"პრეზიდენტისგან ანალიტიკური განცხადებების მოსმენა კი არ გვჭირდება, ქვეყანას სჭირდება ნაბიჯების სწრაფად გადადგმა"

პრეზიდენტისგან ანალიტიკური განცხადებების მოსმენა კი არ გვჭირდება - საქართველოს სჭირდება ნაბიჯების ძალიან სწრაფად გადადგმა და პრეზიდენტს თუ შეუძლია და ამბიცია აქვს, ამ ნაბიჯებზე უნდა მიუთითოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

ამასთან, ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილზე, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება პოლარიზებას გაზრდის, წერეთელი ამბობს, რომ ხელისუფლების, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კომპრომისებმა, შესაძლებელია „გაცილებით უფრო ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის პერსპექტივა მოიტანოს“.

 

„ერთი მხრივ, იმაში, რომ ღია და ტრანსფარენტული საუბარია ჟურნალისტებთან, ცუდს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ ეს ხდება რამდენიმე წლის შემდეგ, მისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად. რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანაში კარგად არაა საქმე, ეს ეხება ინსტიტუციებს, პოლარიზაციას თუ სხვას, ეს ვიცით. პრეზიდენტისგან ანალიტიკური განცხადებების მოსმენა კი არ გვჭირდება - ეს ანალიტიკა არსებობს, არსებობს ფაქტები და რეალობა, რომელსაც ისიც ხედავს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ ცუდია ის, რომ კონკრეტიკა არ არსებობს, განვითარება არ არსებობს. ცოტა ხნის წინ შევხვდით პრეზიდენტს, ვუთხარით ჩვენი სათქმელი, მაგრამ ამის შემდეგ დინამიკა არ არის, უბრალოდ გამეორებაა იმისა, რა ცუდადაა ქვეყანაში საქმე, ოღონდ სადაა პრეზიდენტის როლი და გეგმა, კონკრეტული ნაბიჯები და არა მხოლოდ ისტორიულ ანალიზი?! დღეს საქართველოს სჭირდება ძალიან სწრაფად ნაბიჯების გადადგმა და პრეზიდენტს თუ შეუძლია და ამბიცია აქვს, ამ ნაბიჯებზე უნდა მიუთითოს და თავადაც უნდა იყოს ხელისშემწყობი კონკრეტული ნაბიჯების, რაც ქვეყანაში სიტუაციას გააუმჯობესებს. თორემ ასე სალონური საუბარი ჟურნალისტებთან თუ პოლიტიკოსებთან, ისტორიას დარჩება, როგორც სასიამოვნო ან ნეიტრალური ფაქტი“,- განაცხადა წერეთელმა.

 

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილთან 1.5 წელი არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, წერეთლისთვის ეს სარწმუნოა.

 

„ამ ნაწილში შემიძლია დავუჯერო სალომე ზურაბიშვილს, რომ მას კონტაქტი არ აქვს ივანიშვილთან. ალბათ, ბიძინა ივანიშვილის სურვილი არ არის სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობა. მას საჭიროდ არ თვლის ამ მომენტში, საჭიროდ თვლის ადამიანებს, ვინც აქტიურად გალანძღავს ოპოზიციას და გამოაჩენს, რომ ხელისუფლება ბრუტალურია და ყველა მოქმედება შეუძლია; ვინც წაახალისებს პოლიციას ან რეზოლუციიდან ამოიღებს სიტყვას - „რუსეთი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

წაკითხვა 368 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.