობლივ შემაჯამებელ ბრიფინგზე ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის ხსნას კოალიციურ მმართველობაში ხედავს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას მრავალფეროვნებას. ჩვენ არ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა ჩანაცვლდეს ერთპარტიული, რომელიმე სხვა მმართველობით. ჩემი პირადი და “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციაა, რომ ამ ქვეყნის ხსნა და უებარი გამოსავალი ამ ეტაპზე არის მრავალფეროვნება და კოალიციური მმართველობა”, - თქვა ნიკა მელიამ. “დროას” ლდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით კი 2 ოქტომბერს ოპოზიცია პარტნიორებთან ერთად დაჯდება და კოალიციური მთავრობის შექმნაზე იმუშავებს. “2 ოქტომბერს ღამე, 3 ოქტომბერს, შეიკვრება კოალიციური უმრავლესობები ძალიან ბევრ ადგილას თბილისის ჩათვლით. გამარჯვება ნიშნავს ამას. შეიქმნება კოალიციური უმრავლესობები და დაიწყება ჩვენ პარტნიორებთან ერთად მოლაპარაკებები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე”, - ამბობს ხოშტარია. “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე “ოცნებასთან” და ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს”, - განაგრძობს გამოცემა.
“მე ვუშვებ თანამშრომლობას ნებისმიერ პოლიტიკოსთან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არ მატყუებს და არ იტყუება, ზოგადად. ამის გამო ვარ ამ ადამიანებთან ერთად, ამის გამო მაქვს ურთიერთობა არამხოლოდ ნიკასთან და ელენესთან ერთად, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, ეს იქნება “ევროპული საქართველო” თუ “ლელო”. ჩემთვის კრიტერიუმი ეს არის, თანამშრომლობის შინაარსი არის ის, რაღაცაზე რომ ვთანხმდებით, ეს უნდა შესრულდეს, ერთმანეთს არ უნდა ვატყუებდეთ, ამის გარეშე თანამშრომლობა არ მესმის. “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა არის გამორიცხული, ისე, როგორც, ჩემი აზრით, გახარიასთანაც”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის შეფასებით კი კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე კითხვები არარელევანტურია. “ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე მთავრობა დააკომპლექტა და 2024 წლამდე კოალიციური მთავრობის შექმნის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ამიტომ კითხვა კოალიციურ მთავრობაზე არარელევანტურია”, - განაცხადა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე”, - დასძენს გამოცემა.
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ჯერ ერთი ოპოზიციამ კოალიციური მთავრობა როგორ უნდა შექმნას, თუ კი ყველა კვლევის მიხედვით “ოცნებას” მაინც მათზე მეტი რეიტინგი აქვს. მეორეც, რომ შექმნან ასეთი კოალიციური მთავრობა, მაშინ ოპოზიციაში უმრავლესობა ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” ექნება, რადგანაც ყველაზე მეტ ხმას ის აიღებს. მაშინ ჩნდება კითხვა - ასეთი კომბინაცია მოსახლეობას უნდა? ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური ბლეფია, რომელსაც ერთი მიზანი აქვს, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ჩამოიყვანონ და ისევ რევოლუციური სცენარი გაითამაშონ. ენმ-ს დაბრუნებას იმხელა დაპირისპირება მოჰყვება, რომ ქვეყანა ამას ვეღარ გაუძლებს”, - წერს სტატიის ავტორი.
“რასაც მელიას, ხოშტარიას და ჯაფარიძეს ვუსმინე, ერთი დიდი პოლიტიკური ბლეფია. ამომრჩეველს ატყუებენ და ეუბნებიან, რომ კოალიციური მთავარობის შექმნა აუცილებელია, მაგრამ როგორ ქმნიან ამ მთავრობას, ესაა საინტერესო. საქმე კი იმაშია, რომ კონსტიტუციის მიხდევით, რომელი პარტიაც ყველაზე მეტ ხმას აიღებს, კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების უფლებაც მას ეძლევა. ახლა გავყვეთ მათ ლოგიკას. კარგი, დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები. ყველა სოციოლოგიური კვლევა, მათიც და სხვა ორგანიზაციების ჩატარებულიც, ამბობს, რომ “ოცნებას” ყველაზე მეტი რეიტინგი აქვს. შემდეგ მოდის “ნაციონალები” და გახარიას პარტია “საქართველოსთვის”. ახლა ისმება კითხვა თუკი კოალიციური მთავრობას ისევ “ოცნება” შექმნის, ესენი რა მთავრობის შექმნაზე საუბრობენ? ანუ მმართველ გუნდს ისევ შეუძლია, თუნდაც გიორგი გახარიას გუნდთან და სხვა იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც პარლამენტში არიან, მთავრობა დააკომპლექტონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ანუ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც, “ნაციონალებმა” ისევ რომ წააგონ, კვლავ იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა? ეკითხებიან ხალხს, უნდათ ენმ-ის ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება? ოპოზიციაში ყველაზე მეტ ხმას ისევ ეს პარტია აიღებს და ხელისუფლებაშიც დომინანტი ის იქნება. აი, ხალხის მხრიდან რევოლუცია მართლა მერე ნახეთ”, - თვლის საყვარელიძე. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არარეალისტურია. კარგია, მელია და სხვა პოლიტიკური ლიდერები პირდაპირ რომ აცხადებენ, თვითმმართველობის არჩევნები არაფერს ნიშნავს ამიტომაც იყო, რომ წინასაარჩევნოდ არ ემზადებოდნენ და მხოლოდ დესტრქუციასა და ფეიკზე აგორებული ინფორმაციით საზოგადოებას კვებავდნენ. მისივე თქმით, უკვე ათასგვარი პროვოკაციები რეგიონებშიც დაიწყეს. “ცნობილი პროვოკატორი” ზურაბ კუპრავა საბურთალოს საოლოქო კომისიაში შეიჭრა და დებოშს ცდილობდა. ზუსტად 2 ოქტომბერს ანალოგიური სცენარები იგეგმება და საზოგადოებას ხელოვნურად გამოწვეული პანიკით შეუქმნიან განწყობას, თითქოს არჩევები ყალბდება”, - დასძებს სტატიის ავტორი.
“ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ე.წ. რაღაცა რეფერენდუმზე საუბარი და შემდეგ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ლაპარაკი მხოლოდ აბსურდია. ეს მხოლოდ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების მიერ გამოგონილი ამბავია. ამ კოალიციური მთავრობის თემას მხოლოდ ვიწრო მოხმარების დანიშნულება აქვს. როგორ შეიძლება ვადამდელი არჩევნები გამოცხადდეს, თუ ეს არჩევნები, ისევე როგორც წინა, თავისუფალი და დემოკრატიული იქნება?! ამ არჩევნებს არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია თვალს მიადევნებს. ისინი ზუსტ სურათს დადებენ იმისა, რაც 2 ოქტომბერს მოხდება. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ არჩევნები გაყალბებულად იქნას გამოცხადებული, განწირულია. ოპოზიცია ცესკოსთვის ტოტალური უნდობლობის გამოცხადებას აპირებს. საკუთარი ე.წ. სამოქალაქო ორგანოთი, რომელიც მხოლოდ საბოტაჟის შედეგებზე იმუშავებს, ისევე როგორც “სამართლიანი არჩევნების” მიერ დათვლილი ხმები იყო. ეტყობა, იგივე სცენარს აკეთებენ და ახალი აქტორი ე.წ. სამოქალაქო კომისია ჰყავთ, რომლის მეშვეობითაც არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებენ. 8 საათზე კი სააკაშვილის მიერ მართული ტელევიზიები ეგზიტპოლების შედეგებს გამოაცხადებენ. აი, ეს არის მთელი მათი სცენარი, რომელიც უკვე კარგად გაშიფრულია. არანაირი კოალიციური მთავრობა 3 წლის განმავლობაში არ იქნება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი