“ოპოზიცია მხოლოდ ხელისუფლების ნაკლოვანებაზე რომ ლაპარაკობს, თავად რას აკეთებს?"

“ენდიაის”კვლევაში ნათლად ვხედავთ, რომ მოსახლეობა განწყობილია ნიჰილისტურად, არა აქვს მომავლის იმედი, დისტანცირებულია პოლიტიკოსებისგან, არ სჯერა, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას შეუძლია მათი პრობლემების გადაწყვეტა.

ხალხს არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ვერც ალტერნატიულ ძალას ხედავს. მთელი პოლიტელიტა დელეგიტიმირებულია. ხელისუფლებისთვის 24% ეს არის ქვედა ზღვარი - 24% არ არის ხელისუფლების ნატურალური მხარდამჭერი. ესენი არიან ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლები, ოპოზიციაზე გაბრაზებულები, ასევე ადამიანები, რომლებსაც მმართველი გუნდი კვებავს. გამიკვირდება, თუ “ოცნების” ერთ ნატურალურ მხარდამჭერს მაინც ნახავთ”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია მხოლოდ ხელისუფლების ნაკლოვანებაზე რომ ლაპარაკობს, თავად რას აკეთებს? აეღოთ ბილეთები და ჩასულიყვნენ კიევში”.

 

“სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა აღარ არის აქტუალური. მარტო იმიტომ კი არა, რომ მმართველმა გუნდმა ეს ვერ მოახერხა, იმიტომაც, რომ ეს ფარსად იქცა. “ოცნებამ” ხომ ყველა ის მანკიერება გადმოიბარა, რაც “ნაციონალებს” ახასიათებდათ. ხელისუფლება “ნაციონალების” ნაკლოვანებებს პროპაგანდისთვის იყენებს, იმას კი არ ამბობს, მე სხვაზე უკეთესი ვარო, სხვა ჩემზე უარესიაო. “ოცნებას” არა აქვს მკვეთრად გამოხატული ფასეულობათა სისტემა, მე არ მივიჩნევ, რომ ჩვენი ხელისუფლება პრორუსულია - მათთვის ერთადერთი ფასეულობა ძალაუფლებაა, ვინც ამ ძალაუფლების გამყარებაში დაეხმარება, იქით იქნებიან. დასჭირდებათ, რომ იყვირონ, გაუმარჯოს ნატოს? იყვირებენ, გაუმარჯოს ნატოსო! დასჭირდებათ, რომ იყვირონ, გაუმარჯოს წითელ არმიას? იყვირებენ, გაუმარჯოს წითელ არმიასო!” - აღნიშნავს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“მათი პოლიტიკა ასეთია - იქ დიდი ბიძიები რაღაცაზე ჩხუბობენ, მოდი, ჩვენც მივყვეთ დინებას, რომელ ნაპირზეც გაგვრიყავს, იქ ვიქნებით. მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად. რაც შეეხება რეზოლუციას, ჩემი შეხედულებით, ტრაგიკომიკური დოკუმენტია. რატომ? იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ხარკს უხდიან უკრაინასთან მეგობრობას, ლაპარაკობენ რაღაც აგრესიაზე და ამბობენ, რომ უკრაინის გვერდით არიან, მაგრამ ეს აგრესია ვირტუალური ხომ არ არის? ლოგიკური აზრიც კი ვერ დავინახე იმისა, თუ რატომ არ არის რუსეთი ნახსენები რეზოლუციაში, მხოლოდ ირაციონალურ შიშებს ვხედავ. ამაში კატასტროფული კი არაფერია, უბრალოდ, ნათლად ჩანს ჩვენი ხელისუფლების სიმხდალე და რუსეთის ხელისუფალთა ირაციონული შიშები. ამით რაიმე საოცრება მოხდა? არაფერი, მაგრამ...” - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“მოვლენების დღევანდელ განვითარებას თუ დავაკვირდებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისტორია ახალ რკინის კედელს აღმართავს რუსეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, კედლის რომელ მხარეს აღმოვჩნდებით. თუ ჩვენი ხელისუფლება ძველებურად გააგრძელებს, დასავლეთს დიდი პოლიტიკური ვაჭრობისას სულაც არ გაუჭირდება ჩვენი გაწირვა. როდესაც ევროატლანტიკური კურსი გაქვს გაცხადებული, გლობალური დაპირისპირების დროს შენი პოზიცია მკვეთრი და ცხადი უნდა იყოს. მე იმას კი არ ვამბობ, სასწრაფოდ შევიარაღდეთ და რუსული და უკრაინული არმიების შუაში ჩავხტეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდეთ იმ ფარვატერში, სადაც სხვა ქვეყნები მიდიან, უსაფრთხოების მიზნით. ოპოზიცია ამ მიმართულებით აქცენტებს სწორად სვამს, მაგრამ ამლაშებს. შეშინებულ ხელისუფლებას რომ პრორუსულობას აბრალებ, ესეც გადამლაშებაა. მხოლოდ ხელისუფლების ნაკლოვანებაზე რომ ლაპარაკობენ, თავად რას აკეთებენ? აეღოთ ბილეთები და ჩასულიყვნენ კიევში მხარდაჭერის გამოსახატავად. ვფიქრობ, ოპოზიცია თუ დროზე არ გადაეწყო, შეიძლება საერთოდ გაქრეს პოლიტიკური ველიდან”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“ამერიკელებმა უკვე გასცეს შესაბამისი პასუხი რუსებს, ახლა ჯერი რუსეთზეა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს შეზღუდული რესურსები აქვს და დასავლეთის წინააღმდეგ ღია ფრონტის პრინციპით ვერ იბრძოლებს, სავარაუდოდ, ასიმეტრიული პასუხებით შემოიფარგლება. ერთ-ერთი ვარიანტია ამერიკასთან მიახლოება - ვენესუელაში, კუბაში, ნიკარაგუაში ბაზების შექმნა. მეორე ვერსიაა, ამოქმედება პრობლემატურ, ცხელ წერტილებში, იქ, სადაც საამისო ბერკეტები აქვთ, მაგალითად, სირიაში. კიდევ ერთი ვერსია მაქვს, რომელიც სტრატეგიულ საკითხს ეხება - ეს გახლავთ ჩინეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება. შეიძლება ჩვენ ასეთი ასიმეტრიული ქმედებები ვიხილოთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ყველაზე ტრაგიკული სცენარის მომსწრენიც გავხდეთ და რუსული არმია უკრაინაში მართლაც შეიჭრას. პროცესები როგორც უნდა განვითარდეს, ნებისმიერი სცენარის ფინალში რუსეთსა და დასავლეთს შორის აუცილებლად დაეშვება რკინის ფარდა. იმისთვის, რომ ქართველები ჩვენთვის არასასურველ მხარეს არ აღმოვჩნდეთ, მეტი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ, საერთოდ, ხალხმა”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

წაკითხვა 322 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.