"რუსეთის განცხადებებს პირველი ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობა“ აიტაცებს ხოლმე, ჩვენთვის რუსეთის რევერანსი არაფერს ნიშნავს"
რუსეთის მხრიდან განცხადებებს პირველი ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობა“ აიტაცებს ხოლმე, ჩვენთვის ასეთი რევერანსი არაფერს ნიშნავს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო, განსაზღვრული პოლიტიკა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს მოსკოვში, გონჩაკოვის ფონდში გამართულ შეხვედრაზე გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო სანქციებზე საქართველოს პოზიცია შეუმჩნეველი არ დარჩება.
„როდესაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთდება განცხადებები, ამას პირველი ყოველთვის საქართველოში ეხმიანება და აიტაცებს ხოლმე „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალური ოპოზიციური ბანაკი. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ საქართველოს შიდა პოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები. მოველი, რომ ამ განცხადების შემდეგ დღეს და ხვალ უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მართული მედია იქნება გატაცებული ამ საკითხით და ძალიან ბევრ განცხადებას გააკეთებენ. სინამდვილეში, რასაკვირველია არცერთი ასეთი შექება, არცერთი ასეთი რევერანსი რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო, განსაზღვრული პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიების 20% გახლავთ ოკუპირებული და საქართველო განაგრძობს დასავლეთთან ერთად თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას, მშვიდობიანი გზებით საერთაშორისო სამართლებრივი გზებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, თალაკვაძეს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გონჩაკოვის ფონდში გამართულ შეხვედრას დიმიტრი ლორთქიფანიძე ესწრებოდა.
თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამ შეხვედრასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
„ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არავითარი კავშირი ამ შეხვედრასთან, რაც საექსპერტო დონეზე გაიმართა, როგორც მედიიდან შევიტყვეთ. ჩვენი პოზიცია თუ გაინტერესებთ, ამ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ვთვლით, რომ მონაწილეობა ამ ფორმატში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, საექსპერტო წრეების მხრიდან, არ იყო მიზანშეწონილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო