სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე - სააკაშვილის ადვოკატი
გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა დიტო საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი.
"მინდა მოგახსენოთ, რომ გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი. ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ დასკვნაში თქვა - ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაურესება და დღის წესრიგში დადგება დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა",- ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
ამასთან, საძაგლიშვილი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს წირავს.
"რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ არ აპირებენ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში, თითქოსდა საუბარი იმაზე, რომ კერძო კლინიკაში უნდა მომხდარიყო ჰოსპიტალიზება კონსილიუმის მხრიდან არ ყოფილა, ეს არის წვრილფეხა ტყუილი. კონსილიუმმა, რომელიც ხაზგასმით მინდა ვთქვა, მთავრობის ქოლგის ქვეშ შეიქმნა, მათ შორის შემადგენლობაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა დაკომპლექტებული საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავალპროფილურ კლინიკაში, და გრძელდება, აქ წერტილი არ არის, სადაც შესაძლებელი იქნება, ანუ არსებობს მაგნიტო-რეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, დუპლექს სკანირების გაკეთება", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 25 დღეა შიმშილობს.
სიახლეები
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“
- " ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავადასტურებ ამას, ასე რომ, ვნახოთ, რა აქვს" - დონალდ ტრამპი
- პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე წარედგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
