„საქართველო, რომლის ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული, დასავლეთთან ერთად კრემლის აგრესიის წინააღმდეგ გამოდის“

ამერიკულმა ტელეარხმა „ფოქს ნიუს“-მა (Fox News Channel) ინტერვიუ ჩამოართვა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ციკოლიას, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით „საქართველო, რომლის ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული, დასავლეთთან ერთად კრემლის აგრესიის წინააღმდეგ გამოდის“ (ავტორები - ლიზა ბენათანი და მეთ უოლი).

აშშ-ში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ციკოლიამ, რომლის სამშობლო ნაწილობრივ არის ოკუპირებული რუსეთის ჯარების მიერ, მკაცრად გააკრიტიკა ვლადიმერ პუტინის მიერ გატარებული მუქარის პოლიტიკა და ყველას მოუწოდა რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდეს.

 

„ის გაკვეთილი, რომელიც მსოფლიომ საქართველოს ტრაგიკული გამოცდილების საფუძველზე გამოიტანა, ისაა, რომ როცა თქვენ სახლში ხულიგანი შემოიჭრება, მისი გაძევების ერთადერთ გზას ადეკვატური საპასუხო ქმედება წარმოადგენს“, - თქვა გიორგი ციკოლიამ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით. 

 

„ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომლის შესახებაც ჩვენ ადრეც ხშირად ვაცხადებდით და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების გამოცხადებას მხარს ვუჭერდით“, - აღნიშნა ქართველმა დიპლომატმა „ფოქს ნიუს“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.

 

რუსეთის ჯარები უკრაინაში თითქმის ორი კვირის წინ შეიჭრნენ. კრემლი თავის არმიას რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდა უკრაინის საზღვრებთან.

 

2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას და მისი რეგიონები - აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დაიპყრო. „ჩვენ ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, როცა საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით რუსეთის არმიის 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე არის დისლოცირებული, უკვე ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში“, - ამბობს გიორგი ციკოლია ინტერვიუში, - „ჩვენ კრემლის მუქარები ყურმოკვრით კი არ გაგვიგია, არამედ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და ვიცით, რას წარმოადგენს რუსეთის ჯარების აგრესიული მოქმედება“.

 

გიორგი ციკოლია, რომელიც „ფოქს ნიუსს“ ვაშინგტონის ცენტრში მდებარე საქართველოს საელჩოდან ესაუბრებოდა, ამჟამად აშშ-ში მყოფ ყველაზე მაღალჩინოსანი ქართველი დიპლომატია მას შემდეგ, რაც ყოფილ ელჩს დავით ბაქრაძეს თავისი უფლებამოსილება დაუმთავრდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

 

„ჩვენ გვსურს, რომ დასავლეთის ნაწილი გავხდეთ და ამის გამო რუსეთის სამხედრო აგრესიას ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ვებრძვით“, - ამბობს დიპლომატი, - ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დემოკრატიით, საბაზრო ეკონომიკითა და კანონის უზენაესობით  საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ“.

 

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვა გამოაცხადა.

 

როგორც გიორგი ციკოლიამ აღნიშნა „ფოქს ნიუს“-თან ინტერვიუში, საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისადმი მხარდაჭერა დასავლეთის პრიორიტეტად უნდა დარჩეს, განსაკუთრებით იმ ენერგორესურსების ტრანზიტის გამო, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას [აზერბაიჯანიდან] მიეწოდება.

 

„იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად დასავლეთი ცდილობს შემცვლელი მოუძებნოს რუსულ ენერგორესურსებს, ამ მხრივ კასპიის ზღვის გაზი და ნავთობი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატივას წარმოადგენს ევროპის უზრუნველყოფის მიზნით. ყველა მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზე გადის“, - აღნიშნავს გიორგი ციკოლია, - „ამასთან, რადგან რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები ამ მილსადენებიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არიან განთავსებულნი, ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს,. ყველა დარწმუნებული და დაინტერესებული უნდა იყოს, რომ საქართველოში სტაბილურობა შენარჩუნდეს“.

 

ინტერვიუში გიორგი ციკოლიამ რუს ხალხსაც თანაგრძნობა გამოუცხადა: „რუსი ხალხი თავისი მთავრობის პოლიტიკით დიდად ზარალდება და ეს ხდება მრავალი წლის განმავლობაში... ასეთი სიტუაცია ტრაგიკულია ისტორიული თვალსაზრისითაც: რაც ახლა რუსეთში ხდება, სრულიად განსხვავდება იმ იდეალებისაგან, რაც რუსებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ  ჰქონდათ“. 

 

„დღეს იმდროინდელი [დემოკრატიული] იდეალები დამსხვრეულია“, - ამბობს ქართველი დიპლომატი, - „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ [რუსეთში] ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ რწმენა თავისუფლებისადმი, დემოკრატიისადმი... გვჯერა, რომ ერთხელაც მოვა დრო და დავინახავთ რუსეთიდან წამოსულ სინათლეს. იმედი მაქვს, ეს დღე მალე დადგება“.

 

წყარო

წაკითხვა 435 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.