ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა, პატიმრობა არ მიუსაჯა - რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება

“მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.

მათ 7-7 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა... გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა პატიმრობა არ მიუსაჯა - რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს “თიბისი” ბანკის კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც, ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით. აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან”, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. გადაწყვეტილების გასაჩივრებას “ლელოს” ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძეც აპირებენ. ჯაფარიძე მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას “ლელოს” ოფისში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. “ეს ბრძოლა ღირს, რასაც ჩვენ გავდივართ, იმიტომ, რომ ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ახლა ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც სჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმიტომ, რომ ცხადია არანაირი ნიშან-წყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების ან რაიმე დანაშაულის”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ, რომლის თქმით, მოსამართლემ ფულის გათეთრების მუხლის შეცვალა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მოსამართლემ მოახდინა ფულის გათეთრების გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობიდან, თუმცა, ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, შესაბამისად, გაგვათავისუფლა ამ პასუხისმგებლობისგან. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, იმიტომ რომ არ ვეთანხმებით. არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს. ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და ჩვენ იმავეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც და ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში”, - თქვა ჯაფარიძემ. ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ვერ გაბედავდა ქართულ მრავალრიცხოვან პატიმართა რიგებს კიდევ ახალი პოლიტპატიმრები შეემატებინა”, - დასძენს გამოცემა.

“ვერ გაბედა, ამ ეტაპზე, კიდევ ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა იმ მრავალრიცხოვან პატიმართა რიგებს. მე, პირადად, მქონდა ეს მოლოდინი, რომ ამას ვერ გაბედავდა, ვინაიდან მისივე სტანდარტითაც კი, ეს იქნებოდა მეტისმეტი. მისასალმებელი არის ის, რომ ადამიანები 3 წლის განმავლობაში იბრძოდნენ, მიხარია, რომ ასეთი ადამიანები ბევრნი არიან”, - ამბობს ნიკა მელია. როგორც “ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” წევრი გიგი უგულავა ამბობს, სასამართლოს “ჭკუა ეყო და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპატიმროში არ გაუშვა”: “ეს 3 წელიწადი, ჩვენ რასაც ვუყურებდით, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი თაღლითობა. კარგია და იმის ნიშანია, რომ ოდნავ მაინც ჭკუა ეყოთ და ეს ადამიანები ციხეში არ გაუშვეს იმიტომ, რომ პოლიტიკური და საერთაშორისო თვალსაზრისით ეს იქნებოდა ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი”, - თქვა უგულავამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სპეკულაციებს, რომ პოლიტიკურ ოპონენტს გაუსწორდნენ, გამოეცალა ყოველგვარი საფუძველი, - ამის შესახებ კი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოზე საკამათო არ გამხდარა დანაშაულებრივი ფაქტები ჩადენილი იყო თუ არა და სასამართლოს პროკურატურისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. “მე რამდენადაც მოვისმინე, კვალიფიკაციის საკითხი დადგა, რომელიც განსხვავებულად შეაფასა სასამართლომ. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, იმ ფაქტის დადასტურებას, რომელიც ჩაითვალა, რომ არის დანაშაულებრივი, პრობლემა არ ჰქონია სხდომის მიმდინარეობისას და განხილვების პროცესში. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, რა ჰქვია ამას - თაღლითობა, ფულის გათეთრება თუ კიდევ სხვა რამ, ამაზე აღმოჩნდა განსხვავებული შეხედულებები და სასამართლომ თქვა, რომ ეს არის არა ამ კატეგორიის, არამედ სხვა კატეგორიის დანაშაული, ოღონდ დანაშაულია ორივე შემთხვევაშიო. ფაქტები სადაო არ გამხდარა და ყველა სპეკულაციას, რომელიც ამ დავის ირგვლივ იყო ამ პერიოდის განმავლობაში, ყველანაირი საფუძველი გამოეცალა,“ - განაცხადა სარჯველაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ “არანაირი მიზეზი პოლიტიკური დევნისა, პოლიტიკური მოტივაციისა და ა.შ. ობიექტურად, უბრალოდ, აღარ მოიპოვება”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 343 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.