"მიბაძონ ხაზარაძეს და დატოვონ "ოცნება" საკუთარ თავთან მარტო"- მიხეილ სააკაშვილი
ჩემი რჩევა იქნება, პარლამენტში ჩემი ყველა თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის მიმართ - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა.
"მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი და ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში. ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება, გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება - ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონნი!
რა უნდა ვქნათ?
მხოლოდ ერთი - ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ, წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე! ასე მოიქცა ჩვენი მეზობელი სომხეთი, იქ პაშინიანი ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლიგარქს ებრძოდა, რომელთა უკან იდგა რუსეთი და მასაც გაუყალბეს არჩევნები, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა. ბევრი და კიდევ უფრო მეტი გამოვიდა ქუჩებში, სანამ ბანდიტური ხელისუფლება არ გატყდა, არ წავიდა და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები.
ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც, გამყალბებელი ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები.
იგივე უქნეს უკრაინელებმა იანუკოვიჩს, როცა ის ბოლომდე რუსეთს მიემხრო, არადა, იანუკოვიჩი მრავალგზის უფრო თავზეხელაღებული და მდიდარი იყო, ვიდრე ივანიშვილი.
ბოლოსდაბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც.
ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო!
უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა!
უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე. რა თქმა უნდა, პარალელურად, უნდა ვასაჩივროთ ყველაფერი, ვინაიდან - ასეთი კატასტროფული დასკვნები არ ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთში, არც ვარდების რევოლუციის დროს. მაგრამ, ახლა, ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტისა და ძალადობისადმი წინააღმდეგობის.
ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ ბატონ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი, მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას.
ერთი სული მაქვს როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერცერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია, იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ დროის გაწელვას ემსახურება, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე.
ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლის, ასევე უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების, წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და დატოვონ ოცნება საკუთარ თავთან მარტო,"- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო