“ან დაგვიმტკიცონ, რომ დანაშაული ჩავიდინეთ, ან აღიარონ, რომ ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკურად გვდევნიდნენ” - ხაზარაძე
“მთელი ეს საქმე ფალსიფიცირებულია, ცდილობენ ეს 3-წლიანი მასკარადი კიდევ გააგრძელონ.
რას ველოდები ერთი თვის შემდეგ? ჩემი და ბადრის განწყობა ასეთია - მართლები ვართ, მტკიცედ ვდგავართ, მოთმინება გვაქვს, ამიტომ ვერაფერს დაგვაკლებენ, როგორი განაჩენიც უნდა გამოიტანოს მოსამართლემ. ჩემთვის ეს პროცესი კიდევ ერთი ტესტია. 30 წლის განმავლობაში არაერთი კარგი საქმე გავაკეთეთ, იყო მარცხიც, მაგრამ საბოლოოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ იმ 10 000 კაცთან ერთად, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები არიან. სწორედ ამას ებრძვიან, სურთ ყველას აჩვენონ, რომ ეს არის ჭაობი და შენც ამ ჭაობის ნაწილი უნდა იყო”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ან დაგვიმტკიცონ, რომ დანაშაული ჩავიდინეთ, ან აღიარონ, რომ ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკურად გვდევნიდნენ” / “გახარიამ ან უნდა თქვას, რომ მუქარის წერილი სხვამ გადასცა, ან აღიაროს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეა”.
“მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი - თუ რამე დავაშავეთ, პასუხიც უნდა ვაგოთ, თუ არ დაგვიშავებია, საქმე უნდა შეწყდეს და გამამართლებელი განაჩენი დადგეს. 3 წელია გვედავებიან, ფული გაათეთრეთო. ან დაგვიმტკიცონ, რომ დანაშაული მართლა ჩავიდინეთ, ან აღიარონ, რომ ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკურად გვდევნიდნენ. მესმის, ძნელია ამის აღიარება, იმიტომ, რომ ეს მათი ლუსტრაცია იქნება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.... რას ნიშნავს ჯარიმას დაგვაკისრებენ? ფულის გათეთრება უმაღლესი დანაშაულია. ეს ან უნდა დაგვიმტკიცონ, ან აღიარონ, რომ ბრალს ტყუილად გვდებდნენ. შუალედური ვერსია გამორიცხულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.
“დეპუტატის მანდატის დავტოვე, რადგან მსურს პარტიას მეტი დრო დავუთმო, რეგიონებში ვიარო და მომავალი რიგგარეშე არჩევნებისთვის მოვამზადო. ჩვენი პარტიის შექმნას რთული პერიოდი დაემთხვა: ერთი მხრივ, პანდემია, მეორე მხრივ, ორი არჩევნები. ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, წარმატებას მივაღწიეთ - 29 კაცი გვყავს საკრებულოებში. რაც შეეხება ეროვნულ შერიგებას, ეროვნული შერიგება რას ნიშნავს? მე ნაჩხუბარი არავისთან ვარ, რომ შევურიგდე. ჩემი გადმოსახედიდან შერიგება ნიშნავს, რომ შევთანხმდეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ქვეყანას განვითარების საშუალებას მისცემს. პოლარიზება უნდა შევამციროთ, თორემ უკვე კისერში ამოვუვედით ევროპელებსაც და ამერიკელებსაც. როგორც კი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დაიწყო პროცესი, ჩვენ მაშინვე დავუდასტურეთ მხარდაჭერა და გამოვთქვით პროცესში აქტიურად ჩართვის მზადყოფნა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ვფიქრობ, წითელ ხაზებსა და წინა პირობებზე ლაპარაკი აღარ უნდა იყოს. უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და ვთქვათ, რა არის მთავარი პრობლემა. მერე გამოიკვეთება, თუ რა იქნება შემდეგ გასაკეთებელი. პრეზიდენტს ჯერ განცხადება არ ჰქონდა დამთავრებული, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობების წამოყენება დაიწყო. სახელმწიფოებრივად მოფიქრალმა ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს პირობები არ უნდა წამოუყენოს... ოპოზიციაში მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” ხომ არ არის? თუმცა, მგონია, რომ პროცესში ისინიც ჩაერთვებიან. მთავარია ყინული დაიძრას. ამ პროცესში ყველა საკითხს უნდა შევეხოთ. სააკაშვილს ყოფილი პრეზიდენტისთვის შეუფერებლად მოექცნენ, ბევრი ისეთი რამ მოხდა, რამაც პროცესი შურისძიებას უფრო დაამსგავსა, ვიდრე მართლმსაჯულებას. ჩვენი საქმეც პოლიტიზებულია, სხვათა შორის, გვქონდა შესაძლებლობა, რომ მიშელის დოკუმენტზე მუშაობის დროს აქცენტი ამ საკითხზე გაგვემახვილებინა, მაგრამ ეს ამბავი ვაჭრობის საგნად ვაქციეთ”, - განმარტავს “ლელოს” ლიდერი.
“პირველი საქმე ჩვენს წინააღმდეგ “ნაციონალების” მმართველობისას- 2003 წელს, კომპანია “ბორჯომთან” დაკავშირებით აღძრეს. სამი წელი გვატარეს პროკურატურაში, მაგრამ საქმე იმდენად უაზრო იყო, სასამართლოში არ გადაინაცვლა და ისე გაქრა, როგორც შეიქმნა. მეორე საქმე 2005 წლის ბოლოს აღიძრა და დავა უკვე სასამართლოებში გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში ძალიან უღირსი მეთოდებით მკითხავდნენ (იყო ზეწოლა და ა.შ.), მე უკან არ დამიხევია - ჯერ ქობულეთის სასამართლო მოვიგე, შემდეგ უზენაესი და ბოლოს სააპელაციო. ყოველივე ამას 5 წელი დასჭირდა და როდესაც ბოლო სასამართლო მოვიგე, სადავო ქონება უკვე სხვაზე იყო გადაფორმებული. ამ დროს უკვე 2012 წელი იყო. მალე ხელისუფლება შეიცვალა და ეს ამბავი საჯარო რეესტრში გასწორდა... ახლა რაც შეეხება განსხვავებას - “ნაციონალების” მმართველობისას სისტემა მებრძოდა მე, მამუკა ხაზარაძეს, დღეს საქმე ეხება ანაკლიას. ხაზარაძე და ჯაფარიძე საბაბია, სინამდვილეში ამ ხელისუფლებამ ჩააგდო უზარმაზარი გეოპოლიტიკური პროექტი, რომელსაც დიდი სიკეთე უნდა მოეტანა ქვეყნისთვის”, - მიიჩნევს მამუკა ხაზარაძე.
“2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტი გააჩერეს, ამ დროის განმავლობაში სახელმწიფოს თავად შეეძლო ანაკლიის პროექტის რეალიზება, მაგრამ თითი თითზე არ დაუკარებია, გზაც კი არ გაიყვანა, მაგრამ ნახევარი მილიონი დოლარი ჩადეს, ჩრდილოეთის მიმართულებაში, გზის მშენებლობაში... სანამ ანაკლიის პროექტს არ დაემუქრა საფრთხე და ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ არ თქვა, ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაშიო, საიდან უნდა მცოდნოდა, რომ საქმე რუსულ ინტერესებთან გვქონდა?! ანაკლიის პროექტს შეეწირნენ კვირიკაშვილი და ბახტაძეც. რამდენჯერაც წინ წავიდა ანაკლიის პროექტის საქმე, იმდენჯერ პრემიერი გადააყენეს. ბოლოს მე და ბადრისაც მოგვდგნენ და გახარია მოგვიგზავნეს. გახარიას სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი - დაემუქრა ადამიანებს. მან ან უნდა თქვას, რომ მუქარის წერილი სხვამ გადასცა, ან აღიაროს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეა. თუ ყველაფერი გავატარეთ და მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ვილაპარაკეთ, საქმე არ გამოვა. მე არასდროს არ ვიტყვი, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყვიტონ. არა, ბატონო, დაამთავრონ ეს საქმე და სიმართლე თქვან. ამის მერე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ქვეყნის პრობლემებზე. მე ჩემზე აღძრული საქმით არ ვივაჭრებ. არც სხვებმა უნდა ივაჭრონ”, - ამბობს რესპონდენტი.
“სამი წელია ვიგერიებთ სახელმწიფო შეტევას მედიისა და სოცქსელის მეშვეობით. “ფეისბუკმა” 300 ფეიკგვერდი დახურა. ყველანაირად ცდილობენ, რომ მამუკა ხაზარაძე წარმოაჩინონ საქართველოში საბანკო პროცენტის დამწესებლად, ხალხის ბინებიდან გამომყრელად... ხალხს ამის სჯერა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: როცა თიბისი ბანკზე ინტერნეტშეტევა მოხდა, ჩვენ გამოვიძიეთ, თუ საიდან იყო შეტევა და იმდროინდელ შს მინისტრ გახარიას კაბინეტში დავუდეთ მასალა. რა მოხდა? რუსთაველის 12 ნომრიდან ალაგდნენ ტროლები და სხვა მისამართზე გადავიდნენ... ჩვენ საზოგადოებას რეალურ ინიციატივებს ვთავაზობთ. ამომრჩეველიც შესაბამისი გვყავს. ამ ქვეყანაში საზოგადოების დიდი ნაწილი ბელადებს ეძებს, პროგრამებს მოგვიანებით კითხულობს, ან სულაც არ კითხულობენ”, - დასძენს ხაზარაძე და შეკითხვაზე - “ანალიტიკოსები თქვენს მთავარ შეცდომად “ნაციონალებთან” “ფლირტს” მიიჩნევენ” - პასუხობს:
“როდესაც ამხელა ძალა, “ქართული ოცნება”, მყარად არის გამჯდარი ყველგან და შენ მისი დამარცხება გინდა, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად უნდა შეაფასო. ჩვენ მარტო მას ვერ დავამარცხებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ “ნაციონალებს” ყველაფერში ვეთანხმებით. ვიცი, შემახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას დავუჭირეთ მხარი, ამიტომ მეც შეგახსენებთ, რომ იმ კაბინეტში 50%-ზე მეტი “ლელოს” წევრები იყვნენ. სხვა გამოსავალი არ არსებობს - ორიენტაცია უნდა ავიღოთ ან კოალიციურ მთავრობაზე, ან “ოცნების” ერთპიროვნულ მმართველობას შევეგუოთ.”
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი