"სააკაშვილი პუტინის პატიმარია" - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია. ამის შესახებ მარგველაშვილმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, სწორედ პუტინის პირადი ინტერესია, რომ სააკაშვილი იყოს „ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი“.
„ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში ჩემთვის ხაზგასმით არის პუტინის პატიმარი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ის არის საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, პოლიტიკოსი არა მარტო საქართველოს კონტექსტში, არამედ სხვა თვალსაზრისითაც. რამდენიც არ უნდა გვქონდეს ერთმანეთთან უთანხმოებები, წარსულში ან მომავალში, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი. ეს არის ჩემი პირადი შეფასება ამ ვითარების, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვისაუბრეთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მიზანი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა სულაც არ იყოს.
„მაგრამ ერთადერთი აქტორი მთელ ამ პროცესში, რომლისთვისაც ეს მხოლოდ წარმატებაა და დადებითის მომტანია, ამასთან, არავითარი ფასის გადახდაც არ უხდება ამაში, ეს არის რუსეთი და პუტინი. ვუშვებ იმ შესაძლებლობას, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაძლებელია არც აწყობს ასეთი დაძაბულობის კერა, მაგრამ ის, ვისაც ნამდვილად აწყობს და მოსწონს ეს, არის ჩვენი ქვეყნის ჩრდილო მეზობელი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მეოთხე პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სამი პრეზიდენტის შეხვედრის საჭიროებაზე და აღნიშნა, სამი პრეზიდენტის შეხვედრის ფორმატმა ქართველ ხალხს გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ საერთო დაპირისპირების, საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებულები ვიქნებით.
„ორივე ვთანხმდებით, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე არის საქართველო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების და მთავარსარდლების გაერთიანება და შიდა დაპირისპირების თვალსაზრისით ტემპერატურის დაწევა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ არის ინიცირებული, უაღრესად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით და გამოვხატეთ ორივემ მზაობა, რომ როდესაც ვსაუბრობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ახალი გამოწვევების მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი. სამი პრეზიდენტის ფორმატმა ყველა განსხვავებულობის მიუხედავად, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამივეს ერთმანეთის მიმართ, ქართველ ხალხს უნდა გაუგზავნოს გზავნილი, რომ საერთო დაპირისპირების, საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით და ვიქნებით გაერთიანებულები, მიუხედავად იმისა, რომ შევინარჩუნებთ განსხვავებულობებს და შესაძლოა, სხვადასხვა პოლიტიკურ პრეფერენციებსაც“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც მარგველაშვილმა განმარტა, მას სამი პრეზიდენტის შეხვედრა ბუნებრივ და იოლ ნაბიჯად მიაჩნია.
„აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია ასეთი შეხვედრა. არ მესმის ხოლმე ამ საკითხის მიმართ აღმატებული შეუძლებლობის ხარისხის მინიჭება. რაზე ვსაუბრობთ? - ქალბატონმა სალომემ აჩვენა ნამდვილად სრული გახსნილობა ოპოზიციასთან საურთიერთოდ. ამ წუთებშიც ხვდება ის ოპოზიციის ლიდერებს და ბუნებრივია, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრაც კიდევ უფრო ნაკლებად რთულია, ვიდრე იმ ადამიანებთან, ვისაც ამ წუთებში ხვდება. არა მარტო ლოგიკურ, ძალიან ბუნებრივ და იოლ ნაბიჯად მიმაჩნია ამ ყველაფრის გაკეთება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო