რეფერენდუმზე საუბარს წერტილი დაესვა - რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მისაღწევად
“მას შემდეგ რაც “მმართველმა პარტიამ” ადგილობრივ არჩევნებში 43%-ზე მეტი უკვე აიღო, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას “ოცნებას” ვერც ოპოზიცია და ვერც დასავლეთი ვეღარ მოსთხოვს.
მით უმეტეს, თუ არჩევნები ეუთო-ოდირმა აღიარა და განაცხადა, რომ ის არ ჩატარებულა იმ დონის დარღვევებით, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა. ამ შემთხვევაში ოპოზიციას ისღა დარჩება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დაელოდოს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოპოზიციამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადა და ირწმუნებოდა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნებოდა. ახლა საკუთარი განცხადებების ტყვეობაში იმყოფებიან და თუ ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური რყევები არ მოხდა, მათ 3 წელი ლოდინი მოუწევთ და 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი არ იარსებებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რეფერენდუმზე საუბარს წერტილი დაესვა - რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მისაღწევად.
“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების პროპორციულ ნაწილში პარტიების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” - 46.68%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 30.7%, “გიორგი გახარია საქართველოსთვის” - 7.8%, “ლელო” - 2.71%, “ევროპული საქართველო” - 1.66%, “პატრიოტთა ალიანსი” - 1.46%, “მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი” - 1.34%, “ლეიბორისტული პარტია” - 1.38%, “გირჩი - მეტი თავისუფლება” - 1.44%, “გირჩი” - 0.95%, “ანა დოლიძე ხალხისთვის” - 0.85%, “მოქალაქეები” - 0.83%, “დროა” - 0.61%, “კანონი და სამართალი” - 0.02%. პარალელური დათვლის შედეგები თითქმის იდენტურია - “ქართულ ოცნებას” 47.8 % აქვს, “ნაციონალურ მოძრაობას” - 32,2% და გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” - 8,2 %. დამკვირვებლები 2 ოქტომბრის არჩევნების მთავარ პრობლემად საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე მიმდინარე მოვლენებს ასახელებენ - ამომრჩევლების აღრიცხვას, მათზე სავარაუდო ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებს. “პროცედურები უბნის შიგნით მეტ-ნაკლებად კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა... პრობლემური მოგვეჩვენა უბნის გარე პერიმეტრები. ამ ეტაპისთვის, სამართლიან არჩევნებს შეტანილი აქვს 260-მდე საჩივარი”, - აცხადებს “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე. არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ. მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, დათვლის პროცესი იყო შეფასებული გამჭვირვალედ, - ამის შესახებ ეუთო/ოდირისა და ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წევრი კორინა კრეცე აცხადებს, რომ საარჩევნო გარემო კონკურენტული და გამჭვირვალე იყო. “ვამთავრებთ სადამკვირვებლო მისიას. მოხარულები ვართ, რომ საზოგადოებას ჰქონდა იმის სურვილი, გამოეხატა საკუთარი არჩევანი. ვფიქრობ, ეს დემოკრატიის ნიშანია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველო წინ წავიდეს ევროპულ გზაზე. მე ქართველ ხალხს ყველაფერს უკეთესს ვუსურვებ, რომ გაიზარდოს სამუშაო ადგილები და ეკონომიკა”, - აცხადებს კრეცი. ევროპარლამენტის წევრი, სადამკვირვებლო მისიის წევრი ტომაშ ზდეჰოვსკი კი აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესი დემოკრატიულ გარემოში წარიმართა. “მინდა ვთქვა, რომ პროცესი წარიმართა დემოკრატიულად. არ იყო დარღვევები, იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება გამონახავს საერთო ენას”, - აცხადებს ზდეჰოვსკი. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციის მხრიდან რეფერენდუმზე და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი დასრულებულია. მისი აზრით, ოპოზიციამ თავშივე დაუშვა შეცდომა, როცა ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადა და მასზე ძალიან მაღალი თამასა დააწესა”, - განაგრძობს გამოცემა.
“მას შემდეგ რაც უკვე ცნობილა, რომ “ოცნებამ” პროპორციულ ნაწილში 48% აიღო. შარლ მიშელის დოკუმენტის ამოქმედებას ოპოზიცია ვეღარ მოითხოვს. არც დასავლეთი დაიწყებს ხელისუფლებაზე ზეწოლას. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხიც დღის წესრიგიდან მოიხსნა. ამიტომაც ოპოზიციას ამის მოთხოვისთვის ხელში არანაირი ბერკეტი აღარ უჭირავს. გვახსოვს ალბათ ევროპარალმენტარების განცხადებები, რომ ყველა ეუთო-ოდირის დასკვნას უნდა დავემორჩილოთ. დაიღალნენ გაუთავებელ მედიაციაში მონაწილეობით და სააკაშვილის გათავიუსფლების მოთხოვნითაც თავს არ შეიწუხებენ. ამიტომ ოპოზიცია უნდა დაყაბულდეს იმას, რა შედეგიც დადგა და მონახონ გამოსავალი 2024 წლისთვის ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი როგორ დაასრულონ. არ ველი, რომ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები იქნება. თუ ეკონომიკურ-სოცილური პრობლემებით შეწუხებული ხალხი ამ ხელისუფლებას არ აუმხედრდა, სხვაგვარად ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვეღარ შეძლებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ, მართალია, ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი აღარ აქვს, მაგრამ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს მოთხოვნა გაჩნდეს. ანჯაფარიძის თქმით, დიდი ალბათობით, ოპოზიცია დასავლეთის დარწმუნებას შეეცდება, რომ “ოცნებამ” საგარეო კურსი შეიცვალა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აუცილებელია. “რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც “ოცნებამ” 48% აიღო, ოპოზიციას რეალურად აღარ აქვს ბერკეტი რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს. თუმცა, ყველაფერს გააკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ეს ბერკეტი ისევ გაჩნდეს”, - ამბობს ანჯაფარიძე, რომლის აზრით, “შეეცდებიან დასავლეთის დარწმუნებას, რომ “ოცნება” საგარეო კურსს უხვევს”, - დასძენს გამოცემა.
“ჩვენ ბოლო დროს ვნახეთ, რომ ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის გარკვეული დაძაბულობა გაჩნდა. ამიტომაც არც ერთ შანს ხელიდან არ გაუშვებენ. ქუჩაში ხალხის გამოყვანის მცდელობაც ექნებათ და ნებისმიერ დესტრუქციულ ქმედებაზე იქნებიან წამსვლელები, რათა 2024 წლისთვის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. მართალია, ევროპარლამენტარებმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი დაიღალნენ და აღარ აქვთ სურვილი დაუსრულებელ მედიაციაში ჩაერთონ, მაგრამ თუკი ოპოზიცია მათ დაარწმუნებს, რომ ხელისუფლება კურსს იცვლის, მაშინ დასავლეთიდან ეს ზეწოლა დაიწყება. საქართველო რეგიონში მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ასე ადვილად არ დათმობენ. ვნახოთ, დაველოდოთ ეუთო-ოდირის დასკვნასაც და მერე უფრო დარწმუნებით შეგვიძლია საუბარი ოპოზიცია რას იზამს და რისი შანსები ექნება. მე რა განცხადებებიც მოვისმინე, როგორც ჩანს, ისინი სამოქალაქო საარჩევნო კომისიისგან იღებენ ინფორმაციას. ამიტომ მაინც და მაინც დადებით განცხადებები, რაც მოვისმინე, ჯერ არ ყოფილა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი