"ქართული ოცნება“ გაიქცა კომიტეტის სხდომიდან" - ხათუნა სამნიძე

„ქართული ოცნება“ გაიქცა კომიტეტის სხდომიდან. ეს არის მშიშარა ძალა, რომელიც ასრულებს დავალებას და არანაირი არგუმენტი არ აქვს, თუ რატომ იღებს ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ და „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუცია, სადაც რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის, საქართველოს ინტერესებს არ იცავს. ხათუნა სამნიძის განმარტებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციამ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის ჩაწერა მოითხოვა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და რეზოლუციის მიღების საკითხი კენჭისყრაზე „სასწრაფო წესით“ გაიტანა.

 

„ოპოზიციის მხრიდან მთავარი წინადადება იყო, რომ ტექსტში ჩაწერილიყო ფრაზა „რუსეთის ფედერაცია“, როგორც აგრესიის ავტორი. თითოეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა სხვა კომენტარი და შენიშვნა გადავდოთ გვერდზე და მხოლოდ ამ ჩანაწერის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ მხარი დავუჭიროთ რეზოლუციას. „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთდა ყველა ტიპის განცხადება, გარდა კონკრეტული პასუხისა, თუ რატომ არ იწერება რუსეთის ფედერაცია. იყო შენიშვნები, რომ ეს არის უშინაარსო, პროვოკაციული მოთხოვნა.

 

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ტექსტი ისეთი უნდა იყოს, რომ მტერიც და მოყვარეც კმაყოფილი დარჩეს. არაფერზე არ იყო საქმიანი, შინაარსობრივი პასუხი. ყველაზე საშინელი ისაა, რომ ალტერნატიული წინადადებების კენჭისყრაზე დაყენება მოითხოვა ოპოზიციამ და რეგლამენტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ჩაწერის საკითხი უნდა დამდგარიყო კენჭისყრაზე, ამას ითხოვდა პროცედურა. „ქართულმა ოცნებამ“, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ​ ​კანონი დაარღვია, ყველანაირი ალტერნატივის კენჭისყრაზე დაყენების გარეშე, სასწრაფო წესით კენჭისყრა გამოაცხადა ისე, რომ ჩვენ ვერც კი მოვასწარით, არც კი უკითხავს, ვინ არის წინააღმდეგი, ან ვინ შეიკავა თავი. სასწრაფოდ ხელი აიწია „ქართულმა ოცნებამ“ და გაიქცა კომიტეტის სხდომიდან.

 

„ქართული ოცნება“ გაიქცა კომიტეტის სხდომიდან. ეს არის მშიშარა ძალა, რომელიც ასრულებს დავალებას და არანაირი არგუმენტი არ აქვს, თუ რატომ იღებს ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. რეზოლუცია, სადაც ნახსენები არ არის რუსეთის ფედერაცია, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ იცავს. ეს ქმედებები „ქართული ოცნების“ მხრიდან მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს იცავს, რომელსაც დიახ, ჩვენს დოკუმენტებში რუსეთი ხსენების შიში აქვს,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

წაკითხვა 294 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 01 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.