როგორ იმოქმედებს შიმშილობის აქცია შერიგების პროცესზე

“პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდება მძიმე საპროტესტო ფორმების გამოყენების გზით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ტყვე, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ის არ იმსახურებს ციხეში ჯდომას” - ამ განწყობით შიმშილობს “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია თანაპარტიელებთან ერთად.

მასობრივი შიმშილობის აქციაში ჩაერთო 300-ზე მეტი ადამიანი. მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან “ნაცმოძრაობის” ლიდერებს, მხარადამჭერებს და აქტივისტებს ცოტნე დადიანები და ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებლები უწოდა. ნაცმოძრაობის” შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ეს შიმშილობა არის პარტიის ლიდერების პოლიტიკური თვითშეგნების და პიროვნული კეთილსინდისიერების საკითხი, პასუხისმგებლობის ის ტვირთი, რომელიც აწევთ ლიდერებს, განსაკუთრებით ნიკა მელიას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ იმოქმედებს შიმშილობის აქცია შერიგების პროცესზე.

“ნიკა გვარამიას თქმით, ემოციური რაციონალიზმი, რომელიც ამ აქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იყოს, ქართულ პოლიტიკაში წარმატების შეუმცდარი ფორმულაა. დანარჩენი ოპოზიცია “ნაცმოძრაობის” ამ გადაწყვეტილებას უხეშ შეცდომად აფასებს და აცხადებს, რომ მათი თანამებრძოლები რეალობას მოწყდნენ და არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ პარტიის ოფისთან შიმშილობის გამო “ქართული ოცნება” კომპრომისზე წავა. “ოცნებაში” კი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის დავალება, მისმა მხარდამჭერებმა იშიმშილონ, მორიგი პროვოკაციაა. პარტიის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ამ აქციის ადრესატი არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ეს პოლიტიკური ძალა აშანატაჟებს შეიწყალოს სააკაშვილი. მათი თქმით, “ნაცმოძრაობამ” შიმშილობის აქციით, ფაქტობრივად უარი თქვა იმ ფორმატზე, რასაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სთავაზობს პოლიტიკურ ძალებს და თავადვე დახურა შერიგების თემა. ანალიტიკოსების შეფასებით კი “ნაცმოძრაობის” ბოლო აქციები პიროვნული კულტის სფეროში გადადის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ მოცემულ მომენტში “ნაცმოძრაობის” მთავარი სამიზნე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყოს, რადგან, მხოლოდ მას აქვს უფლება შეიწყალოს სააკაშვილი. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, “ნაცმოძრაობის" მიზანია მასობრივი შიმშილობის აქციით აიძულოს სალომე ზურაბიშვილი შეიწყალოს სააკაშვილი, რომ ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, რადგან სამართლებრივი ბერკეტი, მოკლე დროში გათავისუფლდეს სააკაშვილი, მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის ხელშია”, - განაგრძობს გამოცემა.

“მასობრივი შიმშილობის აქცია ახალი არ არის და ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს 1988 წლის ნოემბრის აქცია როგორ დასრულდა, შედეგის გარეშე. ვნახოთ ეს აქცია როგორ წარიმართება და ექნება თუ არა მძლავრი გამოხმაურება, რეზონანსი, იგივე დასავლეთიდან. ჩემი პროგნოზით, არა მგონია, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვეს, და არც ის მგონია, რომ დიდხანს გაქაჩონ შიმშილობა. რა პერსპექტივა აქვს შერიგების პროცესს? ვფიქრობ, რომ პროცესი გაგარძელდება, როცა “ნაცმოძრაობა” დარწმუნდება, რომ პრეზიდენტი არ აპირებს შეიწყალოს სააკაშვილი. მას სხვა გზა არ რჩება, უნდა დაიწყოს შერიგების პროცესი. ისე ზურაბიშვილი ამ ზეწოლაში მარტო არ არის, ზეწოლა ხორციელდება ოცნებაზეც” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი სააკაშვილი შეიწყალონ, აქვს პრეზიდენტს და მას შეუძლია გამოიყენოს თავის საკუთარი უფლება, მაგრამ არ ვიცით რამდენად წავა ამ ნაბიჯზე ზურაბიშვილი, ალბათ მოვლენების განვითარებას დაელოდება. როგორ გადაწყდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შერიგების ამბავი, ალბათ პროცესი გაგარძელდება. დღეს სალომე ზურაბიშვილი გამოდის გამაერთიანებლის როლში და ალბათ ელოდება ქულები დაიწეროს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, მოახდინოს ერის კონსოლიდაცია, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი, რამდენად გულწრფელია შერიგება-შეთანხმების საკითხში თავად სალომე ზურაბიშვილი?” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

წაკითხვა 319 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.