“შეუძლებელია ვინმესთან სერიოზული დალაპარაკება, ყველა მიშა-ბიძინაზე გველაპარაკება” - ვახტანგ მეგრელიშვილი
“სასაცილოა ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა. 21-ე საუკუნეში პიროვნული კულტის ასეთი წარმოჩინება თუ შეიძლებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ხომ გახსოვთ, სააკაშვილზე რაღაცას რომ შემეკითხებოდით და მე ვბრაზობდი?
მაშინ კიდევ არ მქონდა წარმოდგენილი, თუ რა მასშტაბის პრობლემის წინაშე ყოფილა ეს ადამიანი. მისი ასეთი ქცევა არ არის ბუნებრივი, ამ არაბუნებრიობას მოჰყვება ეჭვი, რომ ჩვენ რაღაც არ ვიცით და სააკაშვილი და ივანიშვილი რეალურ პოლიტიკურ ბრძოლაში კი არ არიან ჩართული, არამედ რაღაც სპექტაკლში თამაშობენ და სურთ ჩვენც მიგვაღებინონ მონაწილეობა. მე ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება მექმნება”, - აცხადებს “გირჩის” ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეუძლებელია ვინმესთან სერიოზული დალაპარაკება, ყველა მიშა-ბიძინაზე გველაპარაკება” / “ნაცქოცური” თამაშის დიდი ხნით გაგრძელება შეუძლებელია”.
“არ ვაპირებ ამასთან შეგუებას. “ნაციონალური მოძრაობა” თამაშის წესებს ვერ აწესებს, უბრალოდ, არის კლიშე-შეფასებები, რაც ამ გუნდს წლების განმავლობაში მოჰყვება - ვითომ დიდი პარტიაა და ა.შ. სინამდვილეში “ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომელიც არ ვითარდება. ეს ბედნიერებაა მმართველი გუნდისთვის. ამიტომაც გვეჩვენება, რომ გამოსავალი არ არის. ვფიქრობ, ახალი წელი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაიწყო - მიხეილ სააკაშვილი ადრე ციხეში არ მჯდარა, “ნაციონალური მოძრაობა” ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა, შესაბამისად, მგონია, რომ ამ “ნაცქოცური” თამაშის დიდი ხნით გაგრძელება შეუძლებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგად სხვა თემები ვაქციოთ. წესით, ეს სხვა ოპოზიციური პარტიების ინტერესიც უნდა იყოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მეგრელიშვილი.
“რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს ეს ტოტალური შეზღუდვები და ვიფიქროთ სიღარიბის დაძლევაზე, მაგრამ ქვეყანაში ისეთი უცნაური ვითარებაა, შეუძლებელია ვინმესთან სერიოზული დალაპარაკება, ყველა მიშა-ბიძინაზე გველაპარაკება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დისკუსიის შინაარსი შევცვალოთ. ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა დავინახოთ იმაში, რომ 30 წელია სიღატაკეში ვცხოვრობთ. ისეთი ქვეყანა გვაქვს, წესით, ღარიბები არ უნდა ვიყოთ. რატომ ვართ ღარიბები? იმიტომ, რომ განვითარებას ვერ ვახერხებთ. რატომ ვერ ვვითარდებით, მიზეზები არავის აინტერესებს”, - დასძენს “გირჩის” ლიდერი და შეკითხვაზე - “ესე იგი, ამბობთ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საუბარი დავიწყოთ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე?” - პასუხობს:
“სწორედაც, მოვეშვათ მიშა-ბიძინას ძახილს, ტელეკამერების წინ პრანჭვას და დავიწყოთ საუბარი სერიოზულ საკითხებზე. თუ ამას ნამდვილად შევძლებთ, მაშინ პრობლემებს ექსცესებისა და დაპირისპირების გარეშე მოვაგვარებთ”.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო