"სამართალი ყველასთან მივა და არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას"- ირაკლი ღარიბაშვილი
დღეს, ჩემო ძვირფასებო, აღარავის უნდა მხოლოდ წარსულზე საუბარი, რადგანაც წინ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, საქართველოს და ჩვენი ხალხის წინაშე მრავალი პრობლემა და გამოწვევაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვებრძვით პანდემიას, ვიმყოფებით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია, ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორც დემოკრატიაა, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება, დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე.
„დიახ, ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა, წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და რომ აღარ უნდა დავუშვათ, აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა.
ჩვენ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინეთ სამართლიანობა, დავაკავეთ მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის მთავარი შემოქმედები, ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა, ციხის ჯალათები, მწამებლები და მკვლელები. სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, მეგის ქარდავა, რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიყვანეთ უკრაინიდან საქართველოში. 1 ოქტომბერს კი თავად ამ სისხლიანი და მოძალადე რეჟიმის მთავარ შემოქმედს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელ, ქვეყნის მოღალატე და ხალხის მჩაგვრელ, საქართველოდან გაქცეულ და ახლახანს ლაჩრულად, ქურდულად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში.
ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"