"ვასრულებ კონსილიუმთან თანამშრომლობას - დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმთან თანამშრომლობას წყვეტს და შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობაზე უარს აცხადებს.

ამის შესახებ მის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა #12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო.

 

„როგორც იცით, ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით - არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი. დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს.

 

მე ჩამოვედი საქართველოში, ვინაიდან ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიემართებოდა ტოტალიტარიზმისა და ქართველებისგან დაცლისკენ. თუნდაც ამ არჩევნებზე უნდა ვცადოთ ამის შეჩერება და გადავდგათ ნაბიჯი შემობრუნებისკენ. პირველ ტურში ოპოზიციამ მართლაც მიაღწია სერიოზულ წარმატებას და ყველა დიდ ქალაქში მეორე ტურს, ხოლო რამდენიმეში პირველ ადგილზეც გავიდა. შემდეგ ჩვენ გავხდით ძალიან პოზიტიური პროცესის მომსწრე, სრულიად სხვადასხვა ოპოზიციური ძალების გაერთიანებისა. ხვალ არის მეორე ტური და ის გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენი მომავლისა და ჩემი სიცოცხლისთვის. მე მინდა იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებასა და საქართველოს გამარჯვებაზე. დღეს ჩემი შიმშილობა სრული მოცულობით გრძელდება, მაგრამ მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი და ე.ი გამარჯვებული ხვალის იმედი.

 

გთხოვთ, დღის ბოლომდე და ხვალ დილიდან გადაურეკოთ ყველა ნათესავს, ახლობელს, ვინც არ აპირებდა არჩევნებში მისვლას და გაიყოლოთ თან. ყოველი ადამიანის მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გთხოვოთ ხვალ საღამოს შეიკრიბოთ ხელახლა საარჩევნო უბნებთან, რათა დავიცვათ ხმები. ივანიშვილს უნდა, რომ საბოლოოდ გაგვტეხოს და დაგვიმორჩილოს, თქვენს ხელშია ახლა საქართველოს ბედიც და ჩემი ბედიც.

 

მე ღრმად მრწამს გამარჯვების და გამარჯვებასთან ერთად საზოგადოების შერიგების და გამთლიანების; ჭრილობების მოშუშებისა და განსხვავებული შეხედულებების ადამიანების ერთობლივი წინსვლისა და წარმატების. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.

წაკითხვა 328 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.