“დიდი შერიგებიდან” “მრგვალ მაგიდამდე” - როგორ იცვლებოდა სააკაშვილის მოწოდებები ბოლო ერთ თვეში და რა მიზანი აქვს მის შეთავაზებებს

“პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ოთხშაბათს მორიგი მიმართვა გაავრცელა, სადაც საყოველთაო ამნისტიასთან ერთად, ხელისუფლების გადანაწილებისათვის მრგვალი მაგიდის გამართვის აუცილებლობაზე საუბრობს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, მსგავსი იდეების წამოყენების მთავარი მიზანი ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გამოხსნაა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ენმ-სა და სააკაშვილის მხრიდან პერიოდულად კეთდება მსგავსი შეთავაზება ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლების მიმართ. მათში აქცენტი კეთდება საყოველთაო შერიგებასა და ამნისტიაზე, თუმცა, ამის პარალელურად, ასევე საუბარია ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე, რასაც ანალიტიკოსთა ნაწილი არალოგიკურად მიიჩნევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “დიდი შერიგებიდან” “მრგვალ მაგიდამდე” - როგორ იცვლებოდა სააკაშვილის მოწოდებები ბოლო ერთ თვეში და რა მიზანი აქვს მის შეთავაზებებს.

“რამდენად რეალისტურია სააკაშვილის და მისი პარტიის წევრების შეთავაზებები და ვისზე ან რაზე შეიძლება იყოს გათვლილი? ანალიტიკოსთა თქმით, ენმ ამით ცდილობს პირველ რიგში ქვეყნის შიგნით სააკაშილის ფაქტორს აქტუალურობა შეუნარჩუნოს, რისთვისაც საზოგადოებისათვის მისაღები შერიგების იდეა წამოწია წინ. მეორე მსხრივ კი სავარაუდოდ გათვლა იმაზეა, რომ დასავლელი პარტნიორები ამ განცხადებებს ენმ-ს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად ჩაუთვლიან. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, ენმ-მ შერიგების იდეის ექსპლუატაცია და კულტივირება გადაწყვიტა. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ამით ისინი მაქსიმალურად პროპაგანდისტული ქულების გამოწურვას შეეცდებიან. ენმ-ს გათვლები შესაძლოა ასევე ე.წ. შუაშისტ ამომრჩეველზე ჰქონდეს. მათი მიზანი შესაძლოა ასევე იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის გამოფხიზლება, რომელიც სააკაშვილის თემით დიდად არ ინტერესდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იციან, რომ ეს იდეა საზოგადოებაში პოპულარული და სასარგებლოა. შერიგების საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს... ასევე ეს ყურში კარგად ხვდება ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში. იქაც იტყვიან - აი, როგორი კეთილშობილური იდეაა და პოლარიზაციის შემცირებისკენ პირველი ნაბიჯი სააკაშვილმა და მისმა პარტიამ გადადგა. ენმ-ის აზრით, მომგებიანი თემა მოძებნეს და მის აწევას ყველა მიმართულებით შეეცდებიან. დარწმუნებული ვარ, ეს შეკვეთა მათ მომსახურე მედიას და ინტერნეტ საიტებს ექნებათ. მოლაპარაკე თავებსაც გარკვეული დირექტივები ექნებათ მიცემული და ეროვნული შერიგების იდეის კონტექსტში მთავარი მიზნის მიღწევას შეეცდებიან - როგორმე პატიმრობიდან გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ეს ყველაფერი ფარსია და მოჩვენებითი. ვინც ენმ-ის ბუნებას იცნობს და კარგად იცის ეს პარტია რასაც წარმოადგენს, ამ მოწოდების გულწრფელობას არ ენდობა. თუმცა მოინახებიან ადამიანები, რომლებიც დაიჯერებენ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში გამოძახილს ვერ ჰპოვებს. ადამიანური ფაქტორია აქ მნიშვნელოვანი. ვინ აჟღერებს ამ მოწოდებას - მიხეილ სააკაშვილი? გიგი უგულავა? ან კიდევ ადამიანები, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ სხვა, საპირსპირო მოწოდებებით გამოდიოდნენ და დესტაბილიზაციით იმუქრებოდნენ? ამ ხალხის მიმართ ნდობა აღარ არსებობს რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, მგონია, რომ სწორი განცხადებები გაკეთდა. “ოცნების” ლიდერებმა თქვეს, რომ ამ ადამიანებმა მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაული უნდა მოინანიონ. ხელისუფლება ამბობს, რომ “ნაცმოძრაობას” და სააკაშვილს თუ ვინმესთან შესარიგებელი აქვს, ეს ქართველი ხალხია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მეორეც - ენმ არ აკონკრეტებს შერიგება ვისთან სურს, მხოლოდ “ოცნების” ამომრჩეველთან, თუ ზოგადად ქართველ ხალხთან, რომელმაც 2012 წელს ისინი ხელისუფლებიდან გაუშვა და უკან აღარ აბრუნებს”, - დაასკვნის ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა ძირეულად არ შეცვლილა. მისი აზრით, ეს არის პატარა ტაქტიკური ნაბიჯი და სააკაშვილს ჩვენი საგარეო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა სურს”, - დასძენს გამოცემა.

“ენმ ახლა ყველაფერს იგონებს იმისთვის, რომ როგორმე მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დაიხსნან. ახლა სააკაშვილი დასავლეთს აჩვენებს, რომ ვითომ შერიგების მომხრეა. ამავე დროს, მისი თანაგუნდელების რიტორიკაში ისევ მუქარა ისმის - ისინი მუქარანარევ შერიგების მოთხოვნას აყენებენ. კი არ ითხოვენ, არამედ მოითხოვენ, თან იმუქრებიან, რომ იგივე დესტრუქციას და პროვოკაციას გააგრძელებენ. ასეთი პრეცედენტი მე მგონი არც ერთ სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ხდება. დიდად არაფერი შეცვლილა სააკაშვილის ლექსიკასა და ნარატივში. ის უბრალოდ ყოველდღიურად ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობს”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას გია აბაშიძე.

“დაინახა, რომ მისი ამომრჩეველიც კი ქუჩაში არ გამოდის, პროტესტი მილევადია და ეშინია აქტუალობა არ დაკარგოს. ხალხს აგრესია და დესტრუქცია ყელში ამოუვიდა, ამიტომაც რაღაცა ახალ კუთხეს ეძებს, რომ მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი ისევ მოირგოს“, - თვლის აბაშიძე. მისივე თქმით, ასეთ დესტრუქციულ გარემოში, როდესაც ხელისუფლებას ოპოზიცია შერიგებას მუქარით სთხოვს, “ოცნებამ” ამაზე რა სახის რეაგირება უნდა მოახდინოს, გაუგებარია. აბაშიძე ამბობს, რომ თუკი პოლიტიკოსს შერიგება უნდა, მაშინ ის ამას ჯერ საკუთარი დანაშაულების მონანიებით იწყებს - ბოდიშს იხდის და ჩადენილ შეცდომებს თუ დანაშაულს აღიარებს. სააკაშვილი კი ამას არ აკეთებს და თუ მან ბოდიში ხალხს არ მოუხადა, ხელისუფლებასთან შერიგება როგორ უნდა მოხდეს, წარმოუდგენელია”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 335 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.