“30-წლიანი დილემა - ვერ ვიტანთ ავტორიტარიზმს, დემოკრატიისთვის კი ძალა არ გვყოფნის”

“ნაციონალური მოძრაობის” აქცია იყო საკმაოდ ხალხმრავალი და მასშტაბური იმასთან შედარებით, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში გვინახავს.

“ნაციონალური მოძრაობა” ვა-ბანკზე წავიდა იმიტომ, რომ მისი კოზირი, რომელიც 9 წლის განმავლობაში შორიდან გათამაშდებოდა ხოლმე, ახლა თბილისშია და პატიმარია. ამან, როგორც ჩანს, მათ სტიმული მისცა. თავდაპირველად ითქვა, რომ აქციის მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფინალში გამოჩნდა, რომ ეს მესიჯი გარკვეულწილად შეიცვალა - თუ ადრე სააკაშვილის გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდებოდა აქციას, ახლა მისი გათავისუფლება არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას დაუკავშირდა - ანუ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე უტყუარი ხერხი მეორე ტურში მათი გამარჯვება იქნება”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “30-წლიანი დილემა - ვერ ვიტანთ ავტორიტარიზმს, დემოკრატიისთვის კი ძალა არ გვყოფნის” / ”კოალიცია ცოტა სხვა რამეა, ის არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა გაკეთდეს და არა იმით, ვინ გაიღებს მოწყალებას და ერთ რაიმე პოსტს შემოგთავაზებს“.

 

“ვფიქრობ, აქციაზე უმეტესობა “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი იყო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა მიტინგში მონაწილეობაზე. შეიძლება ადამიანმა ხმა მოგცეს, ჩათვალოს, რომ ეს მისი მოვალეობაა, მაგრამ მერე სახლში წავიდეს. აქამდე ასე იყო “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი, მაგრამ ახლა გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც შეიძლება ქუჩაშიც იაქტიუროს. ეს შეიცვალა 14 ოქტომბრის აქციის შემდეგ. “ქართული ოცნების” ელიტა იგნორირებას უკეთებს ამ ფაქტს და ახლა თავისი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს. მისი ამომრჩევლისთვის ეს სიტყვები: “კერპთაყვანისმცემლები”, “მიშას არ გამოვუშვებთ”, “ჩვენ გავიმარჯვებთ” და სხვა, სწორედ მის ელექტორატზე მუშაობს. საზოგადოდ, ქართული ელექტორალური სივრცე სამ ნაწილად იყოფა: “ნაციონალური მოძრაობის” ბაზისური, ჩამოყალიბებული მხარდამჭერები, “ოცნების” მხარდამჭერები და მესამე - ისინი, ვინც არც ერთ ბანაკს არ მიეკუთვნება. ფაქტობრივად, ეს სამი ჯგუფი ერთნაირი რაოდენობისაა და მოგებული რჩება ის, ვინც ახერხებს ამ მესამე კატეგორიის მიმხრობას. ამას დღემდე ახერხებდა “ქართული ოცნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“საინტერესოა, შეძლებს კი ამ რეალობის შეცვლას “ნაციონალური მოძრაობა”? არა მგონია, ვინაიდან მესამე სექტორი ოპოზიციური კია, მაგრამ ოპოზიციურია უფრო მეტად “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, ვიდრე “ოცნების” ამ მოსაზრების ირიბი მტკიცებულება ის არის, რომ ხელისუფლებამ ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოახერხა და ერთ ქვაბში მოხარშა მთელი ოპოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე პატარა პარტიების საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი მივიდა, მათ ვერ მიიღეს ხმების ის რაოდენობაც კი, რაც ნოემბრის არჩევნებში ჰქონდათ. მათი ამომრჩეველი დაიკარგა იმიტომ, რომ ჩათვალა, ეს პარტიები “ნაციონალური მოძრაობისკენ” არიანო. შუა ამომრჩეველი კრიზისულ სიტუაციაში “ოცნებისკენ” უფრო იხრება, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობისკენ”. ამასთან, ის უფრო ჭირვეულია, პოლიტიკურად უფრო მომწიფებული და ნაკლებად ინტეგრირებული ხელისუფლებასთან, ანუ უფრო თავისუფალია თავის არჩევანში. რთული იქნება ასეთი კატეგორიის “ნაციონალური მოძრაობის” მხარეს გადასვლა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“პატარა პარტიები აქციაზე რომ არ მივიდნენ, მიზეზი ის იყო, რომ მიხვდნენ თავის შეცდომას. მათი ამომრჩეველი ისაა, ვინც შუაშია, არც იქითაა და არც აქეთ, ამიტომ თავიდან მოუწევთ ამ ამომრჩევლისთვის იმის დამტკიცება, რომ არც ერთი ძალის მხარეს არ არიან. გასაგებია, ძალიან რთულია გაუძლო ორი ასეთი ძლიერი პარტიის ზეწოლას არა მარტო ელექტორალურად, არამედ ფინანსურად, მედიასაშუალებებით და ა.შ. ძირითადად ხომ ამ ორი პარტიის ხელშია ყველაფერი გადანაწილებული? მათთვის რთულია, მაგრამ თუ ვერ გაუძლებენ, მიიღებენ იმას, რაც მიიღეს. რაც შეეხება საუბარს კოალიციაზე, კოალიცია ცოტა სხვა რამეა, ის არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა გაკეთდეს და არა იმით, ვინ გაიღებს მოწყალებას და ერთ რაიმე პოსტს შემოგთავაზებს. რეალური კოალიცია ის არის, როცა ჩემ მიერ აღებული მანდატი სჭირდება სხვას და ამ მანდატის საფუძველზე ვიღებ თანამდებობას, პრივილეგიას და ამასთან, რასაც ამომრჩეველს დავპირდი, ვასრულებ. კოალიციურ მთავრობას რატომ გავაკეთებ, თუკი მექნება მანდატების ის რაოდენობა, რომელიც სხვის დახმარებას არ საჭიროებს? ეს ხომ ხელოვნურია და როცა მომინდება, მაშინ დავშლი? როცა მანდატების რაოდენობაზეა დამოკიდებული, მაშინ ვერ დავშლი, რადგან ხელისუფლებაც დამეშლება”, - განმარტავს ექსპერტი.

 

“ქართულმა ოცნებამ” სისტემა კი არ შეცვალა და დემოკრატიული ინსტიტუტები შექმნა, მთლიანად გადმოიბარა “ნაციონალური მოძრაობის” სისტემა თავისი სასამართლოთი, თავისი პერსონალიებითაც კი. შეცდომა კოაბიტაცია კი არა, ისაა, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატიული ინსტიტუტები. ცოტა უხერხულია დღეს “ნაციონალური მოძრაობა” რომ ამბობს, არ არსებობს სამართლიანი სასამართლოო. ესენი რომ ლაპარაკობენ ადამიანის უფლებებზე, ესაა უბედურება, თორემ არასწორს კი არაფერს ამბობენ. თუნდაც არჩევნების გაყალბებაზე, რომელიც 1995 წლიდან ყალბდებოდა. ამ 9 წლის განმავლობაში რატომ ვერ შევძელით, რომ სასამართლო ყოფილიყო სანდო და მათ არ ჰქონოდათ პრეტენზია და არა მარტო მათ - ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი სამართლიანმა სასამართლომ გაასამართლოს და პრობლემა არა გვაქვსო, არჩევნები ჩაატარე ისე, რომ ვიღაც-ვიღაცები არ ჩაერიონო და ა.შ.” - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ეს იყო ძალის დემონსტრირება ხელისუფლებისთვის და დაპირება, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადავა. ამან, გარკვეულწილად, შეცვალა დღის წესრიგი: მობილური გახადა “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი. დღეს ის უფრო იმედიანი და ბრძოლისუნარიანია. ამ 9 წლის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორალური ბაზა დიდად არ შეცვლილა - სხვადასხვა არჩევნებში სადღაც ნახევარი მილიონი ამომრჩევლის ფარგლებში ტრიალებდა, თუმცა მასშტაბური აქციების ჩატარებას ვერ ახერხებდნენ. ბაზა კი არ გაფართოვდა, მისი ამომრჩეველი გახდა უფრო აქტიური. ხელისუფლება უნდა ეცადოს არჩევნები სუფთად ჩაატაროს და ოპოზიციას არ მისცეს საბაბი, რომ ქუჩაში გამოვიდეს. მელიას განცხადება სხვა არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ პოლიტიკა ისევ ქუჩაში გადავა. ამიტომ უნდა მოიძებნოს ყველა სუსტი წერტილი, რათა ოპოზიციამ ეს სათავისოდ არ გამოიყენოს. რაც მთავარია, ხელისუფლებამ არ უნდა გააყალბოს არჩევნები”, - თვლის რესპონდენტი.

 

“ძალიან რთული იქნება სააკაშვილის გათავისუფლება. ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებისთვის, ფაქტობრივად, ჰარაკირის ტოლფასია. მისი ციხეში დატოვებაც დისკომფორტია, მაგრამ არც ისეთი, თუ ამ პროცესში ჩვენი პარტნიორები არ ჩაერთვებიან. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ ჩატარდება არჩევნები და რა ვითარება გვექნება შემდგომ. მიუხედავად ამისა, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება არა სააკაშვილის გათავისუფლება და მისი საქართველოში დარჩენა, არამედ გათავისუფლების მექანიზმის გამონახვა და თავის დღევანდელ სამშობლოში, უკრაინაში დაბრუნება. არც ის იქნება პრობლემა, თუ არჩევნების შემდეგ აქციები დაიწყება. ვიმეორებ - პრობლემა გაჩნდება მაშინ, თუ პროცესში სერიოზულად ჩაერთვებიან ჩვენი პარტნიორები”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “სააკაშვილი ხშირად იმეორებს, ჩემი თვითმიზანი არც ხელისუფლებაში დაბრუნება და არც თანამდებობაზე მოსვლა არ არისო. სინამდვილეში, რა არის მისი მიზანი?” - პასუხობს:

 

სწორედ ეს არის მისი მიზანი. როცა სააკაშვილი ამბობს, უნდა შევრიგდეთო, ნეტარ არიან მორწმუნენი, მე ნამდვილად ეჭვი მეპარება ამაში. როცა “ნაციონალური მოძრაობა” აღმოჩნდა ოპოზიციაში, ხშირად ლაპარაკობდნენ რებრენდინგის საჭიროებაზე, თუმცა ეს მოძრაობა ვერ შეიცვალა, ისეთივეა. ამიტომ იმის თქმა, მოვალთ და შევიცვლებითო, აბსურდია. ამ წლების განმავლობაში 30-ჯერ მაინც ითქვა შერიგებაზე, რასაც ბაზა და საფუძველი სჭირდება. შერიგების საფუძველია იმ ინსტიტუტების შექმნა, რომელიც ქვეყანაში ამ სივრცეს გააჩენს, მაგრამ ამის გაკეთება არც ერთ ხელისუფალს არ სურს დღევანდელის ჩათვლით. შევრიგდეთ, კი ბატონო, მაგრამ როცა ხელისუფლებაში ყოფნა არის არა მარტო საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების, არამედ ბიზნესის კეთების საშუალება, მაშინ ძნელია, უარი თქვა ამ ყველაფერზე”.

 

“ნაციონალური მოძრაობა” ახლა რომ ამბობს, მექრთამეობა დავასამარეთო, სააკაშვილმა არ თქვა, კეზერაშვილმა ჩემს ხელში იშოვა მილიარდებიო? უგულავამ 50 მილიონი კი გაფლანგა, მაგრამ დავიჯერო, მთელი თანხა არსენასავით დაარიგა და მის წილად არაფერი ყოფილა? შერიგება მაშინ იქნება, თუ იქნება სანდოობა არჩევნების, თუ იქნება თავისუფალი სასამართლო, ანუ როცა ინსტიტუტებს შექმნი, თავისთავად მოიხსნება შერიგების და სამართლიანობის აღდგენის პრობლემაც, მაგრამ ეს უნდა გინდოდეს. დღეს სააკაშვილს მე კი არ ვასამართლებ, მის მიერვე შექმნილი სასამართლო სისტემა ასამართლებს. როცა თვითონაა მის ხელში, ასეთი სასამართლო არ უნდა, მაგრამ ხელისუფლებაში თუ იქნება, მოუნდება. ივანიშვილსაც არ უნდოდა, სანამ ოპოზიციაში იყო, მაგრამ მერე მოუნდა ეს სასამართლო. აქაა პრობლემა, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოება ვერ ვხედავთ ამ პრობლემას. ქართული საზოგადოება უცნაურია, ვერ ვიტანთ ავტორიტარიზმს, დემოკრატიისთვის კი ძალა არ გვყოფნის. ამიტომ ვართ ეს 30 წელი სულ ამ გაწამაწიაში და, სამწუხაროდ, მგონი, კარგა ხანს ასე დავრჩებით”.

წაკითხვა 362 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.