"პუტინის სიძლიერე მხოლოდ იქამდე ვლინდება, ვიდრე მას მუქარის ეტაპზე შეუძლია რაიმე გამოივაჭროს"- ნინო კალანდაძე
ბოლო დღეებში, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში უკრაინისა და რუსეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მოექცა.
დღეს, უკვე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, 24 რუსულ კომპანიასა და 76 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესდა. პრეზიდენტის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა.
ასევე, უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები უკრაინაში ამერიკის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული უსაფრთხოების პაკეტის რამდენიმე ნაწილიდან პირველი უკვე კიევშია“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ტვირთი მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით.
„ეს დახმარება ადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას უკრაინის თავდაცვის გაძლიერების მიმართ რუსული აგრესიის მზარდ ფონზე“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მიმდინარე მოვლენებს FirstNews.ge- თან საუბარში ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, - ნინო კალანდაძე გამოეხმაურა.
"უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, სამწუხაროდ, საკმაოდ პროგნოზირებადი და მოსალოდნელი სცენარით ვითარდება. ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, როდესაც საქართველოსა და უკრაინას მაპზე უარი ეთქვათ და ინტეგრაციის პროცესი გადავადდა, ბევრმა, რუსეთმა ეს განაცხადი აღიქვა, როგორც ერთგვარი მწვანე შუქი საქართველოზე სამხედრო იერიშის მიტანისთვის, მითუმეტეს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ცნობილი იყო, რომ მოსკოვი ამ შემთხვევას მისთვის სასურველ პრეცედენტად განიხილავდა. შესაბამისად, ამ მოსაზრების მატარებლები ჯერ კიდევ 2008-ში პროგნოზირებდნენ, რომ თუ დასავლეთი სამხედრო აგრესიას დაუშვებდა საქართველოში (რითაც პუტინი დე ფაქტო ვეტოს დაადებდა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას განუსაზღვრელი ვადით, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის საკითხები არ მოგვარდება), შემდეგი სამიზნე აღმოჩნდებოდა უკრაინა. და ასეც აღმოჩნდა, როცა 2014-ში შეიჭრა უკვე უკრაინაში. ამით რუსეთმა პოზიციები გაიმყარა და ნიადაგი მოიმზადა შემდგომი აგრესიისთვის.
მოსკოვისთვის შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონზე გავლენის შენარჩუნება (და სადაც შეუსუსტდა - აღდგენა), ღიად გაცხადებულ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. ეს კი მისი გადმოსახედიდან გამორიცხავს დასავლეთის არსებობას რეგიონში. პირობითად ნატო საქართველოში თუ საქართველო ნატოში ნიშნავს დემოკრატიულად და ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოს, სადაც რუსეთის პოლიტიკური გავლენა პრაქტიკულად განულდება. განვითარებულ, სტაბილურ და დაცულ სახელმწიფოში ადგილი ვეღარ იქნებოდა რუსეთის არაფორმალური და კორუფციული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესებისთვის, რომელთა განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემო არის არადემოკრატიული ინსტიტუტები, არასტაბილური, კორუფციული და სოციალურ-ეკონომიკურად განუვითარებელი სივრცე. ამიტომ დასავლეთის გავლენების მინიმიზება რეგიონში კარგად გააზრებული, პრაგმატული პოლიტიკა და ემოციებისგან დაცლილი მიდგომაა. შესაძლოა პუტინს ერთგვარი ემოციურ-ნოსტალგიური დამოკიდებულება აქვს საბჭოთა კავშირის აღდგენის მიმართ. მაგრამ, ეს რომ ერთის მხრივ დღეს შეუძლებელია და მეორე მხრივ არც არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს კრემლის პრაგმატული ამოცანებისთვის, ცხადია. აქ მთავარია რეგიონის სახელმწიფოებზე გავლენის შენარჩუნება იმგვარად, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებები ამ ქვეყნებში არ და ვერ მიიღებოდეს დამოუკიდებლად. ამისთვის კრემლი სხვადასხვა გზას მიმართავს.
ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა სუვერენულ ხელისუფლებებზე ბერკეტის მოსაპოვებლად არის შიდა დესტაბილიზაცია, გაყინული და გადაუჭრელი კონფლიქტები, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის სამხედრო ნაწილები. იდეალური მოცემულობაა მისთვის დღეს საქართველოში, სადაც რუსეთს ჰყავს მისი პოლიტიკის გამგრძელებელი, ტოტალურად მართვადი ხელისუფლება. მაგრამ ისეთ სახელმწიფოებში, სადაც მას მისი გავლენის ხელისუფალი არ ჰყავს, იგი ცდილობს გავლენის მოპოვებას სამხედრო აგრესიის გზით,"- აცხადებს ჩვენთან საუბარში ნინო კალანდაძე.
მისივე თქმით, რამდენად უსიამოვნო მოსასმენიც არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, უკრაინა ევროპასთან სიახლოვის, სიდიდისა და რესურსების გათვალისწინებით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანაა დასავლეთისთვის, ვიდრე საქართველო.
"მოსკოვმა დაინახა, რომ უკრაინის პოზიცია ქვეყნის დასავლურ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებით ურყევია, ხოლო დასავლეთის დამოკიდებულებაც ერთგვაროვანი და მყარი. მან დაინახა საფრთხე და შესაბამისად მოქმედების საჭიროება. რასაკვირველია მოთხოვნები, რომელიც პუტინმა წამოაყენა, აბსურდულია. ნატოს წევრი ქვეყნები კონსენსუსის გზით მიღებულ გადაწყვეტილებას არ გადახედავენ, მით უმეტეს არ გასცემენ რაიმე ფორმის წერილობით გარანტიებს ამის თაობაზე. კიდევ უფრო არარეალისტურია, რომ დასავლეთმა 1997 წლის სტატუს კვოს აღდგენა განიხილოს სერიოზულად. მაგრამ, პუტინი, გრძნობს რა თავს გამოუვალ მდგომარეობაში, მიმართავს მოქმედების უკიდურეს ზომებს და იმას, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის ისტორიულად: მუქარის და ვაჭრობის პოლიტიკას.
რეალურად, პუტინი ახლა ვაჭრობს დასავლეთთან და ცდილობს მაქსიმუმი გამოივაჭროს: დროში გაწელოს ნატოს გაფართოების პერსპექტივა, გადაავადოს მოლაპარაკებები, ამასობაში კიდევ უფრო ღრმად გაიდგას ფესვები საქართველოში, გააძლიეროს პრორუსული ძალები უკრაინაში, გააძლიეროს ზეწოლის, მოსყიდვისა და გადაწყვეტილების მიმღებთა დეზორიენტაციის პოლიტიკა დასავლეთის დედაქალაქებში," - განმარტავს ნინო კალანდაძე.
როგორც ის აცხადებს, უკრაინელი ხალხის განწყობაც, რომ ისინი არაფრის დათმობას არ აპირებენ საკმაოდ ცალსახად იკითხება ყველა დონეზე.
"არის თუ არა რუსეთი მზად განახორციელოს ფართომასშტაბიანი აგრესია? მე ვიტყოდი, რომ არა. პუტინის სიძლიერე მხოლოდ იქამდე ვლინდება, ვიდრე მას მუქარის ეტაპზე შეუძლია რაიმე გამოივაჭროს. სამხედრო აგრესიას უკრაინაში დასავლეთის რეაქცია მოჰყვება. მხოლოდ შესაძლო ბლოკადისა და სანქციების პირობებშიც რუსეთი დისპროპორციულად სუსტი პოზიციებით აღმოჩნდება. ამასთან ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინის სამხედრო მდგომარეობა დღეს თვისებრივად განსხვავდებოდა 2014 წლის მდგომარეობიდან. მას მთელი ეს წლები დასავლეთმა არსებითი სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, აღჭურვა და გადაამზადა. უკრაინელი ხალხის განწყობაც, რომ ისინი არაფრის დათმობას არ აპირებენ საკმაოდ ცალსახად იკითხება ყველა დონეზე.
შესაბამისად, რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ ეტაპზე დიპლომატიას ალტერნატივა არ გააჩნია. ხოლო დიპლომატიის პროცესში განმსაზღვრელი იქნება ვაშინგტონის მყარი, მკაცრი, თანმიმდევრული და არაორაზროვანი პოზიცია, როგორც ქმედებების, ისე რიტორიკის და ტონალობის დონეზე,"- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ნინო კალანდაძე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო