“რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი უკვე გვიანია” - ხუხაშვილი
“სწორედ სააკაშვილის დღის წესრიგმა დააპაუზა ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი.
გაყალბებულმა არჩევნებმა, ტოტალურმა მოსმენებმა, სახელმწიფოებრივმა პრობლემებმა აქტუალურობა დაკარგა, რამაც ოპოზიცია მნიშვნელოვნად დააზარალა. აბსოლუტურად გაუგებარი პროცესები მიდის საკრებულოებში. იმ რეგიონებში, სადაც მყარი უმრავლესობა არ ჰყავდა, ხელისუფლებამ ახალი საკრებულოების მუშაობას ყოვლად წარმოუდგენელი ქმედება ჩაუფინა - უკვე საკრებულოს ყავლგასულ შემადგენლობას მიაღებინა ბიუჯეტი...” - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი უკვე გვიანია“ / “კობახიძე ცდილობს მცირე პარტიებს ევაჭროს და განხეთქილება ჩამოაგდოს პარტიებს შორის”.
“როგორც სხვა ყველაფერი, ესეც “კეთილი” ზრახვებით ახსნეს და თქვეს, რომ პროცესი პოლიტიკური რისკებისგან დააზღვიეს. სინამდვილეში ეს ანტიდემოკრატიული და არაცივილიზებული ქმედებაა. “ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ ვადაგასულ საკრებულოებს ბიუჯეტის დამტკიცება კანონით არ ეკრძალებათ, მაგრამ ეს ხომ ანტიკონსტიტუციური ქმედებაა. საკრებულოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ბიუჯეტის მიღებაზე პასუხისმგებლობის აღება და კონტროლია. გამოდის, ხელისუფლებამ ლეგიტიმაციის მატარებელ პირებს ფუნქცია ხელიდან გამოჰგლიჯა და ყავლგასულ საკრებულოს გადასცა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი უკვე გვიანია. როდესაც ეს თემა აქტუალური იყო, მაშინ ვერ მიიყვანეს ბოლომდე და ახლა რისი იმედი აქვთ?! დღეს ამის საფუძველი აღარ არსებობს იმიტომ, რომ არჩევნების გაყალბება ვერ დაასაბუთეს... არც მე მომწონს 2%-იანი ბარიერი. გასაგებია, რომ ჩვენ გვჭირდება მულტიპარტიულ სისტემაზე გადასვლა, რათა ძალაუფლების უზურპაციისგან დავაზღვიოთ ქვეყანა, მაგრამ არც ის გვინდა, რომ 20 პარტია გვყავდეს პარლამენტში. თუ პარტია 3%-ს ვერ აგროვებს, არა მგონია, სახელმწიფოს მართვაში სერიოზული როლი ითამაშოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ერთპროცენტიანი პარტიები ვაჭრობას იწყებენ, ერთში ათს ითხოვენ, რაც მერე ათას გაუგებრობას იწვევს. ნამდვილად არ მომწონს 2%-იანი ბარიერის იდეა, მაგრამ შეთანხმებას შესრულება სჭირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “შეთანხმება მმართველი გუნდის ანულირებულია, თუმცა საბაბად გამოიყენეს “ნაცმოძრაობის” უარი, ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე”, - პასუხობს:
“შეთანხმებიდან გასვლა ასე მარტივად არ ხდება, ამისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. ვფიქრობ, ამაზე კობახიძის საუბარი პოლიტიკური თამაშია. მსხვილ პარტიებს სულ არ აინტერესებთ, ბარიერი 2%-იანი იქნება თუ 3%-იანი. “ნაცმოძრაობას” აწყობს კიდეც მაღალი ბარიერი - წინასაარჩევნოდ შეისრუტავს პატარა პარტიებს და თავისი დომინაციით წაიყვანს საარჩევნო პროცესს. კობახიძე ცდილობს მცირე პარტიებს ევაჭროს და განხეთქილება ჩამოაგდოს პარტიებს შორის. “ოცნება” კი გადაიხდის ზუსტად იმ ფასს, რასაც შეძლებენ და გადაახდევინებენ ხალხი და ოპოზიცია. თუ პოლიტიკური ოპოზიცია ფხას ვერ გამოიჩენს, “ოცნება” არაფერსაც არ გადაიხდის...”
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი