"ევროკავშირმა უნდა განიხილოს სანქციების დაწესება იმ პირების წინააღდეგ, რომლებმაც დაუშვეს სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა"
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შუალედური ზომების მიღების ფორმით ჩაერთო, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომლითაც 23 ევროპარლამენტარი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეინს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავენ.
ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციების დაწესება იმ პირების წინააღდეგ, რომლებმაც დაუშვეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
„ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციები იმ ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დაუშვეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა“,- აღნიშნულია წერილში.
„ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები გამოვხატავთ უდიდეს შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მივიღეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ასევე მის მიმართ საქართველოს ხელისუფლებისა და სხვა პატიმრების მიერ არასათანადოდ მოპყრობის შესახებ“,- აცხადებენ ევროპარლამენტარები.
წერილში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა და ექიმების კომიტეტმა დაადგინა, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება სათანადოდ არ არის აღჭურვილი იმისთვის, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიოს.
„მიუხედავად იმისა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა დამნაშავე მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში, მისი უფლებები და ღირსება დაცული უნდა იყოს. როგორც ამჟამად ჩანს, მას ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობაზე უარს პოლიტიკური მიზეზის გამო ეუბნებიან. მეტიც, საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მას უარი უთხრა, თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესს დასწრებოდა.
ის ფაქტიც, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს უარი უთხრეს სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე, უაღრესად შემაშფოთებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შუალედური ზომების მიღების ფორმით ჩაერთო, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი“,- აღნიშნულია წერილში.
წერილის ხელმომწერ ევროპარლამენტარებს შორის არიან: რიჰო ტერასი, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიანე, ანა ფოტიგა და სხვები.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო