როდის დააბრუნებენ სააკაშვილს უკან ციხეში და მოყვება თუ არა ამას აქციები

“ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრთა და მხარდაჭერთა ინფორმაციით, ახლო მომავალში დაგეგმილია გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მისი უკან ციხეში გადაყვანა, რაც დაუშვებლად მიაჩნიათ.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პენიტენციური სამსახური მიიღებს ექიმების დასკვნის საფუძველზე. ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ სააკაშილის ციხეში გადაყვანას შესაძლოა ენმ-ის საპროტესტო აქციები მოყვეს, ოღონდ არც ისე მძლავრი. ექსპრეზიდენტის მეუღლე ლიზა იასკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს დაღლილობისგან გამოწვეული მხედველობისა და სმენის პრობლემები. ასევე განუვითარდა ინსომნია, მას ყურადღების გაფანტვა და მეხსიერების გაუარესება აწუხებს. ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო კამერაში გადაყვანა სურთ, რისი დაშვებაც არცერთ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის დააბრუნებენ სააკაშვილს უკან ციხეში და მოყვება თუ არა ამას აქციები.

“როდესაც ადამიანი 50 დღე შიმშილობს, მას 50+50 დღე სჭირდება რეაბილიტაციისთვის, ანუ 100 დღე. ცხადია, ექიმები თვალყურს ადევნებენ, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის. იმედი მაქვს, იქნება წინსვლა როგორც პოლიტიკურად, ისე ჯანმრთელობის მხრივ. მილიონობით უკრაინელი ყოველდღიურად ადევნებს თვალს მის ამბებს და ელოდებიან სააკაშვილს უკრაინაში. ამიტომ, ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ქართველებს მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდებათ, დააბრუნეთ ის უკრაინაში, - განაცხადა ლიზა იასკომ. ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანი განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპული პრეპარატების საკმაოდ მაღალი დოზები დაუნიშნეს, რისი საჭიროებაც არ იყო. მისივე თქმით, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც “ფარმაკოლოგიური წამების სახე და არასათანადო მოპყრობა”. ექსპრეზიდენტის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მას 2-3-თვიანი მკურნალობის კურსის გავლა ესაჭიროება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იკვეთება არაშესაბამისი მკურნალობის გარემოება, როგორც მინიმუმ რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან დაწყებული, რომელიც ეხება ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორ გამოყენებას, რაც საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება, როგორც ფარმაკოლოგიური წამების სახე და არასათანადო მოპყრობა. საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, მოუწევს სტრასბურგში გასცეს პასუხი თუ რატომ იყო დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატები საკმაოდ მაღალი დოზებით, მაშინ, როდესაც საერთაშორისო გაიდლაინებით არ საჭიროებდა ამ პრეპარატების დანიშვნას, რამაც გამოიწვია ე.წ. ნეიროლეფსიური სინდრომი. ამის მომსწრე და მნახველები გავხდით გორის ჰოსპიტალში პირველი ვიზიტისას. მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული აშლილობა - პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, ასევე ნევროლოგიურად არის ე.წ. ვერნიკეს სინდრომისთვის დამახასიათებელი მოვლენები”, - განმარტავს პრესასთან საუბრისას მარიამ ჯიშკარიანი.

“ყველანაირი გაიდლაინის მიხედვით, აღნიშნული დიაგნოზები საჭიროებს მინიმუმ 4-8 კვირიან მკურნალობას. გაიდლაინის და პროტოკოლის მიხედვით პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას ესაჭიროება 3-თვიანი მკურნალობის პერიოდი, ე.წ. ვერნიკეს სინდრომს სჭირდება 2-3 თვე. არასათანადო მოპყრობისა და წამების სხვადასხვა ფაქტს ადგილი ჰქონდა, როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, ასევე მე-18 დაწესებულებაში. ყველანარი საერთშორისო სტანდარტით, იმ მტრულ და სტრესულ გარემოში, სადაც ადამიანს ასეთი თავგადასავალი გადახდა, წარმოუდგენელია ადამიანის კვლავ დაბრუნება”, - მიიჩნევს მარიამ ჯიშკარიანი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ქართულ ოცნებაში” პატიმარ სააკაშვილზე მსჯელობა საერთოდ არ არის, ხოლო საავადმყოფოდან საპატიმროში მისი დაბრუნების ვადეს პენიტენციური სამსახური განსაზღვრავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ქართულ ოცნებაში" მინდა, გითხრათ, რომ მსჯელობა საერთოდ არ არის პატიმარ სააკაშვილზე. მსჯელობა შეიძლება იყოს პენიტნციურ სამსახურში და ჯანდაცვის სისტემაში, რომლებიც არიან ვალდებული, რომ იზრუნონ პატიმრის ჯანმრთელობაზე, მის უსაფრთხოებაზე და სწორედ ამ კროტერიუმებიდან გამომდინარე, მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანონ რუსთავის ციხეში”, - განაცხადა მაჭარაშვილმა. ვერაფერს საგანგაშოსა და ახალს ვერ ხედავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე იმ საკითხში, რომ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდეგ მისი კვლავ ციხეში გადაყვანა მოხდება. როგორც ის “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, გადაყვანის შემთხვევაში აქციები მოსალოდნელია, მაგრამ არა პერმანენტული სახით, რადგან ენმ-ს ამის რესურსი აღარ აქვს”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც კი სამედიცინო პერსონალი საჭიროდ ჩათვლის, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ციხეში გადაყვანა მოხდება. სხვაგან სად გაუშვებენ? უბრალოდ არ მესმის, ეს სიახლეს რატომ წარმოადგენს, ან ვისთვის შეიძლება წარმოადგენდეს. რაც შეეხება მის მიერ შიმშილობის განახლებას, ეს რთული სათქმელია, მაგრამ აქციები შესაძძლოა კვლავ გაგრძელდეს. მაგრამ ბოლო დროს ჩატარებული აქციების სიმძლავრიდან გამომდინარე გამოჩნდა, რომ პერმანენტული აქციების რესურსი ოპოზიციას არ გააჩნია. არ მგონია საკაშვილის გადაყვანამ ან შიმშილობის დაწყებამ მძლავრი საპროტესტო მუხტი წარმოქმნას”, - თვლის ძაბირაძე.

წაკითხვა 589 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.