“საკმარისია აქ ვიღაცამ გაისროლოს, რუსეთი მაშინვე შემოიყვანს ჯარს”

“დაძაბულობა, რომელიც შეიქმნა სააკაშვილის დაპატიმრების შემდგომ, ისეთი საშიშია, რომ მისი დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება. ეს ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის. დესტაბილიზაცია და პოლარიზაცია, უპირველესად ქვეყნის განვითარებას აყენებს დარტყმას.

დესტაბილიზაცია აშინებს როგორც შიდა, ისე გარე ინვესტორებს და ინვესტიციებისგან თავს შეიკავებენ. ინფლაცია უკვე არის. შეიქმნება საქონლის დეფიციტიც”, - აცხადებს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების დირექტორი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საკმარისია აქ ვიღაცამ გაისროლოს, რუსეთი მაშინვე შემოიყვანს ჯარს”. “დიახ, გარდა პოლიტიკური რისკებისა, ეკონომიკურიც არის. საერთაშორისო არენაზე ძალიან ნეგატიური ინფორმაცია გადის, ეს კი, რა თქმა უნდა, ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას აფერხებს. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მართალი, სააკაშვილი თუ მთავრობა. ამაზე შეგვიძლია ბევრი ვიდავოთ, მაგრამ ფაქტია, უცხოეთში ხედავენ, რომ საქართველო არასტაბილური ქვეყანაა, რომელსაც მთავრობა სათანადოდ ვერ მართავს. არა აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი არის თუ არა დამნაშავე, საბოლოოდ ყველაფერი მაინც “ოცნებას” დაჰბრალდება, რადგან ის არის პასუხისმგებელი სტაბილურობაზე. ევროპამ სანქციები რომ დაგვიწესოს არა მგონია, მაგრამ თუ სააკაშვილის შიმშილობა ფატალურად დასრულდება, დიდი სკანდალი დაიწყება. მთავრობა ევროპის სასამართლომაც გააფრთხილა, რომ პატიმარ სააკაშვილს საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ. ამის პირობები რომ არა აქვთ მე-18 დაწესებულებაში, ეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც თქვა. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

 

“თუ მისი გატაცების ეშინოდათ, ოპოზიციას ეყო გონიერება და თქვა, რომ იმ კლინიკასთან აქციას არ გამართავს. ამ საკითხში შეთანხმება შეიძლებოდა. ეს საქმე ძალიან მალე უნდა დასრულდეს, ასე გაგრძელება არ შეიძლება - ოპოზიცია და ხელისუფლება რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. ევროკავშირი ცდილობდა დახმარებოდა საქართველოს, რათა ეს ბრძოლა ცივილიზებულად გაგრძელებულიყო, თუმცა რა ბედი ეწია მიშელის დოკუმენტს, ყველამ ვნახეთ. ამას ემატება საფრთხეები ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნებისგან. პირდაპირ უნდა ვთქვათ - უკრაინის საზღვარზე რომ რუსეთის 90-ათასიანი ჯარია, სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთს არ შეუძლია საქართველოში ინტერვენცია. საკმარისია აქ ძალზე აირიოს ვითარება, მაგალითად, ვიღაცამ გაისროლოს, შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს, რუსეთი მაშინვე შემოიყვანს ჯარს და როგორც მინიმუმ გადაკეტავს დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალს. შემდეგ მათი გაყვანა აქედან რთული იქნება. რუსეთს ეშინია საქართველო არ შევიდეს ნატოში, ამიტომ ურჩევნია აქ ჯარები ჰყავდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“მე რომ მკითხონ, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადირება. გასაგებია, რომ ციხიდან არ გამოუშვებენ და საქართველოში არ დატოვებენ, 2 მუხლს ასე ადვილად არ მოუხსნიან და პრეზიდენტმაც თქვა, არ შევიწყალებო, მაგრამ თუ ციხეში გააგრძელებს ყოფნას, სულ იქნება მიტინგები და მისი გათავისუფლების მოთხოვნები, ეს კი არავის აწყობს. ვფიქრობ, უკრაინა გააგრძელებს ზეწოლას. უკრაინის მოსახლეობა უკვე სულ უფრო ინტერესდება სააკაშვილის ბედით. ამიტომ იქაური პრეზიდენტი და დეპუტატები ჩუმად ვერ იქნებიან. მათთვის ეს ღირსების საკითხიც არის, რადგან სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში. ასევე დიდი პრობლემაა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა. თუ გაფუჭდა, მგონი, უნდა დავივიწყოთ ევროპულ ინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრებაზე ფიქრი. უკრაინასთან ჩვენი ურთიერთობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ეს ასევე საზიანო იქნება ნატოში გაწევრების პროცესისთვის იმიტომ, რომ უკრაინა ნატოსა და ევროპისთვის სულ უფრო საინტერესო ქვეყანა ხდება. ჩვენზე ათჯერ დიდიც არის, ამიტომ უკრაინასთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს”, - თვლის რონდელის ფონდის ევროპული კვლევების დირექტორი და შეკითხვაზე - “რატომ არ აქტიურობს ევროპა?” - პასუხობს:

 

“ევროკავშირის ელჩმა რამდენიმე განცხადება გააკეთა. ამასთან, არა აქვთ ზუსტი ინფორმაცია, სააკაშვილი უსამართლოდ ზის ციხეში თუ სამართლიანად. ევროპას მეტი ინფორმაცია სჭირდება და ამაში ნელ-ნელა გაერკვევიან. საქმე უკვე გადაცემულია სტრასბურგის სასამართლოში და პირველი დადგენილებაც გამოიტანეს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ორ კვირაში უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ და შემდეგ სათანადო განცხადებასაც გააკეთებენ”. “გასაგებია, რომ საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ ბრალდებები უსაფუძვლო არ არის. ტყუილად კი არ ითხოვდა ევროპა გავლენებისგან სასამართლოს გათავისუფლებას. თავისუფალი სასამართლო რომ გვქონოდა, კითხვები არც ევროპას და არც ამერიკას არ ექნებოდათ. არ არის გამორიცხული, სტრასბურგმა გამოიტანოს ვერდიქტი, რომ სააკაშვილის საქმე არ მიმდინარეობდა სათანადოდ და ამის გამო მისი გათავისუფლება მოითხოვონ. ეს კი ნიშნავს, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი მიეცემა... არაოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ანა ფოგიტა ევროპარლამენტის წევრია და ეს პატარა საქმე არ არის. ის შეისწავლის აქაურ ვითარებას. შეიძლება კიდევ მოჰყვეს ევროპარლამენტიდან ერთი-ორი დეპუტატის ვიზიტი და მოამზადებენ რეზოლუციას ევროპარლამენტში გასატანად, თანაც მნიშვნელოვანია, ტექსტი რა შინაარსის იქნება. ასე რომ, ჩვენს მთავრობას სანერვიულო ნამდვილად აქვს”, - დასძენს კახა გოგოლაშვილი.

 

წაკითხვა 549 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.