"საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები"
საქართველო და უკრაინა არიან ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ბრიუსელში ორდღიან საგარეო საქმეთა მინისტერიალზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ სიტუაციას საქართველოსა და უკრაინაში.
გენერალური მდივნის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება სხვადასხვა საკითხი, მათ შორის რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინაში, ასევე ბელარუსის საზღვრის გარშემო განვითარებული მოვლენები.
მისი თქმით, ისინი განიხილავენ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასაც.
,,მოუთმენლად ველოდები მომავალ კვირას რიგაში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას. ორივე ქვეყანა არის ნატო-ს ძალიან ღირებული პარტნიორი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან და ვაფართოებთ თანამშრომლობას და მივესალმებით როგორც საქართველოს, ისე უკრაინის წვლილს ნატოში“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე, შავ ზღვაში არსებული სიტუაციის განხილვა დროული და უკიდურესად მნიშვნელოვანია.
,,ჩვენ ასევე განვიხილავთ უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას შავი ზღვის რეგიონში. საქართველოც და უკრაინაც შავ ზღვისპირა სახელმწიფოები არიან. ჩვენ ვნახეთ გაზრდილი დაძაბულობა, ვიხილეთ რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ, შავ ზღვაში არსებული სიტუაციის განხილვა, ამ ორ მთავარ პარტნიორთან ერთად ძალიან დროული და უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს საქართველოს ნატო-ში წევრობასთან დაახლოებაში ეხმარება და ორივე ასპირანტ ქვეყანას ძლიერ ქვეყნებად აქცევს.
,,ჩვენ ასევე გავამახვილებთ ყურადღებას რეფორმების ძალისხმევაზე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ორივე ასპირანტი ქვეყნისთვის, რომ დარჩნენ რეფორმებზე ორიენტირებულნი, განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და განაახლონ თავდაცვის უსაფრთხოების ზომები. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეხმარება ნატოსა და ნატოში წევრობასთან დაახლოებაში. ეს რეფორმები თავისთავადაც ღირებულია, რადგან ისინი საქართველოსა და უკრაინას უფრო ძლიერ და მედგარ ქვეყნებად აქცევს. როდესაც ვხედავთ რუსეთის ქმედებებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედეგი, ძლიერი საზოგადოებების ყოლა, რომლებსაც აყალიბებს მტკიცედ გატარებული რეფორმები. ასევე ეს არის გზა უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - აღნიშნავს სტოლტენბერგი.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო